თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების განკარგვის პროცესში კორუფციის ნიშნები იკვეთება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების განკარგვის პროცესში კორუფციის ნიშნები იკვეთება

13 მაისი, 2016


 

ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და მის მიმდებარედ რამდენიმე მიწის ნაკვეთის განკარგვის საკითხმა. ხსენებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ქალაქის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მთელ რიგ კითხვებს ბადებს.

მოვლენების ქრონოლოგია

12-20 აპრილი - თბილისის ხელისუფლების თანხმობით, განხორციელდა ბოტანიკურ ბაღსა და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების გაცვლა. კერძოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ „ფინსერვისი XXI“ (რომელიც 2007 წლიდან ფლობს 10 ჰექტარის ფართობის ნაკვეთს ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ) ბოტანიკურ ბაღს გადასცა 4 ჰეტარის ფართობის ნაკვეთი, ხოლო სანაცვლოდ მიიღო იმავე სიდიდის ტერიტორია, რომელიც მანამდე ბოტანიკური ბაღის ნაწილი იყო.

22 აპრილი - თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გამოიტანა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, სარეკრეაციო ზონაში არსებული 29 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთი. პრივატიზაციის პირობა შესყიდულ ნაკვეთზე არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იყო.

3 მაისი - აუქციონის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ საპრივატიზაციოდ გამოტანილი ნაკვეთი 6 326 495 ლარად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებულმა „თანაინვესტირების ფონდმა“ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში განხორციელებული ტერიტორიების გაცვლის შედეგად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის მიერ მიღებული 4 ჰექტარის მიწის ნაკვეთის მდებარეობა ხელსაყრელია იმავე კომპანიის საკუთრებაში 2007 წლიდან არსებულ ტერიტორიასთან და  29 ჰექტარის ფართობის ნაკვეთთან მიმართებით, რომელიც ასევე ბიძინა ივანშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ მოგვიანებით (3 მაისს) შეიძინა. ამ ოპერაციების შედეგად, ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს კონსოლიდირებული ტერიტორია, რომლის საერთო ფართობი ბევრად აღემატება მათ საკუთრებაში 2016 წლის აპრილამდე არსებული ტერიტორიისას (იხ. რუკა).

არასამთავრობო ორგანიაციების „ტფილისის ჰამქარისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის დათმობის გადაწყვეტილება „მიღებული იქნა გაუმჭვირვალედ და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობის გარეშე.“ ორგანიზაციებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ „არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საზღვრების კორექტირება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში განხორციელდა,“ რაც კითხვებს ბადებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბოტანიკურ ბაღსა და მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მთელ რიგ საეჭვო გარემოებებს შეიცავს.

საპრივატიზაციო პროცესის საეჭვოდ მოკლე ვადები

თბილისის არქიტექტურის სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული დოკუმენტების თანახმად, სასტუმროს მშენებლობის პირობით ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცესს სათავე დაუდო წერილმა, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ნოდარ ჭიჭინაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უფროს კარლო ლაფერაძეს 2016 წლის 18 აპრილს მიწერა.

რადგანაც ხსენებული ნაკვეთი აუქციონზე 22 აპრილს იქნა გამოტანილი, გამოდის, რომ არასრული ხუთი დღე დაჭირდა მთელ პროცესს, რომელიც მოიცავდა ქონების მართვის სააგენტოს მიერ საკითხის განხილვას, შესაბამისი ტერიტორიის შერჩევას და საკითხის არქიტექტურის სამსახურში განსახილველად გადაგზავნას, არქიტექტურის სამსახურის მიერ საკითხის განხილვას და ზონალური საბჭოსთვის განსახილველად წარდგენას (ვინაიდან მოცემულ ზონაში სასტუმროს მშენებლობას სპეციალური ზონალური ნებართვა სჭირდება), ზონალური საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას და ბოლოს ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონის მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას (რაც, სხვა საკითხებთან ერთად, საპრივატიზაციო მიწის საწყისი ფასის განსაზღვრას მოიცავს). ცხადია, რომ აღნიშნული პერიოდი ძალზე მოკლეა პროცესისთვის, რომელიც გულისხმობდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას როგორც მსხვილი სახელმწიფო ქონების განკარგვის, ისე ქალაქგეგმარების კუთხით. ამდენად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შესაბამის უწყებებში საკითხის განხილვა და ჩატარებული პროცედურები ფორმალურ ხასიათს ატარებდა.  

ასევე აღსანიშნავია, რომ აუქციონის ჩატარების პერიოდი, რომელიც 22 აპრილს დაიწყო და 3 მაისს დასრულდა, სულ 6 სამუშაო დღეს მოიცავდა. საპრივატიზაციო ნაკვეთის მაღალი ფასის და მნიშვნელოვანი საინვესტიციო ვალდებულების გათვალისწინებით, გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტა ქონების მართვის სააგენტომ აუქციონის ასეთ მოკლე პერიოდში დასრულება, თუ ქალაქის მთავრობის მიზანი რაც შეიძლება მეტი პოტენციური მყიდველის მოზიდვა და  ნაკვეთთის მაქსიმალური კონკურენციის პირობებში გასხვისება იყო.

კითხვებს ბადებს ის გარემოებაც, რომ სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობისთვის აუცილებელი სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, რომელიც ზონალურმა საბჭომ 21 აპრილს არქიტექტურის სამსახურის განაცხადის საფუძველზე მიიღო, გულისხმობდა ნებართვის ერთიანად გაცემას რამდენიმე ნაკვეთზე, რომელთაგან ორი იმ დროს უკვე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის საკუთრებაში იყო, ხოლო ერთი იმჟამად სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და მხოლოდ 3 მაისს შეიძინა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ. მსგავსი გადაწყვეტილება ბადებს ეჭვს, რომ ნაკვეთის მომავალი მფლობელის ვინაობა ქალაქის ხელისუფლებისთვის ჯერ კიდევ აუქციონის გამოცხადებამდე იყო ცნობილი.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ნაკვეთის პრივატიზებისა და შემდგომი განაშენიანების შესახებ გადაწყვეტილების შეუსაბამობა თბილისის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციასთან

ზემოხსენებულ წერილში, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ქონების მართვის სააგენტოს უფროსს 18 აპრილს გაუგზავნა, ნათქვამია, რომ თბილისში არსებობს მზარდი მოთხოვნა სასტუმრო დაწესებულებებზე და რომ „დედაქალაქის მასშტაბით ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება აჩენს ახალ შესაძლებლობებს დეველოპმენტის მიმართულებით.“ მსგავსი მოსაზრება გამოთქვა მოგვიანებით თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემაც, რომელმაც 3 მაისის აუქციონის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ახალი გზის მშენებლობა თბილისში ჯერ კიდევ აუთვისებელი ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობას ქმნის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის მერიის წარმომადგენლების მიერ მოყვანილი დასაბუთება  ეწინააღმდეგება ქალაქის განვითარების ძირითად პრინციპებსა და მიზნებს, რომლებიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ წინასაპროექტო ხედვაშია მოცემული და რომლებსაც უნდა დაეფუძნოს მომავალი გენერალური გეგმა. კერძოდ, წინასაპროექტო ხედვის თანახმად, თბილისი უნდა იყოს „კომპაქტური“ და „რესურსდამზოგავი“ ქალაქი. დოკუმენტში  ნეგატიურად არის შეფასებული დანაწევრებული და არაკონცენტრირებული ქალაქის სტრუქტურა და განაშენიანების ახალი ცენტრების შექმნა იმ ადგილებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ძირითადად მეტროს) კარგად განვითარებული ქსელები არ არსებობს. ამრიგად, კრწანისი-შინდისის ახალი გზის მიმდებარე, დღემდე აუთვისებელი ტერიტორიების განაშენიანება არსებითად ეწინააღმდეგება ქალაქის განვითარების იმ ხედვას, რომელიც თბილისის მერიამ თავადვე მოიწონა 2015 წელს.

ქალაქის გაფართოება განაშენიანებული ბირთვის გარეთ მდებარე აუთვისებელ ტერიტორიებზე შორსმიმავალი შედეგების მქონე გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანშეწონილობა ქალაქგანვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთო კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. გადაწყვეტილების მიღების მოკლე ვადები, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, იმაზე მიუთითებს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდბარე ტერიტორიის შემთხვევაში ასეთი განხილვა არ გამართულა.

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მარშრუტის კორექტირება

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის პრივატიზებამ გამოიწვია კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი მშენებარე გზის მარშრუტის კორექტირება, რაც კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმაც დაადასტურა. თბილისის მერიას უკვე ქონდა გაწეული ხარჯები თავდაპირველი მარშრუტის ფარგლებში ტერიტორიის მომზადებაზე (რაც ხეების მოჭრას და გაზსადენი ქსელის გადატანას მოიცავდა). ხსენებული მიწის ნაკვეთის პრივატიზებისა და მარშრუტის კორექტირების შედეგად, სავარაუდოდ გაიზრდება ბიუჯეტის ხარჯები და საჭირო გახდება დამატებით ასობით ხის მოჭრა.

თბილისის მერიაში გადაწყვეტილების მიმღები პირების კავშირები ივანიშვილების ოჯახთან

ყურადსაღებია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ნოდარ ჭიჭინაძე, რომლის წერილმაც სათავე დაუდო ხსენებული მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის პროცესს, 2014-2015 წლებში მუშაობდა ტელეკომპანიაში GDS, რომლის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილია. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ელიტა ბურჯში“ მუშაობდა 2014-2015 წლებში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, რომლის უწყებაც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ზედამხედველობს. ასევე აღსანიშნავია, რომ თბილისის მერის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი 2004-2016 წლებში ივანიშვილების ოჯახთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა.

დასკვნა

ამრიგად, ბოტანიკურ ბაღსა და მის მიმდებარედ თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების განკარგვას თან ახლდა რამდენიმე საეჭვო გარემოება. კერძოდ:

  • ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის „ფინსერვისი XXI“ საკუთრებაში 2007 წლიდან არსებულ და ამავე კომპანიის მიერ 2016 წლის 12-20 აპრილს განხორციელებული გაცვლის შედეგად მიღებული ნაკვეთების მნიშვნელოვან ნაწილს ერთმანეთისგან „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ 22 აპრილს დაწყებულ აუქციონზე შეძენილი ნაკვეთი ყოფს, რაც აჩენს ეჭვს, რომ გაცვლის მომენტში „ფინსერვისის“ ხელმძღვანელობა მოქმედებდა რწმენით, რომ მესამე ნაკვეთიც მისი (ან მასთან დაკავშირებული კომპანიის) საკუთრებაში აღმოჩნდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გაცვლის მომენტში ამ ნაკვეთზე აუქციონი ჯერ არ იყო გამოცხადებული. ზონალური საბჭოს მიერ 21 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაკვეთებზე სასტუმროს მშენებლობისთვის ერთიანი ზონალური ნებართვის გაცემის თაობაზე ასევე აძლიერებს ეჭვს, რომ შემდგომში აუქციონზე გატანილი ნაკვეთის მომავალი მესაკუთრის ვინაობა წინასწარ იყო ცნობილი.

  • მერიის გადაწყვეტილება, სასტუმროს აშენების მიზნით ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, სარეკრეაციო ზონაში 29 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის შესახებ, არ არის სათანადოდ დასაბუთებული და ეწინააღმდეგება თბილისის გენერალური გეგმის წინასაპროექტო ხედვას, რომელიც თავად ქალაქის მერიამ შარშან მოიწონა.

  • ხსენებული ნაკვეთის პრივატიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ქონების განკარგვისა და ქალაქგეგმარების კუთხით, ჩატარდა საეჭვოდ მოკლე ვადებში, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილებებს არ უძღოდა წინ საკითხის ჯეროვანი განხილვა. გარდა ამისა, უშუალოდ აუქციონის ჩატარების ალოგიკურად მოკლე ვადები ასევე ბადებს ეჭვს, რომ ქალაქის ხელისუფლება მიზნად არ ისახავდა ტერიტორიის გასხვისებას მაქსიმალური კონკურენციის პირობებში.

  • ამ ტერიტორიის პრივატიზების შედეგად საჭირო გახდა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი მშენებარე გზის მარშრუტის კორექტრიება, რის შედეგადაც სავარაუდოდ გაიზარდა სახელმწიფოს ხაჯები და გაჩნდა დამატებით ხეების მოჭრის აუცილებლობა.

  • კითხვებს ბადებს თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების კავშირები ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვის პროცესის საბოლოო ბენეფიციარი აღმოჩნდა.

ზემოაღწერილი გარემოებები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სარეკრეაციო ზონაში 29 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზების, ასევე ამ და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს მშენებლობაზე სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის პროცესი ატარებდა არსებითად ფიქციურ ხასიათს და ემსახურებოდა უფრო ადრე, არაფორმალურ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივად გაფორმებას. ეს გულისხმობს, რომ თბილისის მერია, რომელიც საჯარო ინსტიტუტია და კანონით განსაზღვრულ საზოგადოებრივ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, ამ შემთხვევაში კერძო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს მერიის საქმიანობაზე არაფორმალური ზეგავლენის არსებობის ეჭვს.

ვინაიდან საჯარო უფლებამოსილებების გამოყენება კერძო მიზნებისთვის არსებითად კორუფციული დანაშაულია, მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და შეისწავლონ აღნიშნული მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებული გარემოებები.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“