ENG

მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელები – მათი გავლენიანი კავშირები და ბიზნესინტერესები

16 აპრილი, 2014

თბილისი, 16 აპრილი 2014 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს ახალ ანგარიშს „ვის ეკუთვნის ქართული მედია?“, რომელშიც მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელების ამჟამინდელი და წარსული საქმიანობა და, ასევე, მათი სხვა ბიზნეს ინტერესებია აღწერილი. კვლევის მიზანია წარმოაჩინოს წამყვანი ქართული მედიასაშუალებების მფლობელების გავლენიანი კავშირები და კორპორატიული ინტერესები, რადგან აუდიტორიას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს ქართულ მედიას და სხვა რომელი კომპანიები ასოცირდებიან ამა თუ იმ მედიასაშუალებასთან.

ანგარიშში მოცემული ინფორმაცია მაყურებელს, მკითხველსა თუ მსმენელს საშუალებას მისცემს უკეთ ამოიცნოს კონკრეტული მედიასაშუალების მიკერძოებული გაშუქების მაგალითები. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორიას ამომწურავი ინფორმაცია ქონდეს არა მხოლოდ პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ გავლენებზე, არამედ კორპორატიულ ინტერესებზეც, რომლებსაც შესაძლოა ეს მედიასაშუალება ემსახურებოდეს.

კვლევის მთავარი მიგნებები:

  • კვლევაში 20-ზე მეტი სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალების მფლობელობის საკითხია განხილული. მათი უმეტესობის მფლობელობა გამჭვირვალეა.

  • რამდენიმე მედიასაშუალების მესაკუთრეს აქვს, ან გარკვეულ ეტაპზე ჰქონდა კავშირი მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ან ამჟამად ოპოზიციაში მყოფ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა დღეისათვის, როგორც საკუთრების გამჭვირვალობის, ისე მედიაზე პოლიტიკური კონტროლის თვალსაზრისით ბევრი რამ უკეთესობისკენ არის შეცვლილი 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით. აქ გასათვალისწინებელია 2011 წელს კანონში შეტანილი ცვლილებები  ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიების ფლობის აეკრძალვასთან დაკავშირებით, რაც მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.  

  • მედიააქტივებს საქართველოში რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი ფლობს:

- ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანიშვილი ოფშორული სუბიექტების მეშვეობით წილებს ფლობს მობილურ ოპერატორ „ბილაინში.“ მასვე უკავშირდება ინტერნეტ პროვაიდერ „კავკასუს ონლაინის“ მფლობელობა.

- პატარკაციშვილების ოჯახის (ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელები) საკუთრებაშია საქართველოში რამდენიმე მსხვილი აქტივი, რომელთა შორისაცაა მობილური ოპერატორი „მაგთიკომი,“ მინერალურის წყალი „ბორჯომი“ და მთაწმინდის პარკი. ოჯახს ამჟამად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით ჯოზეფ ქეისთან დავა აქვს.

- ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ვაჟი ბერა ივანიშვილიც გასართობ ტელევიზიას GDS-ს ფლობს, რიგი ოფშორული კომპანიები უკავშირდება, რომლებსაც ოჯახის ნათესავები მართავენ.

- ზაზა ოქუაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მაუწყებლობის ლიცენზია დაუბრუნდა (ტელეკომპანია „იბერია“) „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებელია. „ომეგა“ ჯგუფი ახორცილებს სიგარეტების წარმოებასა და დისტრიბუციას და არის BMW-ს დისტრიბუტორიც.

- ქტიურ ბიზნეს საქმიანობას ეწევიან „ტაბულას“ ერთ-ერთი მფლობელი კახა ბენდუქიძე და „პირველი სტერეოს“ წილების უმრავლესობის მფლობელი ვასილ კობაიძე.

  • ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული მფლობელი მხოლოდ ერთ მედიასაშუალებას ჰყავს. საქართველოს კანონმდებლობით ტელეკომპანიის და რადიოს გარდა სხვა ტიპის მედიასაშუალების მფლობელი შესაძლებელია იყოს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია.

- შპს ყოველკვირეულ საინფორმაციო-ანალიტიკურ ჟურნალ ტაბულას (ტაბულას ვებგვერდის თანახმად, ტაბულა მოიცავს ტელევიზიას, ვებგვერდსა და ყოველთვიურ ჟურნალს) წილების უდიდესი მფლობელი (51%) UCG Green Power-ი პანამური Rylf Management-ის საკუთრებაა. იმ სამაუწყებლო ლიცენზიას, რომელზეც ტელეკომპანია „ტაბულა“ მაუწყებლობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განათლების ფონდი“ ფლობს.1

  • 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მფლობელები რამდენიმე მედიასაშუალებამ შეიცვალა:

- 2012 წლის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ტელეკომპანია „იმედი“ (მისი მფლობელი კომპანია Georgian Media Production Group) ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. 

