საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობის ანალიზი ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობის ანალიზი ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან

28 ივნისი, 2016

28 ივნისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პროექტის  „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი“  ფარგლებში  წარადგინა ანგარიში “საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობა ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან შესაბამისობის მიზნით საქართველოს პარლამენტმა უნდა გააუმჯობესოს საქმიანობა ღიაობის კულტურის დამკვიდრების, საპარლამეტო ინფორმაციის გამჭვირვალობის, საპალამენტო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაადვილების და საპარლამენტო ინფორმაციაზე ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ანალიზში შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უნდა:

  • შეიმუშაოს ეთიკის კოდექსი და შექმნას მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი;

  • გააუმჯობესოს კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარე;

  • დაასაბუთოს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა;  

  • გამოაქვეყნოს სადეპუტატო შეკითხვები;

  • წარადგინოს და პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საკანონმდებლო ინიციატივები და წინადადები ელექტრონული ფორმით;

  • გააიოლოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომა;

  • დაასაბუთოს საკომიტეტო მოსმენების დროს დღის წესრიგში ცვლილების შეტანა და დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა;

  • დროულად განათავსოს პარლამენტის საქმიანობასთან  (მათ შორის საკანონმდებლო) დაკავშირებული ინფორმაცია ვებგვერდზე;

  • გაამარტივოს პარლამენტის შენობაში შესვლის სისტემა და შესვლის წესების ხელმისაწვდომობა;

  • ღია და ადვილად დამუშავებულ ფორმატში განათავსოს საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაცია წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების – საპარლამენტო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების მოწოდებას ეროვნული პარლამენტებისადმი, რათა მათ უფრო აქტიურად შეუწყონ ხელი საკანონმდებლო ორგანოების ღიაობას და მათ მუშობაში მოქალაქეთა ჩართულობას.

წარმოდგენილი კვლევის მიზანია საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასება ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით,  ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობის გათვალისწინებით და რეკომენდაციების შემუშავება არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. რეკომენდაციები შეეხება როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე პარლამენტის საქმიანობის პრაქტიკის გაუმჯობესებას.

 

print