მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევები — განახლებადი სია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევები — განახლებადი სია

25 ივლისი, 2022

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის შესაძლო კორუფციულ დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი და რომლებზეც შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. ჩვენი მიზანია შევქმნათ პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო რესურსი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ამ დარღვევებს და დავინახოთ მაღალი დონის კორუფციის რეალური მასშტაბი.

ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. „ელიტური“ კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ამ პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე მიუთითებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები,[1] საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები,[2] მთელი რიგი გლობალური რეიტინგების შედეგები[3] და საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები.[4]

პრობლემის არსი გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ კორუფციის ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები. მაგალითისთვის, სუს-ის 2018 წლის (ბოლო) ანგარიშიდან ჩანს, რომ უწყება ძირითადად დაბალი დონის შემთხვევებზე რეაგირებს – ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სუს-მა დააკავა, მერი და ყოფილი გუბერნატორი იყვნენ. რეაგირების გარეშე რჩება ისეთი შემთხვევებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდულად პირდაპირ აწვდის საგამოძიებო ორგანოებს. 

ამ პრობლემის დაძლევის რეალური გზა ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი რესურსებითა და უფლებამოსილებით, რათა გამოიძიოს ხელისუფლების მაღალ დონეზე მომხდარი კორუფციის შემთხვევები. 2020 წლის აგვისტოში პარლამენტში დარეგისტრირდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აქტიური ჩართულობით მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას და საქართველოში დაიწყება რეალური ბრძოლა ე.წ. ელიტურ კორუფციასთან.

მანამდე კი, ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოს სახით გთავაზობთ მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების განახლებად კატალოგს, რომელშიც შევა ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,[5] გამოძიების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. რადგან საგამოძიებო უწყებები მედიაში გავრცელებულ შემთხვევებზე იშვიათად რეაგირებენ, ვთვლით, რომ ეს განახლებადი ბლოგი კარგი საშუალება იქნება მათთვისაც, მიიღონ ერთ ადგილას თავმოყრილი ინფორმაცია ქვეყანაში შესაძლო კორუფციული შემთხვევების შესახებ.

შერჩევის კრიტერიუმები

ჩამონათვალში ხვდება სავარაუდო კორუფციის ისეთი შემთხვევები:

  1. რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების გარეშე, აღძრავს დასაბუთებად ეჭვს კორუფციული დარღვევის არსებობის შესახებ.
  2. სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები.
  3. რომლებზეც არ დამდგარა სათანადო შედეგი: არ დაწყებულა / არ დასრულებულა გამოძიება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეეცადა გაერკვია, დაიწყო თუ არა, ან რა ეტაპზეა გამოძიება ქვემოთ ჩამოთვლილ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩვენი წერილი უპასუხოდ დატოვა, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ მოგვწერა, რომ კანონი მათ ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროებას არ ავალდებულებს.

მიგვაჩნია, რომ მაღალი დონის კორუფციის პრობლემის სიმწვავიდან და საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიჩინონ კეთილი ნება და შეძლებისდაგვარად გაასაჯაროონ ინფორმაცია გახმაურებული კორუფციული გამოძიებების შესახებ. ასეთი მიდგომა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კორუფციის პრევენციას.

თუ ფიქრობთ, რომ ამ ჩამონათვალში რომელიმე საქმე უნდა დაემატოს, დაგვიკავშირდით ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევები

ბოლო განახლება:
25 ივლისი, 2022

(ბოლოს დამატებული შემთხვევები მონიშნულია ლურჯად) 

სიაში ამჟამად შესულია

85 საქმე

ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების მონაწილეობა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში

 

ჟურნალისტური გამოძიება, სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ ფარული მიყურადების დოკუმენტებზე დაყრდნობით აღწერს, თუ როგორ ახერხებდნენ კონკრეტული მაღალი რანგის სასულიერო პირები მაღალჩინოსნების დახმარებით და ანაზღაურების სანაცვლოდ, მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების საპროცესო შეთანხმებით ან ვადამდე ადრე გათავისუფლებას. გამოძიებაში აღწერილია რვა საქმე და ნახსენებია შემდეგი თანამდებობის პირების სახელები: იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

გამოქვეყნების თარიღი: 28 დეკემბერი, 2021

წყარო: სტუდია მონიტორი / რადიო თავისუფლება – ნაწილი I: https://bit.ly/3RPs6NA / ნაწილი II: https://bit.ly/3RLToV0

  • სავარაუდო კორუფციის შემთხვევა სასამართლოში

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის ჩავარდნა და მისი შედეგები. მაგალითის სახით ნაჩვენებია ინტერვიუ შვეიცარიელ ინვესტორ შპს „ბაზელის“ ხელმძღვანელ რონალდ ვოლდმენთან, რომელიც აცხადებს, რომ: „კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა მოგვთხოვეს, გადაგვეხადა მილიონობით ლარი, რათა ჩვენი საქმის წარმოება გაგრძელებულიყო და საბოლოოდ მოგვარებულიყო. ამის გამო დაგვჭირდა საქმეში ჩაგვერთო შვეიცარიის და სხვა ქვეყნის საელჩოები, რათა საქმის გასაგრძელებლად არ დაგვჭირვებოდა ქრთამის გადახდა.

გამოქვეყნების თარიღი: 4 დეკემბერი, 2021

წყარო: სტუდია მონიტორი / რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3b3RPRL / https://bit.ly/3czYAv9

  • სავარაუდო გავლენებით ვაჭრობა სასულიერო პირების სასარგებლოდ

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია 4 შემთხვევაზე, როდესაც გავლენიანი სასულიერო პირები, სავარაუდოდ, იყენებდნენ კავშირებს მაღალი თანამდებობის პირებთან სხვადასხვა კორუფციული სარგებლის მისაღებად: 1. მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ ანტონ ბულუხიას დახმარება; 2. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის მიერ დეკანოზ გიორგი ტატუნაშვილისთვის სამშენებლო ნებართვის მიღებაში დახმარება; 3. დეპუტატების სოზარ სუბარისა და ირაკლი ქადაგიშვილის მიერ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დახმარება შვილის სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში; 4. შსს-ს ყოფილი მოადგილის კახა საბანაძისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილის მიერ მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის დახმარება.

გამოქვეყნების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2021

წყარო: სტუდია მონიტორი / რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3PIhnTT / https://bit.ly/3zqvLdJ

  • სასამართლო გადაწყვეტილებებზე არასათანადო გავლენის მოხდენის სავარაუდო მცდელობა

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, არსებობს, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, „ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი კოვზანაძე და პაატა კვიჟინაძე, მათი კოლეგის, ამჟამად უკვე ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის დახმარებით ახდენენ გავლენას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესში, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს დეპუტატ მამუკა მდინარაძესაც.

