თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრები დამატებით შესწავლას საჭიროებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრები დამატებით შესწავლას საჭიროებს

07 მარტი, 2018

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს. ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ მიღებულმა საჩუქრებმა. მაღალჩინოსნების მიერ ფულადი საჩუქრების მიღება გარკვეულ კორუფციულ რისკებთანაა დაკავშირებული, რის გამოც საჯარო სამსახურის ბიურომ თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა შეისწავლოს.

ქონებრივი დეკლარაციების სისტემის არსებობა ორ ძირითად მიზანს ემსახურება: თანამდებობის პირთა უკანონო გამდიდრების პრევენციას და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების გამოვლენას. ამ მიზნებიდან გამომდინარე, კანონი მთელ რიგ შეზღუდვებს ადგენს თანამდებობის პირებისთვის: მაგალითად, მათ ეკრძალებათ საჯარო სამსახურის პარალელურად რაიმე თანამდებობის დაკავება ან ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება კერძო სექტორში, ასევე ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ან რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება. მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებისთვისაც. ამავე დროს, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.

არსებული შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. თავისთავად ეს გამონაკლისი გონივრული და გამართლებული შეიძლება იყოს, თუმცა ამავე დროს არსებობს საფრთხე, რომ (სათანადო ზედამხედველობის არასებობის შემთხვევაში) ეს გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის დამალვის ან „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ - ანუ არაჯეროვანი შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრისა.

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურის მიერ მსხვილი საჩუქრის (დიდი ოდენობით თანხის ან მაღალი ღირებულების ქონება-მომსახურების) დეკლარირება ხდება, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ფარგლებში მოხდეს ასეთი ტრანზაქციის გადამოწმება იმის დასადგენად, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობას.

ამავე მიზეზით, თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ყურადღებით აკვირდება თანამდებობის პირების მიერ მიღებულ საჩუქრებს.  ქვემოთ გთავაზობთ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომლებმაც (მათი ქონებრივი დეკლარაციების თანახმად) ბოლო პერიოდში მსხვილი საჩუქრები მიიღეს.

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ 2017-18  წლებში შევსებული დეკლარაციები და წარმოდგენილი ინფორმაციიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესო რამდენიმე შემთხვევა გამოიკვეთა.


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე


იური ნოზაძე “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევს, ვინაიდან მისი მეუღლე ყოველ წელს სოლიდურ ფულად საჩუქარს იღებს, რომლის ღირებულებაც კანონით განსაზღვრულ ლიმიტს აღემატება.

კერძოდ, 2013-2016 წლებში - მის მეუღლეს ლენა მამაცაშვილს 80.500 ₾ აქვს მიღებული საჩუქრად შპს „ახალი სერვისისგან,” რომელიც ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ ჯგუფთან” დაკავშირებული კომპანიაა. კერძოდ, შპს „ახალი სერვისი” იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბანკი „ქართუ" მდებარეობს (ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონში, ი. ჭავჭავაძის გამზ.,N39ა) და საკონტაქტო ელ. ფოსტადაც office@cartugroup.com არის მითითებული. კომპანიის მესაკუთრე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია შპს „რინგოლდ ფინანს ლიმიტედია.” ამავე მისამართზეა რეგისტრირებული შპს „ფინსერვისი XXI"-ც, რომლის დირექტორი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეობამდე, თავად იური ნოზაძე იყო. „ფინსერვისი XXI” ფიგურირებს თბილისის მერიის მიერ ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის განკარგვის კორუფციის ნიშნების შემცველ პროცესში. საყურადღებოა ისიც, რომ იური ნოზაძემ 2016 წელს„ ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა, რის შესახებაც ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებია.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, შპს “ახალი სერვისი” ახლობლების, მსახიობების, მომღერლებისთვის თანხის სახით დახმარების გადაცემის მიზნით შეიქმნა და მისი მეუღლე მას 7-8 წელია იღებს.


ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე

არჩილ გოგსაძე “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევს, ვინაიდან მას საჯარო რეესტრის მონაცემებით “აქტიური” სტატუსის მქონე საწარმოში დირექტორის პოსტი უკავია. ამავე დროს, მისი ოჯახის დეკლარირებული გასავალი მნიშვნელოვნად აღემატება მათ შემოსავალს, რაც საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების საფუძველი უნდა გახდეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ 2016-2017 წლებში 45 000 ლარის ოდნების ფულადი საჩუქარი მიიღო. 2016 წელს 20 000 ლარი მას ძმამ და დეიდაშვილმა აჩუქეს, ხოლო 2017 წელს 25 000 ლარის საჩუქარი ძმისგან მიიღო.

