ENG

თბილისის მერიის საახალწლო შესყიდვები კორუფციის შესაძლო ნიშნებს შეიცავს

06 ივნისი, 2020


თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების უზრუნველყოფაზე 2019 წელს 6.6 მლნ ლარამდე დახარჯა, მათ შორის 2.2 მლნ ლარის შესყიდვები უტენდეროდ, გამარტივებული გზით განხორციელდა.

კორუფციის შესაძლო ნიშნებს შეიცავს შპს „თბილსერვის ჯგუფის” მიერ ჩატარებული 5 ტენდერი, საიდანაც კონკურენცია მხოლოდ ერთში იყო. კონკურენციის არარსებობა და სატენდერო პირობები კონკრეტულ მიმწოდებელზე მორგებულ ტენდერებზე აჩენს ეჭვს.

3.3 მლნ ლარის ღირებულების ოთხ ტენდერში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა იტალიურმა კომპანიამ IDO SRL-მა, რაც სავარაუდოდ, ამ კომპანიის პროდუქციაზე მორგებულმა შესასყიდი საქონლის ნიმუშებმა, არალოგიკურად მკაცრმა საკვალიფიკაციო მოთხოვნებმა და წინადადების წარდგენის მცირე ვადებმა განაპირობა. 2018 წელს ამავე კომპანიამ 2.1 მლნ ლარის ტენდერი მოიგო კონკურენციის გარეშე, ხოლო 2017 წელს პირდაპირი შესყიდვის გზით მერიამ 620 ათასი ევროს ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა.

მორგებული ტენდერის ეჭვს აჩენს „თბილსერვის ჯგუფის“ კიდევ ერთი ტენდერი, რომელშიც შპს „ბენ 3“-მა გაიმარჯვა. „ბენ 3“ ტენდერის გამოცხადებამდე 11 დღით ადრე დარეგისტრირდა და 477 000 ლარის ღირებულების ტენდერი სამეწარმეო საქმიანობის ყოველგვარი გამოცდილების გარეშე მოიგო.

პრობლემაა დახარჯული თანხის მოცულობაც. ქალაქში, სადაც მწვავე სოციალური და ურბანული პრობლემებია, ახალი წლის ღონისძიებებზე 6.6 მლნ ლარის დახარჯვა, ჩვენი აზრით, გამართლებული არ არის.

შესავალი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საბიუჯეტო ხარჯების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ფარგლებში თბილისის ბიუჯეტიდან საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები შეისწავლა.

საქართველოში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ მაღალია გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ყოველთვის 1 იანვარს არის, მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება და წლის ბოლოს დაჩქარებულად და მითუმეტეს, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული. არაეკონომიურობასთან ერთად, პირდაპირი შესყიდვები კორუფციის ეჭვებს აჩენს. საახალწლო შესყიდვებთან დაკავშრებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გასულ წელსაც გამოაქვეყნა კვლევა.

საახალწლო შესყიდვებთან დაკავშირებული ტენდერები და პირდაპირი შესყიდვები

თბილისის მერიამ და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში მყოფმა შპს „თბილსერვის ჯგუფმა” 2020 წლის შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის 6.6 მლნ ლარამდე დახარჯა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მერიის ადმინისტრაციამ ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის 2,652,045 ლარი, ხოლო „თბილსერვის ჯგუფმა” 3,415,974 ლარი დახარჯა. თუმცა, შესყიდვების ელექტრონული სისტემის მიხედვით, „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ღონისძიებებზე 3.9 მლნ ლარი აქვს დახარჯული.

თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვების გზით 2 მლნ ლარზე მეტი დახარჯა, რაც საახალწლო ღონისძიებებზე გაწეული ხარჯის 77%-ია. „თბილსერვის ჯგუფმა” პირდაპირი შესყიდვების გზით 180 ათასი ლარი, მთლიანი თანხის 5% დახარჯა. ორივე უწყებამ ერთად პირდაპირ შესყიდვებზე მთლიანი თანხის 36% დახარჯა.

ამ უწყებებიდან ინფორმაცია ღონისძიებების განხორციელებისთვის გამოცხადებული ტენდერების და გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების განცხადების ნომრების ჩათვლით გამოვითხოვეთ, თუმცა მერიისგან მხოლოდ ტენდერების და პირდაპირი შესყიდვების ჯამურ თანხაზე მივიღეთ ინფორმაცია, ხოლო „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში 455,000 ლარის ღირებულების ტენდერი არ იყო შეტანილი (ტენდერის ნომერი: NAT190018326).

თბილისის მერიის ტენდერებზე და გამარტივებულ შესყიდვებზე დამატებითი ინფორმაცია შესყიდვების ელექტრონული სისტემიდან მოვიპოვეთ. მერიამ სამი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანიებმა „პეგასი ჯგუფმა“ (158,645 ლარი), „სთოლმა“ (378,000 ლარი) და „სოუნდ სითიმ“ (54,500 ლარი) გაიმარჯვეს. ტენდერებში „პეგასი ჯგუფს“ და „სოუნდ სითის“ კონკურენტები არ ჰყავდათ.

საახალწლო გასართობი ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის თბილისის მერიამ პირდაპირი შესყიდვის გზით 10 კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომელთა საშუალო ღირებულება 205 ათასი ლარია. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება იყო დასახელებული.

შპს „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ღონისძიებების განსახორციელებლად 3.4 მილიონი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 5% (180 ათასი ლარი) დაიხარჯა პირდაპირი შესყიდვის გზით, რომელიც სამ კომპანიაზე განაწილდა: „ღამის შოუ სტუდია“ (59,586 ლარი), „დანდი“ (110,000 ლარი) და „ელ-გრუპი“ (10,827 ლარი).

იტალიურ კომპანია IDO SRL-ზე შესაძლო მორგებული ტენდერები

„თბილსერვის ჯგუფმა“ 3.9 მლნ ლარიდან 95% ტენდერით დახარჯა, თუმცა, 3.3 მლნ ლარის ოთხი ტენდერი ერთი და იმავე კომპანიამ მოიგო, თანაც გამარჯვებულს არცერთ ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია. ეს არის იტალიური კომპანია IDO SRL, რომლისგანაც მერიამ 2.2 მლნ ლარის გასანათებელი მოწყობილობები და 1.1 მლნ ლარის ღირებულების საახალწლო ნაძვის ხე შეიძინა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელსაც საახალწლო გასანათებელი მოწყობილობები „IDO SRL“-სგან შეიძინა თბილისის მერიამ. მაშინაც ამ კომპანიამ 2.1 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი კონკურენტის გარეშე მოიგო. 2017 წელს კი „თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად IDO SRL-თან პირდაპირი შესყიდვის გზით 620 ათასი ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ბოლო 3 წელიწადში IDO SRL-მა თბილისის მერიისგან დაახლოებით 7.3 მლნ ლარი მიიღო.

2019 წელს IDO SRL-ის მიერ მოგებული 4 ტენდერი აჩენს ეჭვს, რომ „თბილსერვის ჯგუფმა“ ტენდერის პირობები აღნიშნულ კომპანიას მოარგო. სავარაუდოდ IDO SRL-ზე მორგებულ ტენდერებში რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოიკვეთა :

  1. 1,250,000 ლარიანი ტენდერის (სარეგისტრაციო ნომერი NAT190017276) ტექნიკურ აღწერილობას თან ერთვის ფოტოები, რომლებიც, შესაძლოა, IDO SRL-ის პროდუქციაზეა მორგებული. ამას გარკვეულწილად ადასტურებს ის, რომ 25-ე პუნქტზე დართულ ფოტოზე აღბეჭდილია იტალიის ქალაქ ვერონას დელე ერბეს მოედანზე მოწყობილი საახალწლო განათებები (პროგრამირებადი მეტეორები), რომელიც გვხვდება „IDO SRL“-ის სარეკლამო ვიდეო რგოლში.

    ასევე, 467,000 ლარიანი ტენდერის (სარეგისტრაციო ნომერი NAT190020601) ტექნიკურ აღწერილობაში, მე-3 პუნქტში მოცემულ ფოტოზე აღბეჭდილი 3D კუდი IDO SRL-ის პროდუქციის ანალოგიურია.

    ფოტო  #1. ნიმუში, რომელიც მოცემულია ტენდერის ტექნიკურ აღწერილობაში

    ფოტო #2. IDO SRL-ის 2018 წლის ფოტო ფეისბუქზე

  2. 2IDO SRL-ის მიერ მოგებულ ოთხივე ტენდერში პრეტენდენტის გამოცდილების მოთხოვნები არაგონივრულად მკაცრი იყო. სამ ტენდერში მოთხოვნა იყო, რომ პრეტენდენტს 2016 წლის 1 იანვრიდან უნდა ჰქონოდა საქართველოს ან/და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის არანაკლებ 3 მლნ ლარის ღირებულების საახალწლო განათებების მიწოდების გამოცდილება. ერთი ტენდერის შემთხვევაში კი, მინიმუმ 1.5 მლნ ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასეთმა მკაცრმა საკვალიფიკაციო მოთხოვნებმა შესაძლოა კონკურენციის შემზღუდველი ფაქტორის  როლი ითამაშა, განსაკუთრებით ქართული კომპანიების მიმართ.
     
  3. ტენდერები (ნაძვის ხის შესყიდვაზე 21 აგვისტოს, გასანათებელ მოწყობილობებზე 30 აგვისტოს და 18 სექტემბერს) საკმაოდ ადრე გამოცხადდა. თადარიგის დაჭერა და ტენდერების დროულად გამოცხადება მისასალმებელია, მაგრამ პრეტენდენტებს ტენდერში წინადადების წარსადგენად მაქსიმუმ 12 დღე ჰქონდათ. მაღალბიუჯეტიან, საკმაოდ სპეციფიკური საქონლის მიწოდებაზე 12 დღეში წინადადების წარდგენა შესაძლოა კონკურენციის ერთ-ერთი შემზღუდველი გარემოება გახდა.

საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ IDO SRL-ის პროდუქციაზე მორგებულმა ნიმუშებმა, არაგონივრულად მკაცრმა საკვალიფიკაციო მოთხოვნებმა და წინადადების წარდგენის მცირე ვადებმა, ის შედეგი გამოიღო, რომ გასული 2 წლის მსგავსად, ოთხივე ტენდერში მხოლოდ IDO SRL-მა მიიღო მონაწილეობა და კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა. სამი ტენდერზე კომპანიამ ზუსტად ის ფასი წარადგინა, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო, ანუ შესყიდვის შედეგად ეკონომია არ გაკეთდა. მხოლოდ ნაძვის ხის ტენდერი მოიგო მან სავარაუდო ფასზე 11 ათას ლარზე ნაკლებად - 1 089 000 ლარად. აქედან გამომდინარე, 3.3 მლნ ლარის შესყიდვაზე მხოლოდ 11 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდა.

შპს „ბენ 3“-ზე შესაძლო მორგებული ტენდერი

მორგებული ტენდერის ეჭვს აჩენს 2020 წლის საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული „თბილსერვის ჯგუფის“ მეხუთე ტენდერიც, რომელშიც შპს „ბენ 3“-მა გაიმარჯვა.

შპს „ბენ 3“ 2019 წლის 11 ოქტომბერს დარეგისტრირდა, „თბილსერვის ჯგუფმა“ კი  გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების შესყიდვაზე 477,000 ლარიანი ტენდერი (ნომრით NAT190020197) 22 ოქტომბერს გამოაცხადა. „თბილსერვის ჯგუფმა“ პრეტენდენტების მინიმალური გამოცდილების მოთხოვნები საერთოდ არ დააწესა და შედეგად, 11 დღის დარეგისტრირებულ „ბენ 3“-ს საკმაოდ მაღალბიუჯეტიან შესყიდვაში მონაწილეობის საშუალება მიეცა. „თბილსერვის ჯგუფის“ ასეთი საქციელი უცნაურია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა IDO SRL“-ის მიერ მოგებულ ტენდერებში ბოლო 4 წლის განმავლობაში 3 მლნ ლარის ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილებას ითხოვდა კომპანიებისგან.

„ბენ 3“-თან ერთად ტენდერში მონაწილეობა კიდევ ორმა კომპანიამ მიიღო. ყველაზე დაბალი ფასი შპს „ნებიმ“ წარადგინა, მაგრამ ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. „თბილსერვის ჯგუფის“ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, „ნებიმ“ სატენდერო დოკუმენტაციაში მოდელის შესახებ ინფორმაცია არ მიუთითა. „ნების“ შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი - 472,980 ლარი „ბენ 3“-ს ჰქონდა შეთავაზებული და შესაბამისად, ის გამოცხადდა გამარჯვებულად. შპს „ბენ 3“-თვის ეს იყო პირველი სახელმწიფო ტენდერი, რომელიც მოიგო და მანამდე საქონლის ან მომსახურების მიწოდების გამოცდილება არ ჰქონდა.

რეკომენდაციები

  • მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ საახალწლო საქონლის და მომსახურების შესყიდვებით და გამოიძიონ კორუფციის ნიშნების შემცველი ფაქტები;
  • მოვუწოდებთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, შეისწავლოს ზემოთ აღნიშნული შესყიდვები და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159 (6 პრიმა) მუხლის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვოს სატენდერო კომისიის წევრების დაჯარიმება;
  • მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლის და მომსახურების პირდაპირი გზით შესყიდვა, რადგან თავისუფლად არის შესაძლებელი ტენდერები ადრიანად დაიგეგმოს და პირდაპირი შესყიდვის განხორციელება არ გახდეს გადაუდებელი აუცილებლობა. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება არ გულისხმობს, რომ აუცილებლად გამარტივებული შესყიდვის ფორმა უნდა იყოს გამოყენებული;
  • შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ტენდერის პირობები იმგვარად უნდა შეადგინონ, რომ კორუფციის რისკები მინიმუმადე იქნას დაყვანილი. ზედმეტად დეტალიზებული საქონლისა და მომსახურების მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციაში მითითება და არაგონივრულად მაღალი ან დაბალი საკვალიფიკაციო პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნა კორუფციის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უფრო მკაცრად უნდა მოეკიდოს საახალწლო შესყიდვებისთვის პირდაპირი შესყიდვაზე თანხმობის გაცემის საკითხს;
  • დედაქალაქში არსებული სოციალური და ურბანული პრობლემების ფონზე, ქალაქის ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს საახალწლო ღონისძიებებზე დიდი თანხის ხარჯვისაგან და ეს რესურსი მწვავე პრობლემების მოგვარებას უნდა მოახმაროს.