გამოქვეყნების თარიღი: 25 სექტემბერი 2021

წყარო: „ტვ პირველი“ – https://bit.ly/3PGcpXd / „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3OoN6rD

  • თევზის გადამამუშავებელი საწარმოები ფოთში - პოლიტიკური კავშირები და ეკოლოგიური პრობლემები

ფოთში გარემოსდაცვითი პრობლემები დაკავშირებულია თევზის გადამამუშავებელ კომპანიებთან რომელთა მეპატრონეები ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, მათ 783, 100 ლარის პოლიტიკური შემოწირულება გაიღეს და ფინანსდებიან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამიდან.

გამოქვეყნების თარიღი: 23 ივლისი, 2021

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/2VZWqfP

  • პრივილეგიები ბიძინა ივანიშვილის ნათესავებისთვის

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე. კერძოდ, მისი ძმის კომპანიების პროექტებისთვის (ღორების ფერმა რაჭაში, აგურის ქარხანა კასპში და ხამონის წარმოება რაჭაში), ნათესაური კავშირების შესაძლო გამოყენების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საპარტნიორო ფონდიდან, აწარმოე საქართველოდან გადაცემულ თანხებისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო პირგასამტეხლოს პატიებაზე.

გამოქვეყნების თარიღი: 26 ივნისი, 2021

წყარო: სტუდია მონიტორი / რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3cyiS8q / https://bit.ly/3OlTL5O

  • ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის საეჭვო სქემები

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილმა ემზარ ივანიშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა გრიგოლ ხურციძემ გამოიყენეს მათი კავშირები და გავლენა, რათა სამი სხვადასხვა სამშენებლო პროექტისთვის მიეღოთ საეჭვო ნებართვები.

გამოქვეყნების თარიღი: 15 მაისი, 2021 

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/2RRH6R4 / https://bit.ly/2R8Wx71

  • უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კორუფციის ბრალდებები ლისის ტბასთან მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მაღალი თანამდებობის პირები (მაგ: კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა) და პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველი (შპს „ლისი ჰილსის“ მეწილე მიხეილ ჯაფარიძე) უპრობლემოდ იღებენ მშენებლობის ნებართვებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან.

გამოქვეყნების თარიღი: 17 აპრილი, 2021 

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3g0hKIr / https://bit.ly/3vD9ZPs

  • „ქართული ოცნების“ დეპუტატის სავარაუდო ჩარევა მიმდინარე გამოძიებაში

ჟურნალისტური გამოძიება გამოთქვამს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ისკო დასენი იყენებს მის გავლენას, რათა შეაფერხოს პროკურატურაში შპს „ვიპ ტრეიდის“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება. შპს „ვიპ ტრეიდი“, რომელსაც მოქალაქეები ვალუტის კურსით ვაჭრობის თაღლითური სქემის განხორციელებაში ადანაშაულებენ, წარსულში ისკო დასენის ორ ვაჟს ეკუთვნოდა.

გამოქვეყნების თარიღი: 3 აპრილი, 2021 

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3i7s9oy / https://bit.ly/2SFPvqE

  • სავარაუდო კორუფცია რთველის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყურძნის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში ცვლილებები იქნა შეტანილი, იმისთვის, რომ მომხდარიყო პროგრამის მორგება მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიებისა და ბიძინა ივანიშვილთან (მისი ძმის, ალექსანდრე ივანიშვილისა და დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, მეშვეობით) დაკავშირებული კომპანიების ინტერესებთან.  

გამოქვეყნების თარიღი: 23 იანვარი, 2021

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3sFiwQc / https://bit.ly/3eALkoO

  • მეორე ინსტანციის სასამართლოზე სავარაუდო არაჯეროვანი ზეგავლენის შემთხვევა

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია შესაძლო არაჯეროვანი ზეგავლენის შემთხვევა მეორე ინსტანციის სასამართლოზე, რომელმაც შეცვალა მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილებული იყო გერმანელი ინვესტორის, რიჩარდ სალერის, სააპელაციო საჩივარი სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ. საქმე ეხება 7 მლნ დოლარის გაფლანგვას სალერის ადგილობრივი პარტნიორის, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“, მიერ, რომელსაც ყოფილი სპორტის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ხელმძღვანელობს. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენებია, რომ სასამართლოს სხდომის თავმჯდომარე, მზია თოდუა, წარსულში (ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი) სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

გამოქვეყნების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020 

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3fmQbui / https://bit.ly/3ry6Z4O

  • მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესმენის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა 

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი კაპანაძის ბიზნეს პარტნიორების მხრიდან კერძო კომპანია შპს „იბერიაზე“ ზეწოლის სავარაუდო შემთხვევა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოები კომპანიის პრობლემების მიმართ უყურადღებობას იჩენენ.                                

გამოქვეყნების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2020     

წყარო: „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/2Ot8e6Z

  • რეექსპორტის ბაზრის სავარაუდო მონოპოლიზება მაღალჩინოსნების მონაწილეობით 

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ სძალავენ თანხებს თურქეთიდან საქართველოს გავლით სატრანზიტო გადამზიდავ კომპანიებს რუსი ბიზნესმენის, ფელიქს ხუდოევის, სასარგებლოდ. ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოთქმულია ეჭვი, რომ ეს შემოსავლების სამსახურისა და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით ხორციელდება, რომლებიც საქართველო-თურქეთის საზღვარზე აღნიშნულ კომპანიებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან.      

გამოქვეყნების თარიღი: 28 აპრილი, 2020 

წყარო: „ნეტგაზეთი“ –  https://netgazeti.ge/news/447571/

  • ფავორიტიზმის სავარაუდო შემთხვევა „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო პროექტში

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია 7 მლნ ლარის საეჭვო მომგებიანობის საინვესტიციო პროექტი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდი“ აფინანსებს და რომელიც კომპანია „გლობალ ბრენდმა“ სავარაუდოდ ფავორიტიზმის გზით მიიღო. კომპანიას ლევან გაჩეჩილაძე მართავს, რომელსაც პირადი კავშირები აქვს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელთან, დავით საგანელიძესთან, და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.   

გამოქვეყნების თარიღი: 29 თებერვალი, 2020

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/2PemLnB / https://bit.ly/2OJzZYY

  • სავარაუდო კორუფცია სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზაში“ ნავთობ-პროდუქტების სომხეთში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით 

ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ სახელმწიფოს კუთვნილმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზამ“ უკანონო გარიგება დადო „ლუკოილ ჯორჯიასთან“ (რომელსაც ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, ხელმძღვანელობდა), რითაც ყველა სხვა კომპანიას საქართველოს გავლით ნავთობ-პროდუქტების სომხეთში ტრანსპორტირება შეეზღუდა.    

გამოქვეყნების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2018 

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3rurrCR / https://bit.ly/3viCCBF

  • ე.წ. „ომეგა ჯგუფის საქმე“

2018 წლის სექტემბერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებისა და გასაჯაროებული ფარული აუდიოჩანაწერების თანახმად, ადგილი ჰქონდა გარიგებას კერძო კომპანიებს, ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შორის, რომელიც გულისხმობდა თანამდებობის პირთა ძალაუფლების გამოყენებას თამბაქოს ბაზარზე ამ კომპანიებისთვის დომინანტი პოზიციის უზრუნველყოფის მიზნით. ამის შედეგად გენერირებული შემოსავლები კი განაწილდებოდა კომპანიებსა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფს შორის. მასალებში ნახსენები იყო ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის, სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის სახელები.

გამოქვეყნების თარიღი: 26 სექტემბერი, 2018

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3gYx6gM

  • კორუფციის სავარაუდო შემთხვევები ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებში

2018 წელს პროკურატურამ ორი ყოფილი მინისტრი დაკითხა: ყოფილი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, თუ რა საქმეებზე მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა მედია-საშუალებები ვარაუდობდნენ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილს სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებში საკუთარი ნათესავებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ედებოდა ბრალად, ხოლო ზურაბ ალავიძე კორუფციის/„მბრუნავი კარის“ შემთხვევასთან იყო კავშირში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 56 მლნ ლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების ხარჯვას ეხებოდა.   

გამოქვეყნების თარიღი: 18 ივლისი, 2018  

წყარო: „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3bPL1oF

  • ქონების გადაცემა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის

2016 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” არამართლზომიერად გადასცა ქონება, რაც შესაძლოა გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგი იყო.

გამოქვეყნების თარიღი: 28 თებერვალი, 2018

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/2IZAVpz

  • კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის „ზონალურ საბჭოში“

2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს (ე.წ. „ზონალური საბჭო“) საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი სავარაუდო შემთხვევა.

გამოქვეყნების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2017

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3r5wNpd

  • კორუფციის ნიშნები თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების განკარგვის პროცესში

თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სარეკრეაციო ზონაში 29 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზების, ასევე ამ და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს მშენებლობაზე სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის პროცესი ატარებდა არსებითად ფიქციურ ხასიათს და ემსახურებოდა უფრო ადრე, არაფორმალურ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივად გაფორმებას.

გამოქვეყნების თარიღი: 13 მაისი, 2016

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/2WpfkKd

  • კორუფციის ნიშნები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების კვლევამ გამოავლინა, რომ მაშინდელ მინისტრთან და სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კომპანიები ხშირად იღებნენ სამინისტროსგან საბიუჯეტო თანხებს/დაფინანსებას კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით.

გამოქვეყნების თარიღი: 6 მაისი, 2016

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/2WDijPv

____________________________________________________________________________

არჩევნებთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევები

  • პოლიტიკური შემოწირულების იძულების სავარაუდო შემთხვევა

მედია სიუჟეტის თანახმად, რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფინანსური შემოწირულებების განხორციელება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეამოწმა მონაცემები და დაადასტურა დროის მოკლე მონაკვეთში მმართველი პარტიისადმი სამცხე-ჯავახეთიდან უჩვეულოდ კონცენტრირებული შემოწირულებების არსებობა (2-16 აგვისტოს პერიოდში 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა).

გამოქვეყნების თარიღი: 26 აგვისტო, 2021

წყარო: ტელეკომპანია „მთავარი არხი“ – https://bit.ly/3HP5ozz; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3h20ynb

 

  • ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ფონდი ქართუ“ 600,000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. ეს ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აშკარა შემთხვევა იყო, რადგან საქართველოს მთავრობა დაპირების აღსრულების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

გამოქვეყნების თარიღი: 19 ნოემბერი, 2018

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3ahU8hv

____________________________________________________________________________

ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების შემთხვევები

  • თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დედის კომპანიას სახელმწიფო ქონება იაფად გადაეცა

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია, როგორ მიჰყიდა თბილისის მერიამ საინვესტიციო ვალდებულების გარეშე კიკეთში, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ტერიტორია იმაზე გაცილებით იაფად, ვიდრე შეფასებული იყო, კომპანია შპს „კიკეთი დეველოპმენტს“, რომლის ერთ-ერთი მეწილე თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დედა, მარინე სამსონაშვილია. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, კომპანიის მხრიდან ხელმომწერი გალაქტიონ ბუაძეა, რომელიც 2016-2018 წლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად მუშაობდა, მისი პირველი მოადგილე კი ჯუანშერ ბურჭულაძე იყო.

გამოქვეყნების თარიღი: 22 იანვარი 2022

წყარო: შაბათის ფორმულა – https://bit.ly/3IUTs0I

  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო უკანონო გამდიდრება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა (და ყოფილმა თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა), ირაკლი ღარიბაშვილმა, ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა ძვირადღირებული საათების კოლექცია, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს, რაც უკანონო გამდიდრების ნიშნებზე მიუთითებს.

გამოქვეყნების თარიღი: 22 აპრილი, 2020 

წყარო: „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3l8xoDQ

  • ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საჯარო სამსახურის დატოვებიდან მოკლე დროში მოახერხა მნიშვნელოვანი ქონების შეძენა, რასაც რამდენიმე საეჭვო გარემოება ახლდა თან.

გამოქვეყნების თარიღი: 28 თებერვალი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/38daGVc

  • იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებული ბრალდებები 

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია პარლამენტის მოქმედი წევრისა და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის, საეჭვო გამდიდრების, არადეკლარირებული აქტივებისა და ძვირადღირებული უძრავი ქონების შესახებ.

გამოქვეყნების თარიღი: 11 მაისი, 2019 

წყარო: „რუსთავი 2“ – https://rustavi2.ge/ka/news/133095

  • მაღალჩინოსნების არადეკლარირებული უძრავი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში დასახელებულია სამი მაღალჩინოსანი, რომელმაც ქონებრივ დეკლარაციაში უძრავი ქონების დეკლარირება არ მოახდინა და მითითებულია დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღების ნიშნები. ეს მაღალჩინოსნები არიან: ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე; და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ჩიქოვანი.

გამოქვეყნების თარიღი: 9 მარტი, 2019      

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3rnNhrv / https://bit.ly/3qEdFNo

  • თავდაცვის მინისტრის სახლების მშენებლობის არადეკლარირებული ხარჯები

2013-2018 წლებში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ლევან იზორიამ ორი სახლი აიშენა, თუმცა, ამ სახლზე გაწეული ხარჯები კანონდარღვევით დეკლარაციაში არ მიუთითა. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს აღნიშნული ხარჯების წარმომავლობა.

გამოქვეყნების თარიღი: 11 დეკემბერი, 2018

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3np9uV3

  • ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საეჭვო გამდიდრება

თანამდებობის დატოვების შემდეგ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მისი მეუღლის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. თანამდებობაზე ყოფნისას მისი ოჯახი 226 კვ.მ საერთო ფართის 2 უძრავ ქონებას ფლობდა, 2018 წლის ბოლოს მდგომარეობით კი 7,900 კვ.მ ფართობის 24-მდე უძრავი ქონების მეპატრონე გახდა.

გამოქვეყნების თარიღი: 9 ნოემბერი, 2018

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3peDoMr

  • დეპუტატებისა და მინისტრების სავარაუდო უკანონო გამდიდრება 

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია მაღალჩინოსნების საკუთრებაში არსებული არადეკლარირებული ან/და ძვირადღირებული უძრავი ქონების შესახებ, რაც აჩენს კითხვებს უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებით. საუბარია შემდეგი მაღალჩინოსნების უძრავ ქონებაზე: ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია; ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე; შინაგან საქმეთა  მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, მანანა კობახიძე; პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი; პარლამენტის ყოფილი წევრი და ფრაქცია „კონსერვატორების“ ლიდერი, ზვიად ძიძიგური.

გამოქვეყნების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2018  

წყარო: „რუსთავი 2“ – https://rustavi2.ge/ka/news/116029

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებული ბრალდებები  

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, საეჭვო გამდიდრებასა და არადეკლარირებულ ქონებაზე.

გამოქვეყნების თარიღი: 23 აპრილი, 2017

წყარო: „რუსთავი 2“ – https://bit.ly/3ljQiHT

____________________________________________________________________________

საჯარო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული კორუფციის სავარაუდო შემთხვევები  

  • სავარაუდო კორუფცია რთველის სუბსიდირების პროგრამაში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა 2021 წელს მთავრობის მიერ რთველის სუბსიდირებაზე დახარჯული 138 მილიონი ლარი და აღმოაჩინა, რომ სუბსიდიების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღეს მმართველი პარტიის შემწირველმა და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფმა კომპანიებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვამ.

გამოქვეყნების თარიღი: 29 აპრილი, 2022

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3IY4jqD

  • შპს „ილი ჯგუფი“ მრავალმილიონიან ხელშეკრულებას არღვევს და თან ახალ ტენდერებს იგებს

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია შპს „ილი ჯგუფზე“, რომელსაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი მფარველობს. კომპანიასთან დაკავშირებული პირები მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან (ჯამში 350,000 ლარი). კომპანია მარტივად იგებს მრავალმილიონიან ტენდერებს ქვეყნის მასშტაბით (ჯამში 123 მლნ ლარზე მეტი), მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს; მაგალითად: ერთი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კომპანიამ პატიმრების კვებაზე გაფორმებული ხელშეკრულება 29-ჯერ დაარღვია, თუმცა მას არც კონტრაქტი შეუწყვიტეს და არც „შავ სიაში“ შეიყვანეს. კომპანიამ მალევე დამატებით 10 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა.

გამოქვეყნების თარიღი: 7 თებერვალი, 2022

წყარო: „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3PKJUHI / https://bit.ly/3RPQfUh

  • ტყის საეჭვო გადაცემა კომპანიისთვის, რომელსაც თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მეუღლე ხელმძღვანელობს

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მეუღლე დაინიშნა იმ კომპანიის მმართველად, რომელმაც 2 თვით ადრე, დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში უკონკურენტოდ მოიგო აუქციონი, რომლის საფუძველზეც თბილისის ეროვნული პარკის ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მართვაში 40 წლის ვადით მიიღო.

გამოქვეყნების თარიღი: 28 იანვარი, 2022

წყარო: „ნეტგაზეთი“ – https://bit.ly/363F5aY

  • პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიერ უფლებამოსილების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენება სახელმწიფო ქონების მითვისების მიზნით

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდოდ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება, რათა ბაკურიანში მისი სახლის მომიჯნავედ არსებული 6 ათას კვ.მ-მდე ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში გადაცემულიყო მისი მეუღლისთვის, ნუნუ თამაზაშვილისთვის.

გამოქვეყნების თარიღი: 22 იანვარი, 2022

წყარო: „TV პირველი“ – https://bit.ly/3sK8oHv

  • პარლამენტის წევრ ნინო წილოსანის ნათესავისთვის ტყის საეჭვო გადაცემა

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პარლამენტის წევრისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო წილოსანის სიძის ომარ ხატიაშვილის კომპანია შპს “ღვინის გზას” საეჭვო გარემოებებში გადაეცა ყვარელში მდებარე 8 ჰექტარი ტყე. ომარ ხატიაშვილი ნინო წილოსანის ბიძაშვილისა და ბიზნესპარტნიორის გვანცა წილოსანის მეუღლეა.

გამოქვეყნების თარიღი: 22 იანვარი, 2021

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3Jrx4ey

  • საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული ტენდერი კონკურენციას ზღუდავს

სს ,,საქართველოს რკინიგზამ" მაგისტრალური რელსების შესასყიდად 52.8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და მომწოდებლებისგან რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის საბაჟო კავშირის მიერ განსაზღვრული სერტიფიკატები მოითხოვა. წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „უნი-2“-მა წარადგინა. 52.8 მლნ-იან ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანიის მონაწილეობა ეჭვს აჩენს, საქმე ხომ არ გვაქვს, ე.წ. კონკრეტულ მიმწოდებელზე „მორგებულ“ ტენდერთან.

გამოქვეყნების თარიღი: 5 აგვისტო, 2021

 

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – bit.ly/3B1MxxH

  • თბილისის მერიის მიერ მსხვილი ტენდერის სავარაუდო მორგება კონკრეტულ კომპანიაზე 

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ მიკროავტობუსების შესაძენად 30 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და შემზღუდავი სატენდერო მოთხოვნების დაწესებით, კვალიფიციურ პრეტენდენტებს მასში მონაწილეობის საშუალება არ მისცა, რის შედეგადაც ტენდერი მმართველი პარტიის შემომწირველმა კომპანიამ მოიგო. 

