ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება მოქალაქეებისათვის მიწის დაბრუნებას ვერ უზრუნველყოფს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება მოქალაქეებისათვის მიწის დაბრუნებას ვერ უზრუნველყოფს

06 ივლისი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჩართულია გონიოს მიწებთან დაკავშირებულ პროცესში და მუდმივ რეჟიმში აკვირდება მოცემული თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

2016 წლის 27 ივნისს, 4 წლიანი მოლოდინის შემდეგ,  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 271 მოქალაქის მიმართ გონიოს მიწებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

მოცემულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გონიოს მოსახლეობის რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქცია ჯერ ბათუმის საკრებულოსთან, შემდეგ კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საპროტესტო აქციის დროს პოლიციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით განცხადება 23 ივნისს გაავრცელა.  

2016 წლის 29 ივნისს 271 მოქალაქიდან ერთ-ერთმა მიმართა საჯარო რეესტრს საკუთრების უფლების ხელახალი რეგისტრაციის მიზნით, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. რეესტრმა ვერ დაადგინა, კონკრეტულად რომელი პირის მიმართ აღდგა საკუთრების უფლება, რამდენადაც არ არსებობს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თანამდებობის პირების განმარტებით, საკითხი მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდა, მიგვაჩნია, რომ ის შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს. კერძოდ:  

  • კომისიას ინდივიდუალურად არ უმსჯელია იმ მიწის ნაკვეთების აღიარების კანონიერების საკითხზე, რომლებიც არ შედიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  - გონიოს ციხის დაცვის არეალში. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოება სწორედ გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გაცემული საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობის კანონიერების შესწავლის მიზნით დაიწყო.

  • კომისიამ მოქალაქეებს შეუქმნა ცრუ მოლოდინი იმისა, რომ შეამოწმებდა მათი საკუთრების უფლების გაუქმების კანონიერებას, სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად. მართალია, კომისიას მოცემული ვალდებულება პირდაპირ კანონმდებლობით  განსაზღვრული არ ჰქონდა,  მაგრამ იმის გათვალისწინებით,  რომ აღნიშული ადმინისტრაციული წარმოების მიზნად სწორედ 271 მოქალაქის განცხადების განხილვა წარმოადგენდა, კომისიას უნდა ემსჯელა თითოეულ განცხადებაზე ცალ-ცალკე.

  • აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით არ განისაზღვრა პროცედურა, რომლის შესაბამისად  მოქალაქეები ხელყოფილი საკუთრების უფლების აღდგენას შეძლებენ.

  • ოქმი არ იძლევა ინფორმაციას მოქალაქეთა საკუთრების უფლების აღდგენის თარიღის შესახებ. გაუგებარია, მოქალაქეებს საკუთრებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ჩანაწერები აღუდგებათ საკუთრების პირველადი რეგისტრაციების თარიღის მიხედვით, თუ მოხდება საკუთრების უფლების ხელახალი რეგისტრაცია.

შესაბამისად მიგვაჩნია, რომ კომისიის 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება არის ბუნდოვანი, იგი მიღებულია მნიშვნელოვანი დარღვევებით და არ შეესაბამება ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილი შერეული სამთავრობო კომისიის 2014 წლის 1 სექტემბრის დასკვნას/რეკომენდაციებს.  მოცემული გადაწყვეტილება  ვერ უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოგვარებას, არამედ  ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ  დოკუმენტის შინაარსი მოახდენს ახალი სასამართლო დავების დაწყების პროვოცირებას.

მოვუწოდებთ  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ 271 მოქალაქის საკითხი შეისწავლოს ინდივიდუალურად და წერილობით განუმარტოს თითოეულ მათგანს მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები. გადაწყვეტილება მიიღოს სადაო ურთიერთობის სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევის შემდგომ, კანონის სრული დაცვით.

print