ENG

განახლებადი ბლოგი: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

28 ნოემბერი, 2018

 

ამ ბლოგის საშუალებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გააშუქებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელოვან მოვლენებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ Facebook-სა და Twitter-ზე 

 

19:15 - ზუგდისი #20 უბანზე რეგისტრატორს დაეკარგა სიების წიგნის ერთი ფურცელი. უბანში ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა.

17:59 - საჩხერის #12 უბანზე შესულმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ ფული გადასცა საარჩევნო ყუთის მეთვალყურეს, თავის მხრივ ყუთის მეთვალყურემ თანხა გადასცა დამკვირვებელს და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ფულის ნაწილი ასევე გადასცა ხმის მისაცემად შესულ ამომრჩეველს. სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე საჩივარი დაიწერა.

16:50 - ახალქალაქის #69 უბანზე კომისიის წევრი ხმის მისაცემად შევიდა კაბინაში, სადაც დახვდა უკვე შემოხაზული სხვა ბიულეტენი, რომელიც გამოიტანა და დროებით გადასცა ჩვენს დამკვირვებელს. ჩვენს დამკვირვებელს სურათის გადაღების მომენტში აღნიშნული ბიულეტენი წაართვა კომისიის თავმჯდომარემ და დამალა. მომხდართან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი სხვა სადამკვირვებლო მისიის მიერ.

16:33 - მარნეულის #22 ოლქის #52 უბანზე ერთ-ერთი პირი ცდილობდა საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრას, თუმცა ჩვენმა დამკვირვებელმა ამის შესაძლებლობა არ მისცა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირმა უბანი დატოვა.

15:58 - ზუგდიდის #67 ოლქის #19 უბანზე მარკირებიანმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. კომისიის თავმჯდომარე წინააღმდეგი იყო, მაგრამ უბნის კომისიამ ერთხმად დართო ხმის მიცემის უფლება.

15:22 - ჩვენმა დამკვირვებლებმა ახალქალაქის #66 უბანზე ორი, ხოლო დიდუბის #8 უბანზე ბიულეტენზე ფოტოს გადაღებისა და გამოქვეყნების ერთი შემთხვევა დააფიქსირეს.

13:00 - ბათუმის #51 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩევლის სახელს და გვარს ეუბნება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს. დაიწერა საჩივარი.

11:22 - ქარელის #1 უბანზე, აბაშის #23 უბანზე და ბათუმის #90, #11 უბანზე ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქისირდა უბნის გარე პერიმეტრზე ამომრჩევლისათვის სავარაუდოდ ფულის გადაცემა.

10:57 - მარნეულის #29 უბანზე კომისიის ერთ-ერთი წევრი ამომრჩეველს აზერბაიჯანულად ესაუბრა რა დროსაც სალომე ზურაბიშვილის სახელი და გვარი ახსენა. ჩვენმა დამკვირვებელმა უბანზე აგიტაცია საჩივრით გააპროტესტა.

09:42 - ბოლნისის #23 ოლქის #20 უბანზე მარკირების შემოწმება არ ხდებოდა ჯეროვნად, უბანზე შემოდიოდნენ გარეშე პირები. დაიწერა საჩივარი.

09:41- გურჯაანის #12 ოლქის #45 უბანზე კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გააძევეს უბნიდან. გაძევების მიზეზად აღნიშნული წევრის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების ფაქტი დასახელდა, თუმცა ჩვენი დამკვირვებლის აზრით, წესები არ დარღვეულა. დაიწერა საჩივარი.

08:44 - მარნეულის #22 ოლქის #11 უბანზე დროულად არ მივიდა კომისიის მდივანი, რის გამოც თავმჯდომარემ უბანი ვერ გახსნა 8:30-მდე. თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით არ მიიღო შესაბამისი ზომები, დაიწერა საჩივარი.

08:40 - დიდუბის #8 ოლქის #24 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი  „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისთვის“ ორგანიზაციის დამკვირვებელს ნებას რთავდა ჩაეხედა ამომრჩევლის პირადობაში და შიგადაშიგ კარნახობდა სახელს და გვარს. დაიწერა საჩივარი.

08:25 - ყვარლის #16 ოლქის #4 უბნის კომისიის წევრებმა კომისიის თავმჯდომარის თანხმობით წილისყრის პროცედურების დროს თვითნებურად  შეცვალეს მინიჭებული ფუნქციები. დაიწერა საჩივარი.

08:23 - მარნეულის #22 ოლქის #49 უბანზე თავმჯდომარემ ორ კომისიის წევრს წილისყრაში არ მიაღებინა მონაწილეობა რადგან ქალები იყვნენ და მიზანშეწონილი არ იყო გაყოლოდნენ გადასატან ყუთს. დაიწერა საჩივარი.

08:00 – ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გახსნილია.

07:15 - ჩვენ რამოდენიმე დამკვირვებელს არ უშვებენ უბნებზე ვადაგასული სამკერდე ნიშნის გამო.

ჩვენი წინასაარჩენო ანგარიშები: