ზუგდიდსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატების ქონება
თანამდებობის პირთა თუ არჩევნებისას პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესინტერესები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას შემდეგ პირებზე:
- ზუგდიდის მერობის კანდიდატები;
- პარტიების მიერ ზუგდიდის საკრებულოში წარდგენილი საარჩევნო სიების პირველ ნომრები;
- პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში წარდგენილ მერობის კანდიდატები
წარმოდგენილი ინფორმაცია ჩვენ მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებისა და ზოგიერთი კანდიდატის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების ანალიზს ეფუძნება.
კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:
- ზუგდიდის მერობის კანდიდატად 6 პირია რეგისტრირებული, ამათგან 5 სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილი, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია;
- ზუგდიდის მერობის ექვს კანდიდატს შორის მხოლოდ ერთია ქალი - ლელა ქებურია (ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის);
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიულ სიების პირველ ნომრებს შორისაც ქალი მხოლოდ ერთია (ანა წითლიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
- სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მერობის 9 კანდიდატიდან, 6 შესაბიმისი მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელია (ზუგდიდი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მესტია, მარტვილი);
- ქართული ოცნებიდან წარდგენილი მერობის სამი კანდიდატი - ლაშა გოგია (ზუგდიდი), გოჩა ქაჯაია (ხობი) და გოჩა კურდღელია (ფოთი) წინა წლებში იყვნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ან/და საკრებულოს თანამდებობის პირები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”;
- ქართული ოცნების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის ლაშა გოგია (ზუგდიდი), გოჩა კურდღელია (ფოთი) და ლევან მაკალათია (აბაშა) არიან ბიზნესკომპანიების მეწილეები ან/და ხელმძღვანელები, წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია კი ბიზნესწილებს წარსულში ფლობდა;
- წილებს ცალკეულ კომპანიებში ასევე ფლობენ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან კონჯარია და ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა;
- “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ფოთში, გოჩა კურდღელია ერთადერთია, რომელსაც შემოწირულობები ორი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის აქვს გაკეთებული - მან თანხა 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2016 წელს კი “ქართულ ოცნებას” შესწირა;
- ზუგდიდის მერობის სამ კანდიდატს ლელა ქებურიას, ლევან კონჯარიასა და ლაშა გოგიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ბოლო დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული
ზუგდიდის მერობის კანდიდატები და პარტიული სიის პირველ ნომრები
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
ლაშა გოგია - ზუგდიდის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდლება:
ლაშა გოგია 1998-2002 წლებში მუშაობდა „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის სავალუტო განყოფილების უფროსად; 2003 წელს იყო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე; 2004-2005 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტში უფროს სპეციალისტად; 2005 წელს იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ზუგდიდის განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი; იყო 2006 წლის მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, სადაც მას ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, შემდგომ კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014 წელს არჩეულ იქნა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ, 2016 წელს კი ზუგდიდის გამგებლად.
ქონება და ბიზნესინტერესები:
ლაშა გოგია 2017 წლის სექტემბერში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ფლობს 100% წილს შპს „მედჰაუსში“, შპს-ს დირექტორი კი ლაშა გოგიას მამა ალმერი გოგიაა, თუმცა ეს ინფორმაცია დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული. ლაშა გოგია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, ასევე საცხოვრებელ სახლს ქალაქ ზუგდიდში (საკადასტრო კოდი 43.31.44.070).
მამუკა წოწერია - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
მამუკა წოწერია 1996-2001 წლებში მუშაობდა მარკეტინგის სპეციალისტად, ზუგდიდის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში; 2000-2002 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის კონკურენციის განვითარების განყოფილების უფროსის მოადგილე, 2002-2004 წლებში კი ამავე სამსახურში ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების განყოფილების უფროსი; 2004-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მენეჯერ-კონსულტანტის თანამდებობაზე; 2009-2010 წლებში იყო თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს საწარმოთა ფინანსური ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, 2010-2011 წლებში ამავე სააგენტოს საინვესტიციო პროექტებისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსი, 2011-2013 წლებში კი ეკონომიკური მრჩეველი. 2014 წელს მამუკა წოწერია გახდა ზუგდიდის თემის საკრებულოს წევრი, 2016 წლიდან კი არის ზუგდიდის გამგებლის მოადგილე.
