ENG

საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმა, განმარტებები

01 ივნისი, 2011

საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით სხვადასხვა შემოთავაზება არსებობს. რეფორმის შედეგად მიღებული საარჩევნო სისტემის საბოლოო ფორმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ–ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. ჩვენი აზრით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ მიმდინარე დებატების დეტალები და ამ მიზნით შევაჯამეთ ის შემოთავაზებები, რომლებსაც საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი დღესდღეობით განიხილავს. საპარლამენტო არჩევნების არსებულ წესებში მნიშვნელოვანი ხარვეზებია (სანამ კითხვას გააგრძელებთ, საქართველოში არსებული საპარლამენტო საარჩევნო სისტემის განმარტება შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ადრინდელ ბლოგ პოსტსა და ვიდეოში). ვეცდებით არსებული ხარვეზები ჩამოვთვალოთ და განვმარტოთ. პირველ რიგში, არსებული მაჟორიტარული სისტემა არათანაბარ პირობებში აყენებს ამომრჩევლებს სხვადასხვა მაჟორიტარული ოლქებიდან. განსხვავებული რაოდენობის ამომრჩევლების მქონე ოლქებს წარმომადგენლად ერთი მაჟორიტარი ჰყავთ პარლამენტში. მაგალითად, ქუთაისის საარჩევნო ოლქში დაახლოებით 163,000 ამომრჩეველია, ლენტეხში კი - მხოლოდ 6000. მიუხედავად ასეთი დიდი სხვაობისა ამომრჩეველთა რაოდენობაში, 163 000–იან ქუთაისსაც და 6 000–იან ლენტეხსაც პარლამენტში თითო–თითო მაჟორიტარი დეპუტატი წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლენტეხის ამომრჩევლის ერთი ხმა ოცდაშვიდჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ქუთაისის. არსებული სისტემა აგრეთვე არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პარტიის მიერ მიღებული ხმები და პარლამენტში მათი ადგილების რაოდენობა პროპორციულად გადანაწილდება. შესაბამისად, პარტიამ, რომელიც ხმების 30–35% დააგროვებს, შესაძლოა კონსიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს პარლამენტში (რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში შესული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა და მისი მიღება ერთი პარტიის მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი.) საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულმა ნებისმიერმა რეფორმამ ზემოთ აღნიშნული ორივე პრობლემა უნდა გადაიჭრას. ევროპის საბჭოს სათათბირო ორგანოს - ვენეციის კომისიის თანახმად, სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულის ამომრჩევლების ხმებს შორის სხვაობა 15–20%–s არ უნდა აღემატებოდეს.

შემოთავაზება #1: ე.წ. „რვიანის“შემოთავაზება -რეგიონულ – პროპორციული სისტემა

ეს წინადადება იმ რვა ოპიზიციური პარტიისგან შემდგარმა ჯგუფმა შეიმუშავა, რომელიც მონაწილეობას იღებს რეფორმების შესახებ მოლაპარაკებებში. შემოთავაზებული წინადადების თანახმად, პროპორციულ სისტემაში ცვლილება არ მოხდება. 150 დეპუტატიდან 75 აირჩევა პროპორციული სისტემით პარტიული სიიდან. თუმცა, ცვლილებები მოხდება მაჟორიტარი პარლამენტის წევრების არჩევისას. ამ შემოთავაზების მიხედვით, უფრო მჭიდროდ დასახლებულ საარჩევნო ოლქებს შეეძლებათ აირჩიონ რამოდენიმე დეპუტატი, ამავდროულად საარჩევნო ოლქების რაოდენობა შემცირდება. შედარებით მცირე საარჩევნო ოლქები, რომლებიც გეოგრაფულიად და ისტორიულადაც ახლოს არიან, გაერთიანდებიან. თითოული საარჩევნო ოლქიდან წარდგენილი დეპუტატების ადგილების რაოდენობა პარლამენტში დამოკიდებული იქნება ამ ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე. ყოველი საარჩევნო ოლქი ორი, სამი ან ოთხი წევრით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. პარტიის მიერ პარლამენტში მოპოვებული ადგილების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პროცენტს მოიპოვებს იგი რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით შესაბამის საარჩევნო ოლქებში. ეს შემოთავაზება გააკრიტიკა როგორც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ„, ისე საქართველოს პრეზიდენტმა. მის მთავარ ხარვეზად მიიჩნიეს ის, რომ პატარა საარჩევნო ოლქებს ნაკლები შანსი ექნებათ იმისა, რომ წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში. მმართველი პარტია თვლის, რომ რეგიონალურ–პროპორციული სისტემის პირობებში, პარტიებს არ ექნებათ სტიმული შედარებით მომცრო საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებით დააკომპლექტონ საარჩევნო სიები. მაგალითად, დუშეთი, ყაზბეგი და თიანეთი, რომლებსაც არსებულ სისტემის ქვეშ თითო წარმომადგენელი ჰყავთ პარლამენტში, ახალი სისტემის შემთხვევაში გაერთიანდებიან ერთ საარჩევნო ოლქად და ეყოლებათ ორი წარმომადგენელი პარლამენტში. ყაზბეგში 6 000–დე ამომრჩეველია, თიანეთში - 11 000, ხოლო დუშეთში - 25 000. პარტიები შეეცდებიან კანდიდატები სწორედ დუშეთიდან წარადგინონ. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნული მოდელის შესაბამისად შექმნილი საარჩევნო ოლქები და ამ ოლქების მიხედვით პარლამენტში ადგილების რაოდენობის განაწილება.