2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩილ გოგსაძე ორ კომპანიაშია 50 %-იანი წლის მფლობელი, ხოლო ერთ-ერთში დირექტორის პოზიცია უკავია. თუმცა, მისივე ცნობით, კომპანიებს საქმიანობა ამ დროისთვის შეჩერებული აქვს. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „აგუნა” მოქმედი კომპანიაა, და სწორედ მასშია რეგისტრირებული დირექტორად არჩილ გოგსაძე, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს ეწინააღმდეგება. ამავდროულად, მისი ბიზნესპარტნიორი ლევან გოგსაძეა. საყურადღებოა, რომ ლევან გოგსაძეს 2016 წელს „ქართული ოცნებისთვის” 37 950 ლარი აქვს შეწირული.

რაც შეეხება დეკლარაციაში მითითებულ მეორე კომპანიას, შპს „გრანდს”, რეესტრში უკანასკნელი ამონაწერი 2017 წლის 11 მაისში ფიქსირდება, რომლის მიხედვითაც არჩილ გოგსაძე კომპანიის მოქმედი მეწილეა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მერის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის გასავალი მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავალს (საჩუქრის გარეშე).

 

 

 


დეკლარაციის მიხედვით, არჩილ გოგსაძემ იპოთეკური სესხის პროცენტი 17 420 აშშ დოლარი გადაიხადა, ეროვნული ბანკის მიხედვით, ლარის ოფიციალურმა საშუალო გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 2017 წელს 2.51 შეადგინა. შესაბამისად, არჩილ გოგსაძის გასავალმა იპოთეკური სესხის პროცენტის სახით  43 867 ლარი შეადგინა.

ამავე დროს, არჩილ გოგსაძის და მისი მეუღლის ჯამური დანაზოგი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 5 500$-დან 6 840$-მდე გაიზარდა.

საერთო ჯამში არჩილ გოგსაძის დეკლარირებულმა გასავალმა (სესხი და შვილების სწავლის გადასახადი) 58 724 ლარი შეადგინა, რაც მისსავე დეკლარირებულ შემოსავალზე (53 322.78 ლარი, მიღებული საჩუქრის გარეშე), დაახლოებით, 5 401 ლარით მეტია.



დასკვნა და რეკომენდაციები

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს.

ამავდროულად, საჩუქარს არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ახლო ნათესავის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება; შესაბამისად, კანონი საჯარო მოსამსახურეს აძლევს საშუალებას ახლო ნათესავისგან საჩუქრად მიიღოს განუსაზღვრელი რაოდენობის / ღირებულების თანხა / ქონება. ასეთი ვითარება წარმოშობს რისკს, რომ ნათესავისგან საჩუქრად მიღებული ქონება შეიძლება გარკვეული შემოსავლის დეკლარირებისგან თავის არიდების ან უკანონოდ/დაუსაბუთებლად მიღებული შემოსავლის გამართლების საშუალებად იქცეს. აქედან გამომდინარე:

  • საჯარო სამსახურის ბიურო თითოეულ მსგავს შემთხვევაში უნდა დაინტერესდეს ასეთი ქონების/შემოსავლის წარმომავლობით და შეისწავლოს, თუ რამდენად შეეძლო ამა თუ იმ თანამდებობის პირის ოჯახის წევრს შესაბამისი საჩუქრის გაკეთება.

  • ვინაიდან თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების მიღება სამართლებრივთან ერთად, ეთიკურ პრობლემებსაც წარმოშობს, პარლამენტმა დროულად უნდა მიიღოს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ახალი ეთიკის კოდექსი, სადაც პარლამენტის წევრის მიერ მიღებულ საჩუქრებთან დაკავშირებით გამკაცრებული რეგულაციები და გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტია.

შესწავლილი ქონებრივი დეკლარაციებიდან ასევე გამოიკვეთა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევის ფაქტები სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილის იური ნოზაძისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ გოგსაძის მხრიდან. შესაბამისად,

  • საჯარო სამსახურის ბიურომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა შეისწავლონ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის მეუღლის ლენა მამაცაშვილის მიერ შპს „ახალი სერვისისგან” ყოველწლიურად საჩუქრის მიღების კანონთან შესაბამისობის საკითხი და ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მიიღოს სათანადო ზომები მის  აღმოსაფხვრელად.

  • საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა შეისწავლოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ გოგსაძის ქონებრივი დეკლარაცია, ვინაიდან მისი დეკლარირებული ხარჯები (საჩუქრის გარეშე) აღემატება მის შემოსავლებს. ამავე დროს, ის დირექტორის პოსტს იკავებს აქტიურის სტატუსის მქონე საწარმოში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს ეწინააღმდეგება.


 


პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარე საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით