ENG

ცენტრ პოინტი ჯგუფი - ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი საქართველოში

10 დეკემბერი, 2012

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

თბილისი, 10 დეკემბერი, 2012 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს  ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეხება ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალს საქართველოში. ამ სკანდალში მონაწილეობდნენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და მათი კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფი“, რომელმაც 6, 200–მდე ოჯახის მიერ ბინების მშენებლობისთვის გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლების სტატუსი და კავშირები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაკომპლექტებულ მთავრობაში ბადებს ეჭვს, რომ ეს კავშირები მათ დაეხმარა თავიდან აეცილებინათ პირადი პასუხისმგებლობა კლიენტებისთვის მიყენებული ზარალისთვის.

  • „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ 70 კომპანიისგან შედგება, მათ შორის 55 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) და 15 ამხანაგობა, რომელიც საქართველოში ცნობილ სამ ადამიანს ეკუთვნის: ვახტანგ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს.
  • „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ ვრცელი „პირამიდის/პონზის სქემა“ გამოიყენა, კერძოდ მას შემდეგ, რაც კომპანიამ ვერ შეძლო თავდაპირველი კლიენტებისთვის ბინების აშენება, „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ დაიწყო შემდგომი კლიენტების თანხების გამოყენება თავდაპირველი კლიენტებისთვის ბინების ასაშენებლად.
  • „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მმართველების არაეფექტური და ზოგ შემთხვევაში გაუმართლებელი ქმედებების შედეგად 30 სამშენებლო პროექტი შეჩერდა და 6, 200–მდე ოჯახი (დაახლოებით 30 000 ადამიანი) დაპირებული ბინების გარეშე დარჩა.
  • საერთო ჯამში „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ 310 მილიონი დოლარი მიიღო სამშენებლო პროექტების დასრულებისთვის, თუმცა აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა.
  • კომპანია „დექსუსმა“, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ ვალდებულებები გადაიბარა და პირობა დადო ყველა დაზარალებული დაეკმაყოფილებინა 3 წლის განმავლობაში. კომპანია 2010 წლის 23 აგვისტოს დარეგისტრირდა, 2 კვირის შემდეგ კი „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ ვალდებულებები გადაიბარა. მისი საწესდებო კაპიტალი 100 ლარი იყო.
  • კომპანია „დექსუსმა“ კლიენტების „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ კომპანიებთან დადებული პირველადი ხელშკრულების პირობები გააუარესა და მათ დამატებითი გადასახადებისა და მშენებლობის თანხების გადახდა მოსთხოვა.
  • „დექსუსი“ მონაწილეობდა სავარაუდოდ უკანონო გარიგებაში, რომლის მეშვეობითაც დაზარალებული კლიენტების კუთვნილი ფასეული ქონება „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებს გადაეცათ.
  • „დექსუსმა” შეჩერებული 30 სამშენებლო პროექტიდან 8 პროექტი დაასრულა და დამატებით 7 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
  • ხელისუფლების გულგრილობა და ტენდენციურობა შერჩევითი სამართალწარმოებით იყო განპირობებული - საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არ დაიწყო „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ საქმის გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მყარი მტკიცებულებები და მაღალი საჯარო ინტერესი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ახალი მთავრობა დაინტერესდეს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ საქმით და დაიწყოს ამ საქმის დეტალების სიღრმისეული გამოძიება. უზრუნველყოფილ უნდა იქნას ყველა დაზარალებული კლიენტის საქმის სრული და ობიექტური გამოძიება გონივრულ ვადაში. ამასთან, დაზარალებულებმა უნდა შეძლონ ბინებზე საკუთრების რეგისტრაცია და მიყენებული ზარალის შესაბამისი კომპენსაციის მიღება.

ანგარიში მომზადებულია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ის შესაძლოა არ ასახავს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან EWMI-ის შეხედულებებს.