სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმებთან დაკავშირებული პრობლემები
11 ივლისი, 2018
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2017 წლის 15 ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმები გააანალიზა. კვლევის შედეგად შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა:
- სახელმწიფო შესყიდვის დაგეგმვაში ძირითადად, ორი სახის პრობლემაა: 1. შესყიდვების წლიური გეგმების შინაარსი და 2. წლის განმავლობაში შესყიდვების გეგმაში შეტანილი ცვლილებები;
- შესყიდვების წლიური გეგმები ხშირ შემთხვევაში ფორმალურად არის შედგენილი და ფაქტობრივად, შეუძლებელია, მათზე დაყრდნობით მიმწოდებელმა ტენდერებში მონაწილეობა დაგეგმოს;
- 15 ორგანიზაციის თავდაპირველ გეგმებში შეტანილი შესყიდვების დაახლოებით 52%-მა წლის განმავლობაში განიცადა კორექტირება. ეს კი, თავის მხრივ, ტენდერებში მიმწოდებლებს შორის კონკურენციაზე და შესყიდული საქონლის და მომსახურების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
შესყიდვების გეგმებთან დაკავშირებული პრობლემების შესამცირებლად საჭირო რეკომენდაციებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
- შესყიდვების დაგეგმვამდე უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებებს განსაზღვრას, ასევე, ცალკეული შესყიდვების ინდივიდუალურად დაგეგმვას და ბაზრის კვლევას მოიცავს;
- უნდა დაიხვეწოს შესყიდვების გეგმის შინაარსის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები. კერძოდ, სავალდებულო უნდა გახდეს CPV კოდების უფრო მეტად ჩაშლა;
- შესყიდვების სააგენტომ ტენდერების პორტალზე უნდა შექმნას ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვების გეგმების გაერთიანებული ბაზა;
- კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას გეგმებში შეტანილი ცვლილებების რაოდენობის შესამცირებლად;
- შესყიდვების სააგენტომ რეგულარულად უნდა გააანალიზოს შესყიდვების გეგმებში შეტანილი ცვლილებები და, საჭიროებისამებრ, გასცეს რეკომენდაციები იმ შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ამ კუთხით ყველაზე დიდი პრობლემები ექნებათ.