ქონება და ბიზნესწილები:
მამუკა წოწერიას მიერ 2016 წლის ოქტომბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად მისი მეუღლე ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ქალაქ ზუგდიდში. მამუკა წოწერია ასევე არის შპს ”ზუგდიდის ეთერზეთების კომპანია” 100% წილის მფლობელი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ლევან კონჯარია - ზუგდიდის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ლევან კონჯარია 2000-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, 2005-2006 წლებში იყო სამეგრელო ზემო სვანეთის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი; 2010-2014 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 2014-2017 წლებში კი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.
ქონება და ბიზნესინტერესები:
ლევან კონჯარიას მიერ 2016 წლის ოქტომბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, იგი ფლობს ორ ბინას ზუგდიდსა და თბილისში, ორ საცხოვრებელ სახლს ზუგდიდში, მიწის ორ ნაკვეთსა და ოთხ არასაცხოვრებელ ფართს ზუგდიდში. ლევან კონჯარიას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “ელიტ ბრენდ კომპანის” 25% წილის მფლობელი, მისი შვილი ოთარ კონჯარია კი შპს “ექსპრეს პრინტინგის” 100% წილის მფლობელი.
ლევან კონჯარიამ 2016 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2999 ლარი შესწირა.
ანა წითლიძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ანა წითლიძე ქალაქის საკრებულოს წევრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. იგი წარშულში იყო ლატვიაში საქართველოს ელჩის თანაშემწე, ამავე ქვეყანაში ქართული სათვისტომო „სამშობლოს“ იურიდიული და საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე ლატვიის სახელმწიფო რადიოში ქართულ-ლატვიური საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ბალტიისპირეთის სოციალურ-ეკონომიკური ალიანსი - პროექტის თანაორგანიზატორი. მასვე რეგიონული განვითარების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ანა წითლიძის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის
ლელა ქებურია - ზუგდიდის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ლელა ქებურია პროფესიით ფოლოლოგია, იგი 1998-2012 წლებში მუშაობდა ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგად; 2012 წელს გახდა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2013 წლიდან კი კვლავ განაგრძო მუშაობა ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში უფროსი მასწავლებლის პოზიციაზე. 2016 წელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.
ქონება და ბიზნესწილები:
ლელა ქებურია მიერ 2017 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად იგი ფლობს საცხოვრებელ ბინას ქალაქ ზუგდიდში. ლელა ქებურიას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე გიორგი ჯიქია არის შპს “დლგ ჯგუფის” 100% წილის მფლობელი და დირექტორი.
ლელა ქებურიამ 2017 წელს პარტიას “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის” თანხა ორჯერ, ჯამში 10 000 ლარის ოდენობით შესწირა.
ბათლომე შელია - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ბათლომე შელია წარსულში იყო საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პოლიტიკური მდივანი. ასევე, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე. მუშაობდა 2010 წლის მოწვევის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსად. 2014 წელს კი გახდა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
ქონება და ბიზნესინტერესები:
ბათლომე შელია არის შპს “ნიგი 21” -ის 50% წილის მფლობელი და დირექტორი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.
“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო”
გურგენ სართანია - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
გურგენ სართანია 1998-1999 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში შსს სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში ინსპექტორად, 1999-2000 წლებში შს სამინისტროს სსს მთავარ სამმართველოში საკუთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ინსპექტორად. 2000-2001 წლებში იყო ამავე სამმართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი. 2002-2003 წლებში სსს მთავარ სამმართველოში მუშაობდა მკვლელობის სამმართველოში ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში უფროსის მოადგილედ. 2003-2004 წლებში ამავე სამმართველოში მუშაობდა განყოფილების უფროსად. 2004-2005 წლებში კი შსს კრიმინალური სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2013-2016 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.
ქონება:
გურგენ სართანიას მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს ბინას და მიწის ნაკვეთს ზუგდიდში.
„დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
გოგიტა ბიგვავა - ზუგდიდის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
გოგიტა ბიგვავა 2000-2003 წლებში მუშაობდა ზუგდიდის მუზეუმში; 2003–2005 წლებში იყო საქართველოს მასწავლებელი სკოლა „ოცდამეერთე საუკუნეში“, 2005 წლიდან კი ასევე პედაგოგად მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საჯარო სკოლაში. გოგიტა ბიგვავა წარსულში იყო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატi. 2014 წელს იყო ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი “ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან”. 2016 წელს მუშაობდა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად გოგიტა ბიგვავა ფლობს მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ ზუგდიდში წარდგენილი საკრებულოს პარტიული სიის პირველ ნომერი კახაბერ სარიაა, თუმცა ჩვენს მასზე რაიმე სახის ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ.
დამოუკიდებელი კანდიდატი
დომენტი სიჭინავა
სამუშაო გამოცდილება:
ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია, იგი 1991 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 1991-1994 წლებში იყო დირექტორის მოადგილე კომპანია „დიდ მიზანში“; 1995-2005 წლებში მოსკოვის ტერეზა დუროვას სახელობის სახელმწიფო თაეატრის გენერალური დირექტორია. 2005-2006 წლებში კი კომპანიის „რუსული რესტავრაცია“ ფინანსურ ხელმძღვანელი. 2006 წლიდან იგი საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაიას“ პრეზიდენტია. 2009-2015 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 2011-2015 წლებში უეფას სამართლიანი თამაშის და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის წევრი; 2015-2016 წლებში კი ზვიად სიჭინავა უეფას ეროვნული ასოციაციების კომიტეტის წევრი.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად დომენტი სიჭინავას სახელზე რაიმე სახის ქონება არ არის რეგისტრირებული, თუმცა იგი არის შპს “ბაია ზუგდიდის” 90% წილისა და შპს “სამარგალოს”-ს 100% წილის მფლობელი.,
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში
გოჩა ქაჯაია - ხობის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
გოჩა ქაჯაიას 2002-2006 წლებში ეკავა სოფელ საჯიჯაოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა, 2006 და 2010 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, გახდა სოფელ საჯიჯაოს მაჟორიტარი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც მას ეკავა ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, 2013 წლიდან კი იგი ხდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, 2013 წლის აგვისტოდან დაინიშნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, 2014 წელს კი ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩიეს.
ქონება:
გოჩა ქაჯაია 2016 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს საცხოვრებელ სახლსა და არასაცხოვრებელ ფართს ხობში, ასევე მიწის ორ ნაკვეთს მცხეთაში ჯამური ფართობით 4 700 კვ.მ., ასევე 24 000 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში. აღსანიშნავია, რომ ბოლო დეკლარაციის შევსების შემდგომ გოჩა ქაჯაიამ ქალაქ თბილისში შეიძინა ბინა.
გოჩა კურდღელია - ფოთის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
გოჩა კურდღელია, 2006-2010 წლებში იყო ფოთის საკრებულოს წევრი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, პარალელურად 2005 წლიდან დღემდე ეწევა ბიზნესსაქმიანობას არის რამდენიმე კომპანიის მეწილე და დირექტორი შპს „პრომეტკო ჯორჯია”, შპს „ჯეესკო”, შპს „მეტალექსი”, შპს „მეტალექს-ტრანსი”. 2011 წლიდან დღემდე მეტალის გადამომაუშავებელი შპს Caucasian Metals Terminal-ის დირექტორია.
აღსანიშნავია, რომ გოჩა კურდღელიამ 2012 წელს 10 000 ლარი შესწირა პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2016 წელს კი მან 60 000 ლარი შესწირა პარტია “ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”.
ქონება და ბიზნესინტერესები:
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გოჩა კურდღელია ექვსი სხვადასხვა ქონების მფლობელი ან თანამესაკუთრეა, კერძოდ მის საკუთრებაშია:
საცხოვრებელი ბინა ქალაქ თბილისში;
არასაცხოვრებელი ფართი, ფოთში, მისამართზე რუსთაველის რკალი N24
ფოთში, წმინდა გიორგის ქუჩაზე, 601 კვ.მ. არასასოფლოს დანიშნულების მიწა და შენობა ნაგებობა;
გოჩა კურდღელია ასევე არის ქალაქ ფოთში რეკვავას, ჯავახიშვილის და ბესიკის ქუჩებზე მდებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე.
ლევან მაკალათია - აბაშის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ლევან მაკალათია 2002-2004 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად; 2004-2005 წლებში იყო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია UBC International-ის აუდიტორი; 2006-2008 წლებში იყო შპს Audit Company-ს ეკონომისტი; 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტში ეკავა კურორტების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობა; 2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში რეგიონული განვითარებისა და მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
ქონება და ბიზნესინტერესები:
ლევან მაკალათია 2015 წლიდან დღემდე შპს „პროგრესული მშენებლების“ დამფუძნებელი და დირექტორია. შპს ”პროგრესული მშენებლები” რამდენიმე ტენდერის, მათ შორის აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია. აღნიშნულმა შპს-მ სულ 8 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 166 622 ლარი შეადგინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან მაკალათიას სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.
ლევან კუპრეიშვილი - სენაკის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ლევან კუპრეიშვილი ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტია, მას უმაღლესი განათლება ინგლისში აქვს მიღებული. იგი 2007-2008 წლებში კომპანია Mika Gorgia-ში ლოგისტიკის მენეჯერად მუშაობდა; 2010-2013 წლებში იყო ლოგისტიკური და სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო კომპანია „ბასოს“ დირექტორი; 2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვაში“ გენერალური დირექტორის მოადგილე;
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ლევან კუპრეიშვილი ფლობს საკარ-მიდამო ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და ბინას ქალაქ სენაკში.
დათო გოგუა - ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
დათო გოგუა 1998-2003 წლებში იყო შსს-ს სატრანსპორტო პოლიციის დაცვის დეპარტამენტის ოცეულის მეთაური; 2003-2004 წლებში ქალაქ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის იურიდიული კონსულტანტი; 2004-2007 წლებში მუშაობდა №31 საავიაციო ქარხნის ლოგისტიკის დეპარტამენტის გაყიდვების მენეჯერად; 2012-2014 წლებში იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი; 2014 წლიდან კი არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ქონება:
დათო გოგუას მიერ 2017 წლის მარტში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს ორ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფლებში ნაფიჩხოვო და ნაკიანი, ასევე ორ სახლს ქალაქ თბილისში.
ალექსანდრე გრიგალავა - მარტვილის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ალექსანდრე გრიგალავა 1979-1990 წლებში მუშაობდა ქუთაისის სატრაქტორო ქარხანაში ინჟინერ - კონსტრუქტორად, 1990-1993 წლებში იყო სპორტსაზოგადოება „შევარდენის” თავმჯდომარე, 1993-1994 წლებში ეკავა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობა; 2003-2007 წლებში მუშაობდა გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მარტვილის ფილიალში მენეჯერად; 2010-2012 წლებში მუშაობდა მარტვილის სასპორტო სკოლაში რაგბის მწვრთნელად; 2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს ლელოს ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი; 2014 წლიდან კი უკავია მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა.
ქონება:
ალექსანდრე გრიგალავა, 2016 წლის ოქტომბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს ორ ბინას რუსეთის ფედერაციაში, ორ ბინას თბილისში, ერთ სახლს მარტვილში, ორ მიწის ნაკვეთს მარტვილში, ხუთ მიწის ნაკვეთს თბილისში, ერთ მიწის ნაკვეთს დაბა ურეკში.
ბესიკ ფარცვანია - წალენჯიხის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ბესიკ ფარცვანია 1998-2000 წლებში მუშაობდა შპს „ლიას“ მთავარი ეკონომისტის მოადგილედ; 2000-2007 წლებში იყო „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ინსპექტორი; 2007 წელს მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; 2007-2009 წლებში იყო შპს „მობილ რიტეილის“ დირექტორი; 2009-2011 წლებში მუშაობდა შპს „ბლოკ ჯორჯიაში“ სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველად; 2007-2016 წლებში მუშაობდა„სამშენებლო კომპანია ენგური+“-ის ფინანსურ დირექტორად; 2012 წლიდან შპს „ბრიტანული ცენტრი-ზუგდიდის“ დირექტორია; 2014-2016 წლებში იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი; 2016 წლის ოქტომბრიდან კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელია.
ქონება:
ბესიკ ფარცვანიას მიერ 2016 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, იგი ფლობს ბინას ქალაქ თბილისში, მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლს, ავტოფარეხს და ორ არასაცხოვრებელ ფართს წალენჯიხაში.
კაპიტონ ჟორჟოლიანი - მესტიის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
კაპიტონ ჟორჟოლიანი 1998-1999 წლებში მუშაობდა მესტიის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მენეჯერად, 1999-2000 წლებში იყო მესტიის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტი; 2000-2002 წლებში იყო წლებში მესტიის 47-ე საარჩევო საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, 2002-2006 წლებში კომისიის თავმჯდომარე, 2006-2010 წლებში კი კომისიის წევრი; 2012 წლიდან კი არის მესტიის მუნიციალიტეტის გამგებელი.
ქონება:
კაპიტონ ჟორჟოლიანის მიერ 2017 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ბინას თბილისში, საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს მესტიის მუნიციპალიტეტში.