ENG

სახელმწიფო აუდიტის სამსახური: 2013 წელს ჩატარებული აუდიტები ძირითადი პრობლემები, ტენდენციები და რეკომენდაციები

30 მაისი, 2014

 2014 წლის 30 მაისი, თბილისი
დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის ანგარიში 2013 წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვადასხვა უწყებაში ჩატარებულ აუდიტის შედეგებს აჯამებს.

2013 წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 95 აუდიტი ჩაატარა, რამაც 2004-2013 წლები მოიცვა, მათ შორის აღსანიშნავია ისეთი უწყებების აუდიტი, როგორიცაა შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები. ზოგიერთი ამ უწყების სიღრმისეული აუდიტი არასდროს ჩატარებულა. 

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი,  2011 წლის 1 იანვარი  2012 წლის 30 სექტემბერი

აუდიტორმა უარყოფითი დასკვნა გასცა შემდეგი პრობლემების გამო:

  1. სახელმწიფო შესყიდვების მიზნობრიობის სერიოზული პრობლემები, მაგალითად, სამინისტროს მიერ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული შესყიდვის გამოყენებისას ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფილია კანონმდებლობის მოთხოვნები: 507 ხელშეკრულება (საერთო ღირებულებით 31,603,000 ლარი) გაფორმებულია მონეტარული ზღვრების დარღვევით.
  2. ბუღალტერიაში წარდგენილი უამრავი დოკუმენტი არასრულყოფილია და ვერ ადასტურებს ხარჯვას. მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება აუდიტის პერიოდში სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ საბუღალტრო სამსახურში წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების უმრავლესობა. კერძოდ, ამ დოკუმენტებში (ჩეკი, მენიუ, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა) ძირითადად, მითითებულია მხოლოდ გაწეული ხარჯის ზოგადი არსი, მაგალითად: „სამინისტროს სტუმრების ვახშმით გამასპინძლება“, ისე, რომ არ არის დაკონკრეტებული სტუმრების ვინაობა, რაოდენობა, ვიზიტის მიზანი და ა.შ. აქედან გამომდინარე საბუღალტრო სამსახურს არ შეუძლია დაადგინოს სამეურნეო ოპერაციის კანონიერება და ცალკეული მაჩვენებლების ლოგიკური შესაბამისობა.
  3. სამინისტროს ბალანსზე ირიცხება საეჭვო დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, მაგალითად, სამინისტროსთვის მოხდა 4 მილიონ ლარზე მეტი საქონლის მოწოდება მოხდა, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილია ხარვეზებით და მოითხოვს დაზუსტებას.
  4. გარკვეულ შემთხვევებში არ არის დარიცხული და გადახდილი საშემოსავლო გადასახადი.
  5. საბიუჯეტო პროგრამების დაგეგმვაში არის სერიოზული ხარვეზები.
  6. სამინისტრომ გასცა დიდი რაოდენობით პრემია (2.1 მილიონი ლარი)  მაშინ, როდესაც სახელფასო დავალიანებები ჰქონდა (7.5 მილიონი ლარი).
  7. საქართველოს 8 და უკრაინის 26 მოქალაქე იარაღით დაჯილდოვდა, თუმცა გაურკვეველია, რა საფუძვლით ან რა დამსახურების გამო.

2. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აუდიტი, 2012 წელი

აუდიტორის მიერ გამოკვეთილი პრობლემები:

  1. დაწესებულებების შენობების გასხვისება ისე, რომ გასხვისების ფასში არ იქნა გათვალისწინებული ბალანსზე აღიარებული ღირებულება და ჩატარებულ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფასი. კერძოდ: „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს შენობა და მიმდებარე ტერიტორია გასხვისდა 9.6 მილიონ ლარად, ხოლო „გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა“ და მიმდებარე ტერიტორია - ჯამში, სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე - 8.7 მილიონ ლარად, მაშინ როდესაც ორივეს ერთობლივი ღირებულება დაახლოებით 47 მილიონი ლარი იყო.
  2. 2012 წლის რეაბილიტაციასა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა საქმიანობამ პროგრამულ მიზნებს ვერ მიაღწია: მიზანი ეროვნული ტრენინგ-ცენტრის ფუნქციონირების დაწყება იყო, რაც არ გაკეთებულა.
  3. სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ერთიანი ბაზაში არიან პირები, რომლებიც არ არიან პროგრამით მოსარგებლეები.
  4. 21,837 პირის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული. არამიზნობრივად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 5,280,880 ლარი.
  5. სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა (12.4 მილიონი ლარი) არ არის დაგეგმილი ბენეფიციართა რაოდენობაზე დაყრდნობით.
  6. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის და „სოფლის ექიმის“ პროგრამებს შორის იყო  გადაფარვა ანუ ამ ორივე პროგრამას ერთი და იგივე მიზნები და ამოცანები ჰქონდათ. შედეგად განხორციელდა 477,400 ლარის ღირებულების არამიზნობრივი ხარჯი.
  7. უწყებაში 2008 წლის შემდეგ, ანუ 6 წლის განმავლობაში  არ ჩატარებულა ინვენტარიაზაცია. ამ წლების განმავლობაში უწყებას არ აღურიცხავს მის ბალანსზე არსებული ქონება და მისი ღირებულება.

3. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი, 2011 წლის 1 იანვარი – 2011 წლის 31 დეკემბერი

აუდიტორმა უარყოფითი დასკვნა გასცა შემდეგი პრობლემების გამო:

  1. გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით განხორციელებული დაუსაბუთებელი შესყიდვები; შესყიდვების თანხა გადახდილია სრულყოფილად წარმოდგენილი ხარჯთაღიცხვების გარეშე
  2. კონტრაქტორებისთვის ზედმეტად გადახდილი თანხები და საქონლის/მომსახურების ღირებულებაზე გადახდილი არაგონივრული ფასნამატები  (298.4 ათასი ლარი): (1) სამინისტროს მიერ ისტერნ პრომოუშენისთვის ზედმეტად გადახდილია არარსებული დავალიანება 115.9 ათასი ლარის ოდენობით. (2) ისტერნ პრომოუშენმა შპს ჰორიზონ ტვ სტუდიისთვის ზედმეტად გადასახდელი 75 ათასი ლარი ჩართო სამინისტროსთვის წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში და სამინისტრომ ეს თანხა გადაიხადა (3) ეროვნულმა მუზეუმმა ლიფტებში ზედმეტად გადაიხადა 31.2 ათასი ლარი.
  3. ეროვნული მუზეუმების ფონდების დაცვა-აღრიცხვასა და დროებით გადაცემაში გამოვლენილია სერიოზული დარღვევები და ნაკლოვანებები. სამინისტროს მიერ ეროვნულ მუზეუმში ფონდების მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება არ ჩატარებულა.
  4. აუდიტის პერიოდში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა მუსკომედიაში, ოპერაში და სხვა სსიპებში. შესაბამისად, აღნიშნულ სსიპებზე რიცხული 14.2 მილიონი ლარის არაფინანსური აქტივების ფაქტობრივ არსებობაზე დასაბუთებული გარანტია არ არსებობს.
  5. სახელმწიფო შიდა კონტროლის არსებითი სისუსტეები: შიდა აუდიტის მიერ არ ხდება რისკების  იდენტიფიცირება
  6. ბიუჯეტის დაგეგმვის ნაკლოვანებები: სარეზერვო ფონდებიდან თანხების მოთხოვნის სიხშირე უთითებს სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემებზე
  7. ფინანსური ანგარიშგების ისეთი პრობლემები, როგორიცაა არაფინანსური აქტივების აღურიცხაობა (11.7 მილიონი ლარის ღირებულების) და საფუძვლის გარეშე 172.3 ათასი ლარის დებიტორული დავალიანებების ჩამოწერა. 

4. ქუთაისში პარლამენტის სასახლის მშენებლობისთვის სახსრების მოპოვების, ხარჯვის მიზნობრიობისა და კანონიერების აუდიტი, 2009-2012 წლები

პრობლემები:

  1. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სასახლის მშენებლობა განხორციელდა ნებართვის და საჭირო დოკუმენტაციის გარეშე.
  2. მშენებლობისათვის საჭირო რესურსების მოძიება განხორციელდა კანონდარღვევით: პარლამენტის შენობის მშენებლობას მოხმარდა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსთვის” სახელმწიფოს მიერ მისთვის კაპიტალში შესატანად მიცემული ფული (დაახლოებით 100 მილიონი ლარი), რაც ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული იყო საწარმოთა განვითარებისა და მოგების ზრდის ხელშესაწყობად და არა პარლამენტის შენობის დასაფინანსებლად.

5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უარყოფითი მოსაზრება (დასკვნა) გასცა ხუთ შემთხვევაში:

  • აუდიტორი უარყოფითი მოსაზრებას გამოთქვამს მაშინ, როდესაც ფინანსურ ანგარიშგებაში არსებითი უზუსტობებია.
  • უარყოფითი მოსაზრებები (დასკვნები) გაიცა (1) შინაგან საქმეთა სამინისტროს (2011-2012 წლებში), (2) კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (2011 წელს) და (3) სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (2010 წ., 2011წ. , 2012 წ.) სამი სხვადასხვა პერიოდის აუდიტის შემთხვევაში.

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უარი თქვა აუდიტის ჩატარებაზე:

  • სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წ. ანგარიშგების შემთხვევაში. უარი მოსაზრების გამოთქმაზე, რაც ყველაზე მძიმე აუდიტორული დასკვნაა, გაიცემა მაშინ, როდესაც აუდიტორი ვერ ახერხებს დამოუკიდებელი წარმოდგენა შეიქმნას ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მნიშვნელოვან დარღვევებზე, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებში. აღნიშნული დარღვევების მიზეზი არა მხოლოდ ამ უწყებების მართვაში არსებული ხარვეზებია, არამედ -- საპარლამენტო კონტროლის ნაკლებობაც.შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯებოდა არამიზნობრივად, ან შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე და არსებობდა კორუფციის სერიოზული საფრთხეები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჯერ კიდევ 2011 წელს გამოქვეყნებულ „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებაში“ უსვამდა ხაზს ამ საფრთხეების არსებობას.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მომავალში სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს სახელმწიფო აუდიტის დასკვნებს და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის ფუნქციას აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის მხრივ.