გამოქვეყნების თარიღი: 13 სექტემბერი, 2020 

წყარო: „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3l9Vjml

  • კორუფციის / „მბრუნავი კარის“ სავარაუდო შემთხვევა, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტების მიღებას უკავშირდება 

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, რომ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული სააქციო საზოგადოების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ორი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის (სულხან ზუმბურიძისა და მამუკა პაპუაშვილის) მიერ დაფუძნებულმა შპს „პარვუს ჯგუფმა“, მათი თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, უკონკურენტოდ და სხვადასხვა საეჭვო გარემოებებში მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო, რომელთა საერთო ღირებულება 19 მლნ ლარს შეადგენდა. 

გამოქვეყნების თარიღი: 18 აგვისტო, 2020 

წყარო: „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/2N9NnoE

  • კორუფციის რისკები საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა და გამოავლინა 21 კონკრეტული შესყიდვა, სადაც სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირი იკვეთება. მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“.

გამოქვეყნების თარიღი: 7 ივლისი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/2WnezBt

  • დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში

საქართველოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა 2018 წლის შემდეგ 6,264,688 ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს. თანხის ნაწილი გამარტივებული შესყიდვაა, ხოლო ტენდერების შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ სატენდერო პირობები შეიძლება მორგებული იყოს ოთარ ჯაფარიძის კომპანიაზე.

გამოქვეყნების თარიღი: 3 ივლისი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3r47941

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო გამდიდრება

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ მიიღეს 100 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მმართველი პარტიის შემომწირველმა კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გრიგოლ ლილუაშვილის მეგობართან და ნათესავთან, ბიჭიკო პაიკიძესთან. ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ხელმძღვანელია.   

გამოქვეყნების თარიღი: 27 ივნისი, 2020

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3w6QC1E / https://bit.ly/3l3Ej18

  • ბიძინა ივანიშვილის ნათესავის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში

ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ (შპს “მშენინვესტი” და ინდ. მეწარმე) 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან შესყიდვების მეშვეობით 16,395,501 ლარი მიიღო. ყველაზე მეტი შესყიდვები მან საჩხერის მუნიციპალიტეტისგან მიიღო.

გამოქვეყნების თარიღი: 18 ივნისი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/2KwB5oT

  • კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის საახალწლო შესყიდვებში

თბილისის მერიის მიერ 2019 წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის განხორციელებულ შესყიდვებში (6.6 მლნ ლარი) მორგებული ტენდერების და კორუფციის ნიშნები გამოიკვეთა. ჩნდება ეჭვი, რომ საახალწლო შესყიდვები მორგებულია იტალიურ კომპანია IDO SRL-ზე, რომელიც წლების განმავლობაში უკონკურენტოდ იღებს სახელმწიფო კონტრაქტებს.

გამოქვეყნების თარიღი: 6 ივნისი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3r9gs2y

  • გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები ჰესებსა და გზების მშენებლობაში

კახეთში ორი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გიორგი ზედელაშვილთან (სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილე) დაკავშირებული კომპანიებისთვის შესაძლოა ხელოვნურად შეიქმნა ხელსაყრელი პირობები.

გამოქვეყნების თარიღი: 28 მაისი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3h3iAV5

  • გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინმა” 2013 წლის შემდეგ მსხვილი ტენდერების მოგება დაიწყო (105 მილიონზე მეტი მხოლოდ კახეთის რეგიონში). საეჭვო გარმოებებს შორისაა: კონკურენტთა დისკვალიფიკაცია, შეწყვეტილი ტენდერები, უკონკურენტო ტენდერები.

გამოქვეყნების თარიღი: 17 თებერვალი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3agT11v

  • ყოფილ დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში

ახალქალაქი-ნინოწმინდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამმა კომპანიამ 2010-2019 წლებში ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე ბიუჯეტიდან 2,312,278 ლარი მიიღეს. თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობდა.

გამოქვეყნების თარიღი: 30 იანვარი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/34ozd8B

  • სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების საპრივატიზაციო აუქციონის სავარაუდო ჩაწყობა

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ მოხდა სახელმწიფოს კუთვნილი ისტორიული შენობისა და მის ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზება კომპანიის მიერ, რომლის რეგისტრაციაც საპრივატიზაციო აუქციონის გამოცხადებამდე მხოლოდ ორი საათით ადრე განხორციელდა, რაც საპრივატიზაციო აუქციონის ჩაწყობაზე მიუთითებს.

გამოქვეყნების თარიღი: 17 იანვარი, 2020 

წყარო: „ბიზნეს მედია ჯორჯია“ (BMG) – https://bit.ly/2OV4FGN

  • სავარაუდო კორუფცია თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორცის შესყიდვის პროცესში

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ ჩაანაცვლა თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივი წარმოების ხორცის შესყიდვა იმპორტულით, რის შემდეგაც ხორცის ერთადერთი მიმწოდებელი ყოფილი პარლამენტის წევრის („ქართული ოცნებიდან“), გოდერძი ბუკიას, ქალიშვილის სრულ მფლობელობაში არსებული კომპანია გახდა. ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე გამოთქმულია სერიოზული ბრალდებები ხორცის ხარისხთან დაკავშირებით. 

გამოქვეყნების თარიღი: 17 ნოემბერი, 2019

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3rpQtCX / https://bit.ly/2N6bPqY

  • ყოფილ დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში

ტენდერებში მაკრახიძესთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები (შპს “იბოლია”, შვილი ოფელია მაკრახიძე - შპს “შარა”, ძმა ალექსანდრე მარკახიძე - შპს „არქმშენსტუდია 2002”) ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები იყვნენ.

გამოქვეყნების თარიღი: 2 სექტემბერი, 2019

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/387Gzyo

  • სავარაუდო კორუფცია საგარეო საქმეთა სამინისტროში

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ძმის კუთვნილმა კომპანიამ ამავე სამინისტროსგან მსხვილი პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი კომპანიის რეგისტრაციის მეორე დღესვე. აღნიშნული შესყიდვის თანხა სამინისტროს კომპანიის რეგისტრაციის დღეს გადმოერიცხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რომელზეც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნები არ ვრცელდება.

გამოქვეყნების თარიღი: 4 სექტემბერი, 2018 

წყარო: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) – https://bit.ly/3rdBDj1

  • მორგებული პირობების სავარაუდო გამოყენება სახელმწიფო შესყიდვებში

2013-2018 წლებში საჯარო უწყებებმა უმეტესწილად უკონკურენტო ტენდერის გზით შპს „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯისგან” (რომლის დამფუძნებელი გოჩა როსტიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის შალვა ობგაიძის დეიდაშვილია) 3 მლნ ლარამდე ღირებულების რუსული წარმოების „ნივები” შეისყიდეს, სავარაუდოდ, მორგებული პირობებით.

გამოქვეყნების თარიღი: 18 ივლისი, 2018

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/2KdYNGy

____________________________________________________________________________

კორუფციის შესაძლო შემთხვევები მუნიციპალურ დონეზე

 

  • იმერეთში ტენდერებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია იგებს

ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტენდერებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია, შპს „ბორანი“ იგებს. კომპანიამ, რომლის მეწილეები მმართველი პარტიის შემომწირველები არიან და რომელიც თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩხიკვაძის ოჯახს ეკუთვნის, 2013 წლიდან 2022 წლის 12 ივლისამდე 34,970,860 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო.

გამოქვეყნების თარიღი: 20 ივლისი, 2022

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3v3MGQB

  • სენაკის მერის ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიები ადგილობრივ ტენდერებს იგებენ

არჩევიდან 3 თვეში სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის და ბიძაშვილის კომპანიებმა (სს „არქეოპოლისი“ და შპს „ინდიკო“) 2,614,550 ლარის ღირებულების 5 ადგილობრივი ტენდერი უკონკურენტოდ მოიგეს, რაც აჩენს ეჭვს, რომ ტენდერები მერის ნათესავებზე იყო მორგებული. ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა „არქეოპოლისში“.

გამოქვეყნების თარიღი: 13 მაისი, 2022

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3RSRmCs

  • „მბრუნავი კარის“ და შესაძლო კორუფციის შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ბლოგში საუბარია ბორჯომის მუნიციპალიტეტში „მბრუნავი კარის“ და შესაძლო კორუფციის შემთხვევაზე. 2018 წელს ბორჯომის საკრებულოში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ფირან გოგიჩაშვილმა შპს „მშენებლობა და პროექტირება“ უსასყიდლოდ გააჩუქა, თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, 2022 წელს, აწ უკვე ყოფილმა დეპუტატმა კომპანია უკან დაიბრუნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2018-2021 წლებში,  შპს „მშენებლობა და პროექტირებამ“ და ინდ. მეწარმე ვასილ მჭედლიძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 52 სახელმწიფო შესყიდვიდან 2,203,460 ლარი მიიღეს.

გამოქვეყნების თარიღი: 6 მაისი, 2022

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3OttEd3

  • სენაკის საკრებულოს ყოფილმა წევრმა კომპანია გააჩუქა და ტენდერებს ისევ იგებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 2021 წლის თებერვალში წერდა სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრის, დათო ადამიას და მისი კომპანიის შესყიდვებზე. სწორედ ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიამ 7 მილიონ ლარამდე შესყიდვების ისტორიის მქონე კომპანია, შპს „დაგი“ უსასყიდლოდ გააჩუქა. შედეგად, კომპანიას სახელი შეუცვალეს და შპს „მენათი“ გახდა, შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართიც. სახეცვლილების შემდეგ, კომპანიამ სენაკის მუნიციპალური შესყიდვებით 1,389,507 ლარის ღირებულების ხელშეკრულება მიიღო. ექვსი ტენდერიდან ხუთი და ორივე გამარტივებული შესყიდვა „მენათმა“ მაშინ მიიღო, როცა ადამია ჯერ კიდევ საკრებულოს წევრი იყო. დათო ადამია, სავარაუდოდ, ცდილობს დამალოს საკუთარი კავშირი როგორც კომპანიასთან, ისე შესყიდვებში ჩართულობასთან.

გამოქვეყნების თარიღი: 6 აპრილი, 2022

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3cvlFz7 (თავდაპირველი გამოძიება – https://bit.ly/3uw5J2U)

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საეჭვო შესყიდვები

ჩხოროწყუს მერიამ ორი თვის დაფუძნებულ შპს „სალომე 92“-ს 207,197 ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გაუფორმა. კომპანიის მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მამა-შვილი, სალომე და ჯამბულ პაპავები არიან. ჩხოროწყუში მათ 2012 წლიდან ჯამში 1,080,842 ლარის მუნიციპალური შესყიდვები აქვთ მიღებული.

გამოქვეყნების თარიღი: 31 მარტი, 2022

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3PpASAi

  • წყალტუბოს საკრებულოს წევრის კომპანიებმა 63 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს

წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებმა შპს “ჯ და ჯ”-მ და შპს “როსტვერკმა” 100 ტენდერისა და 11 გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 63,039,857 ლარი მიიღეს. ჯეირან ომანაძე პოლიტიკური შემწირველიცაა, მან და მისმა კომპანიამ “როსტვერკმა” პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 2017-2021 წლებში 135,000 ლარი შესწირეს.

გამოქვეყნების თარიღი: 24 მარტი, 2022

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

  • ბათუმის საკრებულოს ყოფილ წევრთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა აჭარის მუნიციპალურ შესყიდვებში

„ქართული ოცნებიდან“ ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილმა კომპანიებმა „აჭარგანათებამ“ და „განათებამ“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2022 წლებში 66,844,339 ლარი მიიღეს. ამ თანხის 91% კომპანიებმა უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო. 

გამოქვეყნების თარიღი: 22 მარტი, 2022

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (პირველი ვერსია, 25 ნოემბერი, 2019)

  • სავარაუდო კორუფციული ფაქტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში

ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან დაკავშირებულმა შპს „მაი თაუნმა“ და ინდმეწარმემ, შორენა თაბაგარმა 2014-2021 წლებში 68 სახელმწიფო შესყიდვით 4,117,864 ლარი მიიღეს; აქედან 2,162,992 ლარი (საერთო თანხის 52%) უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის გზით.

გამოქვეყნების თარიღი: 18 მარტი, 2022

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

  • „ოცნების“ შემწირველების და თანამდებობის პირების კომპანიები სახელმწიფო პროგრამებიდან სუბსიდიებს იღებენ სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ წევრებისა და შემწირველების, ასევე, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიებს და  სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ. 2018-2020 წლებში, 17-მა ასეთმა სუბიექტმა, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 2,240,794 ლარი მიიღო, რაც პროგრამით რეგიონში დახარჯული თანხის მესამედია. მათ შორის 9 სუბიექტს, სხვადასხვა დროს  სახელმწიფო შესყიდვებით 4,733,891 ლარი დაერიცხა, 7-მა კი „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 594,400 ლარი შესწირა.

გამოქვეყნების თარიღი: 17 დეკემბერი, 2021

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3ojAnMf

  • მაჟორიტარობის 13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან ანზორ ბოლქვაძის ოჯახს და ახლობლებს

საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნებიდან” მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარად არჩეული ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის შემოსავალმა ტენდერებიდან 2011-2021 წლებში 13, 647, 191 ლარს მიაღწია.

გამოქვეყნების თარიღი: 4 აგვისტო, 2021

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3xP6K7N

  • ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიწები ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს

ნინოწმინდის ცენტრში არსებული პარკი, რომელიც საჯარო სივრცეს წარმოადგენდა, ნაბიჯ-ნაბიჯ კერძო საკუთრებად დარეგისტრირდა. საგულისხმოა, რომ 2,840 კვ.მ. მიწის მფლობელები გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, მათთან დაახლოებული პირები და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებთანაც პირდაპირ შესყიდვებს, მრავალი წლის განმავლობაში, მხოლოდ ნინოწმინდის მერია და მისი იურიდიული პირები აფორმებენ. 

გამოქვეყნების თარიღი: 8 ივლისი, 2021

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – bit.ly/3gkjpcZ

  • „მბრუნავი კარის” შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტში

ნანა ზარანდია, 2014 წლიდან იყო სენაკის მერიის ჯერ იურიდიული, შემდეგ კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 2019 წლის 8 თებერვალს ზარანდია მერიიდან წავიდა და სს „არქეოპოლისის” დირექტორად დაინიშნა, რის შემდეგაც, „არქეოპოლისმა” 6, 054, 373 ლარის 6 ტენდერი და 1 გამარტივებული შესყიდვა მიიღო სენაკის მერიისგან. 2020 წლის ივნისიდან, ზარანდია კვლავ მერიის ადმინისტრაციის უფროსად დაბრუნდა, „არქეოპოლისმა” კი, სენაკის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი მოიგო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 3, 874, 513 ლარი.

გამოქვეყნების თარიღი: 25 ივნისი, 2021

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – bit.ly/3miXxCI

  • საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ჯუმბერ იზორიას ეკონომიკური ინტერესები ჩხოროწყუში

ჩხოროწყუში ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ჯუმბერ იზორიას ოჯახის კომპანია „თოგენი” ახორციელებს. ავტომობილების შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების მუნიციპალურ შესყიდვებს კი ჯუმბერ იზორიას მეგობარი, ცაბუ გოგუა იგებს. მას ჯამში 257, 987 ლარის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ცაბუ გოგუას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან 12 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია, ერთ შემთხვევაში კი მან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღო კონტრაქტი, რომელსაც უფრო დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული.

გამოქვეყნების თარიღი: 24 ივნისი, 2021

 

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – bit.ly/3z5kooD

  • სამცხე-ჯავახეთში კორუფციისთვის ნასამართლევი პირები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა: ნოდარ ბალახაშვილმა, თამაზ პეტაშვილმა, დავით ჩაჩანიძემ და გურამ ფარცახაშვილმა 2014-2021 წლებში, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7, 442, 197 ლარი მიიღო

გამოქვეყნების თარიღი: 18 ივნისი, 2021

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – bit.ly/3kbolCc

  • ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის კომპანიების 130 მილიონიანი სარგებელი სახელმწიფო შესყიდვებიდან

ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები „ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებლები არიან. 2010-2021 წლებში ორივე კომპანიამ უმეტესად ბათუმის მერიიდან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მილიონ ლარამდე მიიღო, მათ შორის 68% - უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში.

გამოქვეყნების თარიღი: 11 ივნისი, 2021

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – bit.ly/3CYx03z

  • ჩხოროწყუს მერთან დაკავშირებული პირების საეჭვო მონაწილეობა ადგილობრივ შესყიდვებში

ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა საეჭვო გარემოებებში (კონკურენტების დისკვალიფიკაცია და კონტრაქტის ღირებულების ცვლილება) იგებენ. ქარჩავები ამავე დროს ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან. მათ 2011 წლიდან დღემდე 3,377,519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.

გამოქვეყნების თარიღი: 24 მაისი, 2021

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3vCi5YL

  • ბიძინა ივანიშვილის პროექტებში ჩართვის შემდეგ კომპანია მრავალმილიონიან ტენდერებს საეჭვო გარემოებებში იგებს

2018 წელს, მას შემდეგ რაც შპს „არალის“ მესაკუთრემ (რომელიც წარსულში სახელმწიფო შესყიდვებიდან თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნეს), აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად მიწა მიჰყიდა და ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში ჩაერთო, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან მრავალმილიონიანი კონტრაქტების მიღება დაიწყო. თუ კომპანიას მანამდე 7 წლის განმავლობაში 51.5 მლნ ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ორ წელიწად ნახევარში 125.4 მლნ ლარის კონტრაქტები მოიგო. ტენდერების მნიშვნელოვანი ნაწილი კომპანიამ კონკურენტების დისკვალიფიკაციის საფუძველზე მოიპოვა.

გამოქვეყნების თარიღი: 22 მაისი, 2021

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3vErOxF

  • ქუთაისის მერის მოადგილის ინტერესთა შეუთავსებლობა

ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორმა ქუთაისის მერიის 5 ტენდერი (294,545 ლარის ჯამური ღირებულების) ძირითადად უკონკურენტოდ მიიღო. სატენდერო კომისიის ხელმძღვანელი თავად იუზა უგულავა იყო; მან ინტერესთა შეუთავსებლობა თავიდან არ აირიდა.

გამოქვეყნების თარიღი: 13 მაისი, 2021

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3fYPRk1

  • ბათუმის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ინტერესთა შეუთავსებლობა

ბათუმის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანია „ტრეიდინგ სერვისი“, რომლის წილი მან სიძეს, გოჩა აბუსელიძეს აჩუქა, სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტებს იღებს ბათუმის მერიის იმ ა(ა)იპ-ებისგან, რომელთა კონტროლი პატარიძეს ევალება.

გამოქვეყნების თარიღი: 9 მარტი, 2021

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3c7TLpL

  • ფოთის მერის ბიზნესპარტნიორი გამარტივებულ შესყიდვებს იღებს

მას შემდეგ, რაც 2017 წელს გოჩა კურდღელია ფოთის მერად აირჩიეს, მისი ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის რამაზ გუჯაბიძის კომპანიამ - შპს „ხალიბმა“ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი გამარტივებული კონტრაქტების მიღება დაიწყო ფოთის მუნიციპალური იურიდიული პირებისგან, რამაც კორუფციის შესახებ კითხვები გააჩინა.

