ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში
2017 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ქართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულებების - 15 480 402 ლარის 91% მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც ათჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულებებს.
საანგარიშო პერიოდის დეტალურმა შესწავლამ შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:
ზოგადი ტენდენციები
მთლიანობაში პოლიტიკურმა პარტიებმა 15 480 402 ლარის ოდენობის შემოწირულება მოიზიდეს, საიდანაც 11 189 128 (72%) ლარი 1 117 ფიზიკური პირის მიერ გაღებული თანხაა, ხოლო 4 291 274 ლარი – 68 იურიდიული პირის მიერ;
ამ თანხის უდიდესი ნაწილი 14 124 553 ლარი (91%) მიიღო პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, შემდეგ მოდის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 950 833 ლარით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 122 496 ლარით, „პატრიოტთა ალიანსი” – 66 392 ლარით და „ეროვნული ფორუმი“ – 39 182 ლარით;
„ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულება თხუთმეტჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული „ევროპული საქართველოს“ შემოწირულებას და ათჯერ მეტია ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულებებზე;
68 შემომწირველი იურიდიული პირიდან 61 „ქართული ოცნების” შემომწირველია, რომლებმაც მთლიანობაში მმართველ პარტიას 4 285 543 ლარი შესწირეს. მხოლოდ 7-მა იურიდიულმა პირმა გაიღო შემოწირულება „პატრიოტთა ალიანსის“, „ეროვნული ფორუმის“ და „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ საერთო ოდენობით 5 711 ლარი. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, 1 117 შემომწირველიდან 537 „ქართული ოცნების“ დონორი იყო, რომელთაგან 279 ადამიანი, თავის მხრივ, 782 კომპანიასთან იყო გარკვეულ კავშირში;
კვლევისას გამოვკვეთეთ 42 საინტერესო შემთხვევა, როდესაც ორ ან მეტ შემომწირველს გარკვეული კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან და ერთობლივად მინიმუმ 20 000 ლარი მაინც ჰქონდა შეწირული;
განხორციელებული შემოწირულებების ავტორებიდან აღმოჩნდა ისეთი 30 ფიზიკური პირი, რომლებმაც 2012 წელს მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაიღო თანხები, 2017 წელს კი ამჟამინდელის - „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
განსაკუთრებით საყურადღებო შემთხვევები
ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან ამა თუ იმ ფორმით ღიად დაკავშირებულმა 12-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა „ქართულ ოცნებას“ 2017 წელს 565 000 ლარი შესწირა, 2016-17 წლებში კი ამ თანხამ ერთ მილიონ ლარს გადააჭარბა;
შპს „პოლიმერი“-სა და „პოლიმერი 1“-ის თანამფლობელმა ხუთმა ფიზიკურმა პირმა 2016-17 წლებში მმართველ პარტიას მთლიანობაში 400 000 ლარი შესწირეს. ეს ორი კომპანია იმით არის აღსანიშნავი, რომ ისინი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები არიან. ამ პროგრამის ფარგლებში 2016 წლის 29 სექტემბერს შპს „პოლიმერი 1“-ს თბილისში ქვემო ფონიჭალაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 990 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცა;
2016-17 წლებში „ქართულ ოცნებას“ 170 000 ლარი შესწირეს ვაჟა ციგროშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ბეჟან ანუაშვილმა. ამ ორმა პირმა გასულ წელს მმართველი პარტიის ანგარიშზე ერთსა და იმავე დღეს - 31 აგვისტოს ჯამში 75 000 ლარი შეიტანა. ამ ამბიდან ორ კვირაში საქართველოს პროკურატურამ ერთი-ერთი საქმე გახსნილად გამოაცხადა, რომლის შედეგადაც ვაჟა ციგროშვილს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 13 ავტომანქანა და 5 კვადროციკლი უკან დაუბრუნდა;
მიმდინარე წლის 24 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ მთლიანობაში 50 000 ლარი შესწირეს შპს „ჯეუ გრუპი“-ს დირექტორებმა გიორგი მარკოიშვილმა და ნინო კიკაბიძემ. „ჯეუ გრუპი“ მსხვილი კომპანიაა, რომელიც ძირითადად თბილისში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. 2015 წლიდან „ჯეუ გრუპმა“ დაახლოებით 7 მლნ ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტენდერი ამ კომპანიამ მიმდინარე წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელებიდან ორ თვეში, მოიგო;
შპს „გზამშენი-18“-ის ორმა თანამფლობელმა თეიმურაზ ჯახვამ და ვახტანგ ჭანტურიამ 2017 წლის 5 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 25 000 ლარი შესწირეს. „გზამშენი-18“ მსხვილი საგზაო-სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც მხოლოდ მიმდინარე წელს, დაახლოებით, 10 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება მიიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი - 4.6 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი ამ კომპანიას შემოწირულების განხორციელებიდან სამ კვირაში დაუდეს;
2017 წლის 1 ივნისიდან სულ 27-მა თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრმა განახორციელა 5 000 ლარზე მეტი მოცულობის ფულადი შემოწირულება. ჩვენი შემოწმების ინტერესს წარმოადგენდა ის საჯარო მოხელეები, ან მათი ოჯახის წევრები, რომელთა მიერ პარტიისთვის გაღებული თანხა, მათი ოჯახის დეკლარირებული შემოსავლის დიდ წილს შეადგენდა. ამ მხრივ ორი შემომწირველი გამოვარჩიეთ, რომლებმაც საკუთარი ოჯახის წინა წლის წმინდა შემოსავლის ნახევარზე მეტი შეწირეს პოლიტიკურ პარტიებს;
ნანა ბზეკალავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, მიხეილ გოგოტიშვილის მეუღლეა. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მიხედვით მისი ოჯახის წმინდა შემოსავალი 2016 წელს (ავტომანქანის შეძენისა და ორის საბანკო სესხის მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით) შეადგენდა 4 593 ლარს. ბზეკალავამ 9 ოქტომბერს „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ განახორციელა შემოწირულება 10 000 ლარის ოდენობით, რაც მისი ოჯახის 2016 წლის წმინდა შემოსავლის 217%-ს წარმოადგენს;
გიორგი ტაბიძე ს.ს. „RMG Copper:-ის სპეციალისტი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის, ნათია ბუბუტეიშვილის მეუღლეა. მან 14 აგვისტოს 30 000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“. ნათია ბუბუტეიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მათი ოჯახის 2016 წლის შემოსავალი 59 880 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაბიძემ ოჯახის წინა წლის შემოსავლის 50% მმართველ პარტიას შესწირა.
რეკომენდაციები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პროკურატურის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს პოლიტიკური კორუფციის კუთხით მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირების საკითხს;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა მოაწესრიგოს შემომწირველთა შესახებ მონაცემთა ბაზა და გამოასწოროს არსებული ხარვეზები - მაგალითად, დამოუკიდებელი კანდიდატების შემოწირულებებზე ინფორმაცია კვლავ არ არის დამატებული.