შემოთავაზება #2: მმართველი პარტიის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“) შემოთავაზება - დეპუტატების რაოდენობის გაზრდა დიდ საარჩევნო ოლქებში

011 წლის მარტში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ„ ოპოზიციის „რეგიონალურ–პროპორციული სისტემის“’ ალტერნატივად საკუთარი წინადადება წარადგინა, რომლის თანახმად იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 000-ს სცდება, მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვი ერთიდან ორამდე გაიზრდება. 75 საარჩევნო ოლქიდან რვა ოლქია ისეთი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს. ეს ოლქებია:

ოლქები ამომრჩევლები
ქუთაისი 157,886
გლდანი 148,114
სამგორი 145,223
ნაძაადევი 129,864
ზუგდიდი 127,790
საბურთალო 116,949
ისანი 109,652
რუსთავი 103,241

შემოთავაზებაში არაა დაკონკრეტებული, თუ როგორ უნდა აირჩიონ ოლქებმა ორი წარმომადგენელი, თუმცა არსებული საარჩევნო წესების მიხედვით, ინიციატივას შედეგად მოჰყვება საარჩევნო ოლქების ორ ცალკეულ საარჩევნო ერთეულად დაყოფა, რაც, თავის მხრივ, რვა ახალ საარჩევნო ერთეულს წარმოქმნის. წინადადების მიღების და განხორციელების შემთხვევაში, მმართველი პარტია გვთავაზობს რამდენიმე შესაძლო ვარიანტს:

  1. პარლამენტში 150 ადგილის შენარჩუნება, საიდანაც 83 ადგილს (არსებულ 75-ს დაემატება 8 ახალი ოლქი) დაიკავებენ მაჟორიტარი დეპუტატები, ხოლო 63 ადგილს (75–ის ნაცვლად) - პარტიული პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები.
  2. პარლამენტში ადგილების საერთო რაოდენობის გაზრდა 158–მდე, საიდანაც 83 მანდატს შეავსებენ მაჟორიტარი დეპუტატები, ხოლო 75-ს – პარტიული პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები.
  3. პარლამენტში ადგილების საერთო რაოდენობის გაზრდა 166-მდე. კერძოდ, რვა-რვა ადგილი დაემატება, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით არჩეულ მანდატებს და 75-ის ნაცვლად 83 პარალმენტის წევრი აირჩევა ორვე სისტემით.

შემოთავაზება #3: „რვიანის’’ შემოთავაზება (მეორე ალტერნატივა) - ე.წ "გერმანული მოდელი"

2011 წლის 5 აპრილს, რვა ოპოზიციურმა პარტიამ წარმოადგინა ორი სხვა შესაძლო მოდელი. ე.წ. „გერმანულ მოდელი’’ ითვალისწინებს არსებული სისტემის შენარჩუნებას (75 დეპუტატი პარტიული სიით აირჩევა და 75 კი - მაჟორიტარული წესით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან). თუმცა, ამ მოდელის თანახმად, პარტიის მიერ პარლამენტში ადგილების მოპოვება დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ესა თუ ის პარტია პროპორციულ სისტემით არჩევნებში მონაწილეობის შედეგად. ე.წ. „გერმანული მოდელის“ მიხედვით, ყველა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი პარლამენტში დაიკავებს ადგილს, მიუხედავად იმისა რა პროცენტული მაჩვენებელი აიღო პარტიამ პარტიული სიით. თუ პროპორციული სისტემით პარტიამ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე ის რაოდენობა, რაც მაჟორიტარების სახით შეიყვანა, პარტია უკვე პარტიული სიიდან შეავსებს ამ ადგილებს. მაგალითად, გასულ არჩევნებში, ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 59 პროცენტი დააგროვა და პარლამენტში 118 ადგილი დაიკავა. ე.წ. „გერმანული მოდელის“ თანახმად ამ შემთხვევაში პარტია პარლამენტში მხოლოდ 89 მანდატს მოიპოვებდა, რადგან 150–ის (პარლამენტში ადგილების რაოდენობა) 59 პროცენტი დაახლოებით 89 არის. მმართველი პარტია მაჟორიტარული სიით დააკომპლექტებდა 71 ადგილს („ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო არჩევნების შედეგად 71 მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვა გამარჯვება), და 89 ადგილის შესავსებად პარტიული სიით მხოლოდ 18 დეპუტატს გაიყვანდა პარლამენტში, ნაცვლად ეხლა დაკავებული 48 ადგილისა. ე.წ „გერმანული მოდელის“ თანახმად, პარტია ვერ დაიკავებს იმ ადგილებზე მეტს პარლამენტში, რა პროცენტულ მაჩვენებელსაც მიიღებს არჩევნებში პარტიული სიით. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ნაკლები მაჟორიტარი დეპუტატი რომ გაეყვანა პარლამენტში, ის იმდენ პარლამენტარს დაამატებდა პარტიული სიიდან, რომ შეევსო 59 პროცენტიანი წარმომადგენლობა, ანუ 89 ადგილი პარლამენტში. ნებისმიერი „დაკარგული“ ადგილი (ამ შემთხვევაში 30) გადანაწილდება სხვა პარტიებზე მათ მიერ პარტიული სიებით მიღებული ხმების პროპორციულად. ასეთი განაწილების შედეგად პარტიის წარმომადენლობა პარლამენტში უფრო ახლოს იქნება პარტიული სიებით მიღებული სიების პროპორციასთან. თუ პარტია პარლამენტში შიეყვანს იმაზე მეტ მაჟორიტარ დეპუტატს, ვიდრე მისი წილია პარტიული სიით მიღებული ხმების მიხედვით, ის შეინარჩუნებს მაჟორიტარი დეპუტატის ყველა ადგილს, თუმცა პარტიული სიით დამატებით ვერც ერთ დეპუტატს ვერ შეიყვანს.