გამოქვეყნების თარიღი: 7 დეკემბერი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3i5TOGr

  • კორუფციის ნიშნები შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალურ შესყიდვებში

შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი მაღალჩინოსნების (ავთანდილ კაჭკაჭაშვილი და გიორგი ბალიაშვილი) და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველების (ნუგზარ და ნუკრი აბალაკები) კომპანიებმა – შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ – 2011-2020 წლებში 200 მილიონ ლარზე მეტის შესყიდვები ძირითადად უკონკურენტოდ მიიღეს.

გამოქვეყნების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/2K3mzFf

  • კორუფციის ნიშნები კახეთის მუნიციპალურ შესყიდვებში

კახეთის 8 მუნიციპალიტეტის შესყიდვების ანალიზმა (167 მილიონ ლარზე მეტი 2013-2020 წლებში) გამოავლინა, რომ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს ხშირად (58 სუბიექტიდან 17 შემთხვევაში) იღებენ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები. 52-დან 32-მა შპს-მ გამარტივებული შესყიდვებისა და უკონკურენტო ტენდერების მიღება დაფუძნებიდან მალევე დაიწყო, ზოგ შემთხვევაში კი - რამდენიმე დღეში.

გამოქვეყნების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3p1tqxw

  • ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზიის საეჭვო მონაწილეობა ნინოწმინდის მუნიციპალურ შესყიდვებში

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინ ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014  წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის შესყიდვების ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა. ვარდანიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, „ფარვანამ“ მერიისგან ნინოწმინდაში უსასყიდლოდ 273 კვ.მ. ფართიც მიიღო.

გამოქვეყნების თარიღი: 17 ივლისი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3alTGP1

  • სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში

ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის არჩევის შემდეგ მისი ძმა თამაზ მელიქიძე (შპს „ნუკია”) და რძალი ნანა მაისურაძე (ააიპ „სათნოების სახლი”) ახალციხის მუნიციპალიტეტში ტენდერებს იგებენ. ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის არჩევის შემდეგ კი მისმა ძმამ მალხაზ მელიქიძემ (სს „XXI საუკუნე“) ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვება დაიწყო.

გამოქვეყნების თარიღი: 8 მაისი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/37q1Tjl

  • კორუფციის რისკები ქობულეთის მუნიციპალიტეტის უკონკურენტო შესყიდვებში

მას შემდეგ, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა (2011-2014) ბადრი რომანაძემ შპს „ჯორჯიან სტოუნში” დირექტორის პოზიცია დაიკავა, კომპანიამ მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 24.6 მილიონი ლარი საეჭვო გარემოებებში (კონკურენტების დისკვალიფიკაცია და დაუსაბუთებელი ცვლილებები დადებულ კონტრაქტებში) მიიღო.

გამოქვეყნების თარიღი: 23 აპრილი, 2020

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/2KBGFWJ / https://bit.ly/3g1SMsx

  • საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტიორმა ოთარ ბუზარიაშვილმა (შპს „ახალი კომპანია 2018“) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 1,336,748 გამარტივებული შესყიდვა იყო.

გამოქვეყნების თარიღი: 16 დეკემბერი, 2019

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/37ss89a

  • კორუფციის ნიშნები სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში

ივანე მირიანაშვილი 2017 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. მისი შვილის დავით მირიანაშვილისა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებმა (შპს „სეივონი”, შპს “მ.ს.მშენი”, შპს „ინტერ პლიუსი”, შპს “ორბა 7”, შპს “თი ენ სი” და შპს “ცოტნე”), 2013-2019 წლებში 5,375,427.64 ლარის შესყიდვები მიიღეს.

გამოქვეყნების თარიღი: 27 ნოემბერი, 2019

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3nG3doh

 

  • ახალციხის მერის მრჩევლის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში

ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის (ინფრასტრუქტურის საკითხებში) გელვასი გელაძის კომპანია „მშენებელი 2004“ ახალციხის მუნიციპალიტეტების ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. გელვასი გელაძე ერთდროულად იყო, სატენდერო და მიღება-ჩაბარების (დღემდე რჩება) კომისიების წევრიც, მიმდინარე პროექტების ზედამხედველიც და სამუშაოების შემსრულებელიც.

გამოქვეყნების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2019

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3ai1amb

  • წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შემდეგ თემურ ღვინჯილიას ბიზნესპარტნიორი ბაგრატ ღვინჯილია (შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველო”) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს (5 მილიონ ლარზე მეტი) უკონკურენტოდ იგებს.

გამოქვეყნების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2019

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/34ljdnE

  • ახალციხის მერის კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში

2015 წელს ახალციხის მერად არჩევის შემდეგ ზაზა მელიქიძის კუთვნილმა და ყოფილმა კომპანიებმა (შპს „მელიზა” და შპს „მესხეთი XXI”) ახალციხის მუნიციპალიტეტისგან სახელმწიფო შესყიდვების მიღება დაიწყეს.

გამოქვეყნების თარიღი: 15 ივლისი, 2019

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/2KyyzOK

  • კორუფციის ბრალდებები ბოლნისის მერის წინააღმდეგ

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის, ნათესავები და მეგობრები რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების მუნიციპალურ კონტრაქტებს უკონკურენტოდ იღებენ. შერაზადიშვილს ნათესაური კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილესთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან. 

გამოქვეყნების თარიღი: 15 დეკემბერი, 2018 

წყარო: „სტუდია მონიტორი“ / „რადიო თავისუფლება“ – https://bit.ly/3d9wYd0 / https://bit.ly/3evKolU

 


[1] საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, კორუფცია და ანტიკორუფციული პოლიტიკა საქართველოში: 2016-2020 წლები, 20 ოქტომბერი, 2020, https://bit.ly/2Kxv2QB; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება, 12 ოქტომბერი, 2018, https://bit.ly/2ITQa3b; ღია საზოგადოების ფონდი, მაღალი დონის კორუფციის აღმოფხვრა საქართველოში: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, 27 მარტი, 2018, https://bit.ly/2JZq9QL

[2] ევროპარლამენტი, ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე, 14 ნოემბერი, 2018, https://bit.ly/37M4LGh

[3] საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს, 23 იანვარი, 2020, https://bit.ly/34i3gPr; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ანტიკორუფციული მაჩვენებლები უარესდება, 9 დეკემბერი, 2020, https://bit.ly/3nk1CnI

[4] საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, კორუფცია საქართველოში: საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, 8 ივნისი, 2020, https://bit.ly/38czrk6

[5] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (მუხლი 100,101)

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“