საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მოკლე შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მოკლე შეფასება

01 ივლისი, 2021

 

28 ივნისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიზანიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება იყო. სამუშაო პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში, ასევე, აისახა პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმებით (ე.წ. „შარლ მიშელის დოკუმენტი“) გათვალისწინებული დებულებებიც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მთლიანობაში დადებითად აფასებს განხორციელებულ ცვლილებებს, ვინაიდან ისინი რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმას ითვალისწინებს, თუმცა, ასევე, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც პრობლემურად მიგვაჩნია.

მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • სამივე დონეზე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი ხდება უფრო სამართლიანი. იზრდება პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა და თითო პარტია მხოლოდ ერთ წევრს დანიშნავს. ცესკოს პროფესიული წევრების დანიშვნას უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, დასჭირდება პარლამენტის ⅔-ის თანხმობა.
  • მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას მცირდება საარჩევნო ბარიერი და იზრდება პროპორციულად არჩეულ საკრებულოს წევრთა წილი, შესაბამისად, ცვლილებები უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში უფრო პროპორციულ ასახვას; წესდება მაჟორიტარად არჩევისთვის აუცილებელი 40%-იანი ბარიერი.
  • იკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შესწორება კენჭისყრის დღის შემდგომ დღეებში; საოლქო საარჩევნო კომისიას ეკრძალება ოქმში შესწორების შეტანა ბიულეტენების გადათვლის გარეშე; სავალდებულო წესით კომისიები გადაითვლიან საარჩევნო უბნების 10%-ს.
  • სამუშაო საათებში აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა გაფართოვდა და ის ყველა საჯარო მოსამსახურეს შეეხება, აგრეთვე ის გავრცელდა სკოლამდელ და ზოგად საგანმანათლებლო საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებზეც.
  • საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების წარდგენა ელექტრონული წესითაც შესაძლებელი გახდა.

უარყოფითად ვაფასებთ შემდეგ ცვლილებებს:

  • 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე იმოქმედებს ცესკოს პროფესიული წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დანიშვნის განსხვავებული წესი. კერძოდ, შეცვლილია ამ პროცესში ჩადებულ ე.წ. პოლიტიკური ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი: პროფესიული წევრის 2/3-ით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მას პარლამენტის 3/5 ამტკიცებს, ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. 2021 წლის არჩევნებამდე 4 კვირიანი ვადა შემცირებულია 1 კვირამდე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამენტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას აძლევს ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აირჩიოს მისთვის მისაღები კანდიდატი.
  • აგრეთვე დროებით იმოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ 9-ზე მეტმა პარტიამ გადალახა საპარლამენტო საარჩევნო ბარიერი საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭება იმ პარტიას, რომელსაც მეტი სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის, განსხვავებით ზოგადი წესისა, როდესაც უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც მეტი ხმა მიიღო არჩევნებზე. ეს დროებითი წესი ქმნის შესაძლებლობას, რომ ბლოკის შემადგენლობაში შესულმა ერთზე მეტმა პარტიამ მიიღოს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, ხოლო არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე ბარიერგადალახული პარტია საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნის უფლების გარეშე დარჩეს.
  • პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილმა ყველა პარლამენტარმა, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და სხვა პარტიაში გაწევრიანდა. ასეთ შემთხვევაში, ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება. ჩანაწერი პირდაპირ მოერგო  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევას, შედეგად, პარტია დაკარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას და ის „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცემა, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესული ყველა წევრი გადავიდა.
  • ცესკოს თავმჯდომარეს ემატება კიდევ ერთი მოადგილე, რასაც ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმება არ ითვალისწინებდა. შეთანხმებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე მხოლოდ ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული წევრი უნდა ყოფილიყო. ცესკოს მოადგილეების რაოდენობის გაზრდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილის მნიშვნელობას გარკვეულწილად ამცირებს.
  • საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს, პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს აღარ ექნებათ უფლება შეასრულონ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქცია, რაც კომისიის წევრებს არათანაბარ პირობებში აყენებს, ასევე, ამ შეზღუდვამ, შესაძლოა, საარჩევნო პროცედურების ჯეროვან აღსრულებას ხელი შეუშალოს.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის უფრო დეტალურ ანალიზს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

print