ENG

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიები და მათთან დაკავშირებული პირები

31 ოქტომბერი, 2018

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან სულ მცირე 9 ოფშორული კომპანია და 70-ზე მეტი საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციაა ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული (საჯარო რეესტრის მონაცემებისა და სხვადასხვა ღია წყაროს თანახმად). პოლიტიკოსის კავშირი კერძო სექტორის კომპანიებთან, მართალია ყოველთვის კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის სერიოზული პოტენციური წყაროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს ეხება. ამგვარი რისკების პრევენიციის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება ამ კავშირების მაქსიმალური გამჭვირვალობაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი კვლევა.

პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან დაკავშირებული კომპანიები სხვადასხვა გახმაურებული შემთხვევისა თუ საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხის მონაწილე და ინტერესის საგანი არაერთხელ გამხდარან. ასეთ საკითხებს შორისაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, საჯარო ქონების განკარგვისა თუ ზოგიერთი თანამდებობის პირის ოჯახისთვის ფულადი თანხის ჩუქების/დახმარების გაწევის შემთხვევები.

წარმოდგენილ მიმოხილვაში მოყვანილი მაგალითები მიუთითებს, რომ:

  • ბიძინა ივანიშვილის გავლენა მთავრობაზე ქმნის საფრთხეს, რომ მასთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფოსგან უსამართლო (და შესაძლოა ასევე უკანონო) სარგებელსა თუ უპირატესობებს მიიღებენ
  • კვლევაში განხილული ბიძინა ივანიშვილის ბიზნესკავშირები წარმოშობს რისკებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მხრივაც. ერთი წყაროდან მომავალი დიდი ფული, როგორც წესი, უარყოფითად აისახება პოლიტიკურ პარტიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებაზე

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ:

  • ბიძინა ივანიშვილმა, როგორც უკიდურესად გავლენიანმა პოლიტიკოსმა და მმართველი პარტიის ლიდერმა, უზრუნველყოს, რომ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს სრული ინფორმაცია ბიზნესთან მისი კავშირების შესახებ
  • ხელისუფლებამ მიიღოს კანონი კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტზე 2016 წლის მაისში აიღო ვალდებულება, რომ საქართველო შეისწავლიდა კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების საჯარო რეესტრის შექმნის მიზანშეწონილობას
  • საჯარო სამსახურის ბიურომ სათანადო ყურადღება დაუთმოს  ივანიშვილთან დაკავშირებული თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმებას, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული პოლიტიკური შემოწირულობები რეგულარულად  უნდა აკონტროლოს
  • შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა უფრო ეფექტურად უნდა მოახდინონ რეაგირება ანტიკორუფციული კანონმდებლობის უკვე გამოვლენილ დაღვევებზე (მაგ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის შემთხვევაში).

ქვემოთ მიმოხილულია  ყოფილ პრემიერმინისტრსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისა და მათი ხელმძღვანელების  საქმიანობა და კავშირები.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ცხრავე ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი, რეესტრის დოკუმენტების თანახმად, კახა კობიაშვილია, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის დისშვილია. „ქართული ოცნების” თავმჯდომარის კომპანიებთან დაკავშირებულ პირებს (ხელმძღვანელებს) 2012-18 წლებში ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების შემოწირულობა აქვთ განხორციელებული მმართველი პარტიისთვის.

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 9 ოფშორული კომპანიისა და მათ საკუთრებაში არსებული 70-მდე კომპანიის შესახებ.

ბლოგი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით