ENG

საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მზარდი ნიშნები შეშფოთებას იწვევს

16 ოქტომბერი, 2018

 

გამოქვეყნებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ

ბერლინი, 16 ოქტომბერი, 2018 წელი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შეშფოთებულია ბოლო პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნებისა და ხელისუფლების წამყვანი პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმების გამო.

2018 წლის 3 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განაცხადა, რომ მედიის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერები მიუთითებდა საქართველოში თამბაქოს ბაზრის კონტროლის მიზნით შექმნილი სქემის არსებობაზე, რომლის საშუალებითაც სარგებელი უნდა მიეღოთ მაღალი თანამდებობის პირებს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და მოსამართლეებს.

მას შემდეგ, რაც ჩანაწერები გავრცელდა და წამყვანმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, დაეწყო გამოძიება აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სავარაუდოდ ყურადღების გადატანის მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაციების, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელებს ფაშიზმის თანამონაწილეები უწოდა. ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების  კოალიციამ მოგვიანებით მოუწოდა ირაკლი კობახიძეს, რომ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან და უზრუნველყოს კორუფციასა და არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული ბრალდებების სრულფასოვანი გამოძიება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დამოუკიდებელი და აპოლიტიკური ანტიკორუფციული ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წლიდან აკრედიტირებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური მოძრაობის მიერ.

„მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო  წამყვანი ქვეყანა იყო რეგიონში ანტიკორუფციული საქმიანობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მან ასევე უმასპინძლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტს მიმდინარე წლის ზაფხულში”, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარემ დელია ფერეირა რუბიომ, - “განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი უკუსვლა დემოკრატიული მმართველობის კუთხით. ძალზე დასანანი იქნება, თუ საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის მხრივ მიღწეულ პროგრესს კლეპტოკრატიისა და კორუფციის დაუსჯელობისკენ სვლა ჩაანაცვლებს.“

2017 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის შედეგის ანალიზისას „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უკვე აღნიშნა საქართველოში ანტი-კორუფციული კანონებისა და რეგულაციების აღსრულების, ასევე გავლენიანი პოლიტიკოსების კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის შემთხვევების გამოძიების მხრივ არსებული ნაკლოვანებები.

ისევე, როგორც მისი ეროვნული ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფიქრობს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ სამოქალაქო სექტორის სამუშაო პროცესი არჩევნებზე დაკვირვებისას. მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს მაღალი დონის კორუფციის იმ შესაძლო შემთხვევების სრულფასოვანი გამოძიება, რომლებზეც გავრცელებული აუდიო ჩანაწერები მიუთითებენ.