ENG

ხელისუფლების პიარ ღონისძიებებისა და რეკლამის მზარდი ხარჯები

07 ივლისი, 2018

*2017 წლის მონაცემები დათვლილია 2017 წლის ოქტობრის ჩათვლით

**პიარ თანამშრომელების ხელფასებს წინა კვლევის შემდეგ დაემატა მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები. ინფორმაცია სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ მივიღეთ.

 

  • “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს.
  • ჯამში, პიარ სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
  • პიარ აქტივობებისა და სარეკლამო ხარჯის მხრივ დიდი წილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია” “ღვინის ეროვნული სააგენტო”  და “აწარმოე საქართველოში”) მოდის; ხოლო ყველაზე მზარდი 2016 წელია, როდესაც მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
  • ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულების ანაზღაურებამ 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, (61,250,000 ლარის), დაახლოებით, მეხუთედია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2018 წლის მარტში გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ასახული იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობისა და მათი ანაზღაურების მკვეთრად ზრდის დინამიკა.

ამჯერად, ვცადეთ გაგვერკვია იმავე საკვლევ პერიოდში პიარ აქტივობებსა და რეკლამაში დახარჯული თანხების ოდენობა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 134 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია  2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პიარ მომსახურებისა და რეკლამის წარმოების, განთავსების, გავრცელების ხარჯის შესახებ. სამწუხაროდ, 9 უწყებამ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, მათ შორის: მთავრობის ადმინისტრაციამ, თავდაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროებმა.  თუმცა,  მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების სარეკლამო ხარჯების შესახებ ინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სხვა კვლევის ფარგლებში აქვს მიღებული, რაც ჩათვლილია საერთო მონაცემებში. აღსანიშნავია, ამ უწყებების მიერ პიარ აქტივობებში დახარჯული თანხა ჩვენთვის კვლავ უცნობია, რაც  საჯარო უწყებების ხარჯებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდიდა.

2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საჯარო უწყებების მიერ პიარ მომსახურებასა  და რეკლამაში გადახდილმა თანხამ 110 მილიონ 650 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 98 მილიონ ლარზე მეტი  2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა.

ჩვენ მიერ შესწავლილი მონაცემები მიუთითებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარისა და სარეკლამო  დანახარჯები მკვეთრად მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის მონაცემები ოქტომბრის ჩათვლით გამოვითხოვეთ, 2012 წელს ამ მიმართულებით დახარჯულ თანხას დაახლოებით 2-ჯერ აღემატება.

რეკლამასა და პიარ ღონისძიებებში დახარჯულმა თანხამ, ისევე როგორც პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასების ოდენობამ, საარჩევნო 2016 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 28 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2016 წლის ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნების პერიოდმა გამოიწვია - როგორც ჩანს,  ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოახდინა საბიუჯეტო სახსრების მობილიზაცია.

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყებები

2013-2017 წლებში ყველაზე მაღალდანახარჯიან უწყებებს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ: “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ღვინის ეროვნული სააგენტო” და “აწარმოე საქართველოში”. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პიარ აქტივობებისა და რეკლამების დანახარჯის ზრდა, ძირითადად, ამ სამი უწყების ხარჯზე ხდება. აღსანიშნავია, რომ “აწარმოე საქართველოში” 2014 წელს შეიქმნა, თუმცა ყველაზე  მაღალდანახარჯიან უწყებებს შორის მაინც მოხვდა.

*2012-2013 წწ. “აწარმოე საქართველოში” არ არსებობდა.

 

მთავრობის ადმინისტრაცია

ცალკე აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები. ეს ინფორმაცია  “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ პიარის თანამშრომელთა რაოდენობისა და ანაზღაურების შესახებ წინა კვლევაში მთავრობის მიერ დოკუმენტების მოუწოდებლობის გამო ვერ მოხვდა. სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ მოპოვებული  ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და სახელფასო ანაზღაურება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მზარდია და 2013-2017 წლებში  (2017 წლის მონაცემები მოწოდებულია ოქტომბრის ჩათვლით) 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, 61 მილიონ 250 ათასი ლარის, დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

*მონაცემები მოიცავს 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის პერიოდს.

*აღსანიშნავია, რომ 2010 წელს მთავრობის პრესსამსახურში 8 ადამიანი მუშაობდა, 2011 წელს კი 7

2012 წელთან შედარებით, 2016 წელს ანაზღაურებაში  დახარჯული თანხა 90%-ით გაიზარდა.

გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ასევე ირკვევა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ 2010-2017 წლებში რეკლამის განთავსება დაუკვეთა ისეთ მედია საშუალებებს, როგორიცაა “ასავალ დასავალი” და “ალია”, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან და ღიად ავრცელებენ ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს და  ანტიდასავლურ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს “ქართული ოცნების” მიერ არჩეული წევრის, გიორგი (გია) იაკობაშვილის მიერ დაფუძნებული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge ასევე მოხვდა იმ მედიების სიაში, ვინც რეკლამის განთავსების დაკვეთა მიიღო. გია იაკობაშვილი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით. მიუხედავად ჩვენ მიერ გამოთხოვლი ინფორმაციისა, მთავრობის ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა დეტალები, რომელ წლებში თანამშრომლობდა კონკრეტულ მედიასაშუალებებთან და რა ღირებულების კონტრაქტების ჰქონდა მათთან დადებული, შესაბამისად უცნობი დარჩა, მათ შორის, რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ “ასავალ-დასავალს”, “ალიასა” და For.ge-ს.