ENG

საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ევროკავშირის მოთხოვნების დიდი ნაწილი შეასრულა

08 მაისი, 2014

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას აფასებს, რომელიც საქართველოს 2013 წლის 25 თებერვალს გადმოეცა და რომელშიც ევროკავშირის მოთხოვნებია მოცემული. კვლევაში მიმოხილულია ქართული მხარის მიერ სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის შესრულების მონიტორინგის შედეგები 2014 წლის მარტის მდგომარეობით. ამასთანავე, კვლევა სამოქმედო გეგმის მხოლოდ პირველ ფაზას, ანუ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება, ვინაიდან საქართველო იმპლემენტაციის ფაზაზე აქტიურად ჯერ არ გადასულა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისას გამოჩნდა, რომ ევროკავშირის მოთხოვნათა დიდი ნაწილი საქართველოს შესრულებული აქვს, თუმცა კვლავ რჩება საკითხები, რაც რეფორმირებას საჭიროებს.

ამ ეტაპისთვის ევროკავშირის 31 მოთხოვნიდან საქართველომ 13 სრულად შეასრულა, 11 მეტწილად შეასრულა, 6 სანახევროდ შეასრულა, ხოლო 1 მოთხოვნა მეტწილად არ შეუსრულებია. უფრო კონკრეტულად:

ბლოკი 1. დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრული პასპორტების ჩათვლით

ამ ბლოკში წარმოდგენილი ოთხი მოთხოვნიდან ორი სრულად შესრულდა, ერთი – მეტწილად დაკმაყოფილდა, ხოლო ერთი – სანახევროდ შესრულდა.

ბლოკი 2. საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა

ამ ბლოკში წარმოდგენილი შვიდი მოთხოვნიდან ოთხი სრულად შესრულდა, ერთი – მეტწილად დაკმაყოფილდა, ხოლო ორი – სანახევროდ შესრულდა.

ბლოკი 3. საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება

ამ ბლოკში წარმოდგენილი 14 მოთხოვნიდან ექვსი სრულად შესრულდა, ოთხი - მეტწილად დაკმაყოფილდა, სამი – სანახევროდ შესრულდა, ხოლო ერთი მოთხოვნა მეტწილად არ შესრულებულა.

ბლოკი 4. საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები

ამ ბლოკში წარმოდგენილი ექვსი მოთხოვნიდან ერთი სრულად შესრულდა, ხუთი კი – მეტწილად დაკმაყოფილდა.

რეკომენდაციები

სამოქმედო გეგმის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ჩვენი აზრით, ხელისუფლებამ რიგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ, საჭიროა:

სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა 

1. იმ ვადის მკაფიოდ განსაზღვრა, როცა სრულად მოხდება ბიომეტრიული პასპორტების გამოყენება;

2. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების სამგზავრო დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტის შემუშავება;

3. შესაბამისი სამართლებრივი აქტის შემუშავება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დოკუმენტების არმქონე პირთა რეგისტრაციის პერმანენტული ღონისძიებები;

მიგრაციის მართვა

4. მიგრაციის სამსახურის შექმნის დაჩქარება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიგრანტების მონაცემების მართვასა და ანალიზზე, არალეგალური მიგრანტების გამოვლენაზე, დაკავებასა და შესაბამის დაწესებულებებში განთავსებაზე;

5. ცირკულარული მიგრაციის სქემის დროულად ამოქმედება;

6. შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ ინსტრუქციების ან შიდა განკარგულებების შემუშავება, რომლებითაც გათვალისწინებული იქნება დაბრუნებული პირებისათვის გადაუდებელი დახმარების გაწევის საკითხი;

7. შესაბამისი ინსტრუქციებისა და შიდა სახელმძღვანელოების შემუშავება, რომლებიც დაწვრილებით მოაწესრიგებს გადაადგილების თავისუფლების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სხვა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს; 

8. კანონის აღსრულების სფეროში მოქმედ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველსაყოფად მონაცემთა გაცვლის უწყებათაშორის ელექტრონულ პროგრამაში ყველა უწყების დროულად ჩართვა;

9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ შემუშავებული ერთობლივი ბრძანების დროულად გამოცემა, რომელიც დაწვრილებით მოაწესრიგებს თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ საზღვარზე შესაბამისი პროცედურების ჩატარების წესს;

დანაშაულთან ბრძოლის ინტენსიფიკაცია

10. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესება;

11. ნარკომანიასთან ბრძოლის გაუმჯობესებისათვის სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება 

12. ტრეფიკინგთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემთა ბაზის შექმნა  (პერსონალური მონაცემების დაცვით), რომელშიც ინფორმაცია დაყოფილი იქნება ტრეფიკინგის მსხვერპლის სქესის, ასაკის, ექსპლუატაციის ტიპის, წარმოშობის/დანიშნულების ქვეყნის შესაბამისად; 

13. შრომითი ექსპლუატაციისთვის  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება;

ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება

14. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების დაჩქარება; ამ საკითხებზე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა; შესაბამისი პერსონალის ტრეინინგი. 

15. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ელექტრონული გადახდის ინსტიტუტებზე (მაგალითად, pay box და სხვა ელექტრონული გადახდის ინსტიტუტები) გავრცელება; ამ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამკაცრება და ეფექტიანი გამოყენება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ;

16. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სხვა კომპეტენტური უწყების  განსაზღვრა, რომელიც უფლებამოსილი იქნება ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვის ვადის გახანგრძლივებაზე;

17. სპეციალიზებული საფინანსო საქმეების გამომძიებლების გადამზადება და გამოძიების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება;

18. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რათა გაუქმდეს სასამართლოს უფლებამოსილება, განიხილოს ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე შუამდგომლობა, როცა იგი ეხება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ პირებს, ჯგუფებს ან გაერთიანებებს;

პერსონალური ინფორმაციის დაცვა

21. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის სრულყოფისთვის ინსპექტირების განხორციელების მეთოდოლოგიის შემუშავების დაჩქარება;

22. კერძო სექტორის ინსპექტირების ნაწილში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების ვადის გადმოწევა;

საკონტაქტო პირი:

ნანა ლობჟანიძე, კომუნიკაციების ოფიცერი, nana@transparency.ge, 595 210 309. 

ანგარიში მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ან Sida-ს პოზიციას. ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და Sida არ არიან პასუხისმგებელნი მასალის შინაარსზე.