ENG

პროკურატურის მიერ მუქარით ჩამორთმეული ქონება საირმეში

31 ოქტომბერი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  აქვეყნებს მეორე ბლოგს, რომელიც შეეხება საირმის მოსახლეობის მიმართ 2009-2010 წლებში ადგილობრივი პროკურატურის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ზეწოლას საკუთრებაში არსებული მიწების სახელმწიფოსთვის დათმობის მიზნით.

2010 წელს კურორტ საირმეში დაახლოებით 20-მდე ადგილობრივმა მეწარმემ, 1 კვირის განმავლობაში სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა უძრავი ქონება. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2012 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბრობდა. ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდეო მასალაში დაზარალებული მესაკუთრეები საუბრობენ პროკურატურის თანამშრომლების, კერძოდ კი პროკურორ კახა სვანიძის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე. როგორც გაირკვა, კახა სვანიძე პირადად აიძულებდა დაზარალებულებს მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის ჩუქებას. საირმის შემთხვევაში ასევე ფიგურირებს ბაღდათის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ კოხოძე, რომელიც საბოლოოდ წართმეული მიწების მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტები და რეგიონული ოფისების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი მსგავსი საკითხების მოძიებასა და კვლევაში. გასული კვირის განმავლობაში ჩევენი წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში შეხვდნენ არაერთ დაზარალებულს. ჩვენი ორგანიზაცია უახლოს დღეებში გამოაქყვენებს დამატებით ინფორმაციასა და ინტერვიუებს. მიღებული ინფორმაციის საბოლოო შეჯამებისთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

მსგავსი ფაქტების სიმრავლის გამო მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეების საკუთრების დარღვევის ფაქტებს გამოიძიებს. ორგანიზაცია ფლობს შესაბამის მასალებს და მტკიცებულებებს საკუთრების უფლების ხელყოფის შესახებ.  მზად ვართ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ  სპეციალური კომისიის ჩამოყალიბებასა და მუშაობაში.

 

 

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო