თავდაცვის მინისტრის სახლების მშენებლობის არადეკლარირებული ხარჯები
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2013-2018 წლებში 2 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი აიშენა, თუმცა ამავე პერიოდში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში მათ მშენებლობაზე გაწეული ხარჯები არ მიუთითა. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითოს ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომელიც 1500 ლარს აღემატება. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ლევან იზორიამ 2 საცხოვრებელი სახლი ისე ააშენა, რომ თითოეულ შემთხვევაში გაწეული ხარჯი 1500 ლარს არ აღემატებოდა, თუმცა აღნიშნული განმარტება კითხვებს ბადებს, რადგან პირველი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ლევან იზორიამ საერთო ჯამში 230 ათასი ლარი დახარჯა. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის მიერ მშენებლობაზე გაღებული ხარჯების დეკლარაციაში არ მითითება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევაა.
მაღალჩინოსნების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მედიით გავრცელებულ სიუჟეტში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მიერ ორი სახლის აშენებაც ფიგურირებს. საპასუხოდ, ლევან იზორიამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინა და სახლის მშენებლობა დაიწყო საჯარო სამსახურში მისი კარიერის დაწყებამდე.
„საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო” მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს პერიოდულად აწარმოებს. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კი ამ შემთხვევაში ლევან იზორიას საკუთრებაში არსებული, დეკლარირებული უძრავი ქონებისა და საჯარო სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში მიღებული შემოსავლები შევისწავლეთ.
უძრავი ქონების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში ლევან იზორიამ 2012 წლის 26 ოქტომბერს, მისი შს მინისტრის მოადგილის პოსტზე წარდგენამდე 4 დღით ადრე შეიძინა. ლევან იზორიას 2012 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ამ მიწის ნაკვეთში მისმა მეუღლემ ლანა მანჯგალაძემ $54 000 გადაიხადა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს უძრავი ქონება მან შეიძინა და მშენებლობა დაიწყო საქართველოსა და გერმანიაში აკადემიური საქმიანობის შედეგად დაგროვილი დანაზოგით. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით,
„აკადემიური საქმიანობიდან დარჩენილი დანაზოგი სრულად დაიხარჯა 2012 წლის ბოლომდე სამშენებლო მასალების შეძენის და სხვა სამშენებლო საქმიანობის მიზნებისთვის, რის გამოც აღნიშნული დანაზოგი ვერ მოხვდა დეკლარაციის შესაბამის გვერდზე.”
თუმცა, ამ მიწის ნაკვეთის შესახებ, სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან დაკავშირებით, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში პირველი განცხადება 2013 წლის 16 იანვარსაა შესული. განცხადებაზე თანხმობა 1 დღის შემდეგ, 17 იანვარს გაიცა.
2013 წლის მარტში შეთანხმდა პროექტი, მშენებლობის ნებართვა კი აპრილში გაიცა. შეთანხმებულ პროექტში 2014 წლის ივნისში ცვლილება შევიდა და გაიცა მშენებლობის გაგრძელების ნებართვა, 2015 წლის აპრილში კი განხორციელებული მშენებლობის დადასტურება მოხდა.
2015 წლის ოქტომბრიდან აღნიშნული სახლი გაქირავებულია თვეში 3 250 აშშ დოლარად, რის შედეგადაც ლევან იზორიას ოჯახს 2015 წელს $9750 (3 თვის ქირა) აქვს მიღებული, 2016 წელს კი $39000.
ლევან იზორიას 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, აღნიშნულ უძრავ ქონებაში გადახდილი საფასური 320 000 ლარია. თუკი ამ ღირებულებაში ასახულია ასევე 2012 წლის 26 ოქტომბერს მიწის ნაკვეთში გადახდილი $54 000 (დაახ. 89 100 ₾), გამოდის, რომ 2013 წლის იანვრიდან 2015 წლის აპრილამდე პერიოდში სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი დაახლოებით 230 900 ₾ შეადგენდა.
აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თავდაცვის სამინისტროში განუმარტეს, რომ
„საჯარო სამსახურის ბიუროსთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის ღირებულებაში მიეთითა მიწის ნაკვეთის ყიდვის ფასი ($54 000) და სახლის მშენებლობის ხარჯის ჯამური ოდენობა - 320 000 ლარი. დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თანხის ცალკე მითითება კი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დეკლარაციის ფორმა ითხოვს თითოეული ქონების - სახეობის, შეძენის თარიღის, შეძენის ფორმის და გადახდილი საფასურის მითითებას, რაც დეკლარაციის შევსებისას სრულად იქნა დაცული.”
ამის საპირისპიროდ, საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული განმარტებით,
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უძრავი ქონების გვერდზე მითითებული უძრავი ქონება თუ აშენებული არის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ, გრაფაში - „გადახდილი საფასურის ოდენობა“, მიეთითება მშენებლობის ღირებულება; საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში მიწის ნაკვეთი და სახლი მიეთითება ცალ-ცალკე.”
მათივე ინფორმაციით, ქონებრივი დეკლარირების მიზნებისთვის დარღვევად არ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც მიწის ნაკვეთი ასახულია ცალკე, გადახდილი საფასურის მითითებით, ხოლო საცხოვრებელი სახლის ცალკე ასახვისას, დაჯამებულია მიწის ნაკვეთის შეძენისა და სახლის მშენებლობაზე დახარჯული თანხის ოდენობა.
ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, 2013-2014 წლებში მისი ოჯახის შემოსავალი 282 011 ₾ იყო. 2015 წელს მისი ოჯახის შემოსავალი 159 368 ₾ იყო, შესაბამისად, 2015 წლის პირველ სამ თვეში ის ამ თანხის მეოთხედს, დაახლოებით, 39 842 ₾ მიიღებდა.
აქედან გამომდინარე, სახლის მშენებლობის პერიოდში, 2013 წლის იანვრიდან 2015 წლის აპრილამდე (27 თვე) ლევან იზორიას შემოსავალი 321 853 ₾ იყო, სახლის მშენებლობაზე დახარჯული თანხა კი 230 900 ₾ (ამავე პერიოდში მინისტრის შემოსავლის 72%) შეადგენდა. მისი შემოსავლის დარჩენილი - 28% კი, ამავე პერიოდში 90 953₾ ოდენობის იყო, რაც ყოველთვიურად საშუალოდ 3 369 ₾ შეადგენს.
2012-2015 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ლევან იზორიას ოჯახს საბანკო ვალდებულებები (სესხები) მითითებული არ აქვს. ასევე, ამავე პერიოდში თანამდებობის პირს დეკლარირებული არ აქვს რაიმე დანაზოგი (გარდა სახელფასო ანგარიშზე არსებული თანხისა - 2012 წ. 7000 ₾, 2013 წ. 5000 ₾, 2014 წ. 2000 ₾, 2015 წ. 3500 ₾).
შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახლის მშენებლობა ლევან იზორიას ოჯახის მიმდინარე შემოსავლით ფინანსდებოდა. 2013 წლის იანვრიდან 2015 წლის აპრილამდე პერიოდში, ამ მიზნით თავდაცვის მინისტრის ოჯახის შემოსავლის 72% (დაახლოებით 230 900 ₾) დაიხარჯა.
მიუხედავად ამისა, მშენებლობის ხარჯების, მის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებისა და მათი ღირებულების შესახებ ინფორმაცია ლევან იზორიას 2012-2015 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული არ არის.
ანალოგიური მდგომარეობაა კიდევ ერთი მიწის ნაკვეთისა და აშენებული სახლის შემთხვევაში. 2016 წლის მაისში ლევან იზორიას მეუღლემ ლანა მანჯგალაძემ 84 000$ და 16 300$ ოდენობის სესხები გამოიტანა ბანკიდან.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ლევან იზორიას და ლანა მანჯგალაძეს, თითოეულს, ბანკთან გაფორმებული აქვს 300 000$-ის ღირებულების საბანკო მომსახურების ხელშეკრულება (ე.წ. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებები), რომლითაც განსაზღვრულია ბანკის მიერ სამოვავლოდ გასაცემი სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობა. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კონკრეტულად ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ბანკს სესხი არ გაუცია, არამედ მის საფუძველზე გაფორმდა 3 კონკრეტული სასესხო ხელშერკულება ($45000 - ლევან იზორია, $84 000 და $16 300 - ლანა მანჯგალაძე), რომლებიც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული.
2016 წლის მაისშივე, თავდაცვის მინისტრის მეუღლემ ლანა მანჯგალაძემ შეიძინა კიდევ ერთი, 700 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი ღირებულება 76 000$ შეადგენს.
2016 წლის ივნისში ლანა მანჯგალაძემ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასადგენად სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა, რაც ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას ითვალისწინებდა. სახლის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა ლევან იზორიას 2016 და 2017 წლების ქონებრივ დეკლარაციებში არც მასთან დაკავშირებული ხარჯები ფიგურირებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეკითხვაზე, თუ რატომ არ აისახა 2013-2015 წლებში სახლის მშენებლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებები და გაწეული ხარჯები თავდაცვის მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში, უწყებაში განმარტეს, რომ:
„სახლის მშენებლობის მიზნით მშენებლობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა საკუთარი ძალებით დაქირავებული მუშა-ხელის მიერ. დეკლარაციაში მშენებლობის ხარჯების მითითება არ მოხდა, ვინაიდან მშენებლობის ხარჯის ოდენობა „თითოეულ შემთხვევაში“ არ აღემატებოდა 1500 ლარს.”
თუმცა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითოს:
„საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან /და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს, ამ მუხლში აღნიშნული სხვა შემოსავლის ან /და გასავლის გარდა – პირი , მისი ოჯახის წევრი, ვისაც ჰქონდა შემოსავალი ან/და გასავალი, შემოსავლის ან/და გასავლის სახეობა, შემოსავლის ან /და გასავლის ოდენობა (ღირებულება )”
კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრს წლის მანძილზე სახლის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯი ორივე საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში ქონებრივ დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა და არგუმენტი, თითქოს მშენებლობის ცალკეული ხარჯი „თითოეულ შემთხვევაში” არ აღემატებოდა 1500 ლარს, არ შეესაბამება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მიზნებს. აღნიშნული მსჯელობა მით უფრო მოკლებულია დამაჯერებლობას, როდესაც პირველი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით ჯამურად 230 000 ლარის ხარჯზეა საუბარი.