შემოთავაზება #4: „რვიანის“ მესამე წინადადება – მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის შემცირება

ეს წინადადება იგივე სისტემას ეფუძნება, რაც მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2005 წელს იყო მიღებული (ეს სისტემა 2008 წელს დღეს არსებული სისტემით შეცვალეს და 2005 წლის სისტემით პრაქტიკულად არჩევნები არ ჩატარებულა). რვა ოპოზიციური პარტიის წინადადებით, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 75–დან 50–მდე უნდა შემცირდეს, ხოლო პარტიული სიით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100–მდე გაიზარდოს.

„რვიანის“ შეთავაზება - საარჩევნო ზღვარის გაზრდა

ყველა შემოთავაზებულ წინადადებაში „რვიანი“ ხაზს უსვამს, რომ მაჟორიტარი კანდიდატი პირველ ტურში გამარჯვებულად მხოლოდ მას შემდეგ უნდა ჩაითვალოს, თუ ის 50%-იან ბარიერს გადალახავს, ნაცვლად დღესდღეობით არსებული 30%-იანი ბარიერისა. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50% ბარიერს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. 50% ბარიერის დაწესების შესახებ შემოთავაზებამ მმართველი პარტიის კრიტიკა დაიმსახურა. მმართველი პარტია შიშობს, რომ 50%-იანი ზღვარის არსებობის შემთხვევაში, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირველ ტურში დამოუკიდებლად წამოაყენებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, შესაძლოა, მეორე ტურში ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდნენ, მიუხედავად მათი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა და საბოლოო ჯამში, ამომრჩეველი დააბნიოს.

აარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფი საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის შექმნის ინიციატივით 2010 წლის ნოემბერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპარლამენტო ოპოზიცია გამოვიდნენ. ჯგუფის შექმნის მთავარი მიზანი ახალ საარჩევნო კოდექსზე სამუშაო პლატფორმის შექმნა იყო. ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, „საქართველოს გზა“, ახალი მემარჯვენეები, სახალხო პარტია და ქრისტიან–დემოკრატები ის რვა პარტიაა, რომლებიც, მონაწილეობას იღებენ ჯგუფის მუშაობაში. ეს რვა პარტია არ წარმოადგენს ერთ კოალიციას და მათი მიდგომა სხვადასხვა საკითხებში განსხვავებულია, მაგრამ ისინი შეთანხმდნენ ერთიანი პოზიციით გამოდიან საარჩევნო რეფორმებზე მუშაობისას. პარტიებს შორის მოლაპარაკებები ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე შეფერხდა, რისი მიზეზიც, ძირითადად, ბიომეტრიული პირადობების მოწმობების შემოღებასთან და სხვა ძირეულ საკითხებთან დაკავშირებთ შეთანხმების მიუღწევლობა იყო . „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და რვიანს არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ერთმანეთი მოლაპარაკებების შეგნებულ ჩაშლაში. ბოლო უთანხმოება 12 მაისს მოხდა, როდესაც მმართველმა პარტიამ უარი თქვა ოპოზიციის ულტიმატუმზე, მაისის ბოლომდე დათანხმებოდა ან უარი ეთქვა მათ მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე. როგორც აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მომავალშიც დააკვირდება ჯგუფის სამუშაო პროცესს.

Author: გიორგი თოფურია
elections