- პატარკაციშვილების ოჯახმა კომპანიის კუთვნილი კიდევ ერთი მაუწყებლობის ლიცენზია, რომლითაც აზარტული თამაშების არხი Play TV მაუწყებლობდა ტელეკომპანია „იბერიას“ გადასცა. (ამ უკანასკნელს „ომეგა“ ჯგუფის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე ფლობენ.)

- TV3-ის (ყოფილი „რეალ ტვ“) წილები სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა კახა ბაინდურაშვილმა და მისმა მოდგილემ ლაშა ჩხენკელმა შეიძინეს, თუმცა 2014 წლის თებერვალში კომისიამ ბანდურაშვილის ინტერესთა კონფლიქტი დაადგინა, რის შემდეგაც მან და ჩხენკელმა წილები დათმეს.

- „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ლევან ყარამანიშვილმა და გიორგი გეგეშიძემ დათმეს წილები ტელეკომპანია „მზეში“, რომლის წილების 90%-ის მფლობელიც „პირველი სტერეოს“ დირექტორი ზვიად ამირიძე გახდა.

  • ერთზე მეტ მედიააქტივს ერთდროულად რამდენიმე კომპანია ფლობს, თუმცა ბაზრის კონცენტრაციის საშიშროება არ იკვეთება:

- ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ამუშავებს გასართობს არხს „კომედი ტვ-ს“;

- ტელეკომპანიები „იმედი“ და „მაესტრო“ ფლობენ რადიოსადგურებს;

- მედია ჰოლდინგი „პალიტრა მედია“ ერთდროულად ფლობს ტელევიზიას, რადიოს, ათეულობით ჟურნალს, გაზეთსა და ვებგვერდს;

- რადიო ჰოლდინგი „რადიო საქართველო“ ოთხ არხს აერთიანებს („არ დაიდარდო,“ „ფორტუნა,“ „ფორტუნა +“ და „ავტორადიო“). იმავე ოჯახის მფლობელობაშია მუსიკალური არხი Music Box.

მომავალში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოაქვეყნებს კიდევ ერთ კვლევას, რომლის ყურადღების ცენტრში ადგილობრივი მედიასაშუალებების მფლობელობის, მათი როლისა და დაფინანსების საკითხები მოექცევა. ადგილობრივი მედიასაშუალებები ქალაქებსა და სოფლად დისკუსიების წარმართვის კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფონზე, რომლის შედეგადაც ივნისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 12 ქალაქში მერის პირდაპირი არჩევის წესი ამოქმედდება. 


1 ამ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების ფონდის დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა წერილობით მოგვმართა. წერილში აღნიშნულია, რომ ჟურნალი „ტაბულა“ და ტელეკომპანია ტაბულა სხვადასხვა იურიდიულ პირებს წარმოადგენენ და ეს უკანასკნელი არის იგივე, რაც ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდი. გვსურს განვაცხადოთ, რომ საჯარო რეესტრის ვებგვერდით შეუძლებელია იმის დადგენა, რომ ტელეკომპანია „ტაბულა“ არის იგივე ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდი. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არ იძებნება ფონდის წესდება, რასაც შესაძლოა დაედასტურებინა ზემოაღნიშნული. მეტიც, ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდი დარეგისტრირდა 2009 წელს და დააფუძნა ჟურნალი „ტაბულა“. ფონდი ამ დრომდე ფლობს შპს ყოველკვირეული საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალ „ტაბულას“ 5%-იან წილს. ამავდროულად, ტელეკომპანია „ტაბულასა“ და ჟურნალ „ტაბულას“ აქვთ საერთო მისამართი, ვებგვერდი, ტელეფონი, ელფოსტა და ორივე მათგანს ხელმძღვანელობს თამარ ჩერგოლეიშვილი, რაც გვაძლევს საფუძველს, „ტაბულა“ განვიხილოთ ტელეკომპანიის, ჟურნალისა და ვებგვერდის ერთობლიობად, როგორც ეს აღნიშნულია ჩვენს ანგარიშში და რასაც თავადაც ადასტურებენ ტაბულას ვებგვერდზე.

განახლება, 17 აპრილი17 აპრილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიიღო წერილი შპს „იუ-სი-ჯი გრინ ფაუერის“ დირექტორის სოსო მგელაძის სახელით. წერილში აღნიშნულია, რომ „შპს „იუ-სი-ჯი გრინ ფაუერს“ (რომელსაც ფლობს პანამის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული Rylf Management) არანაირი კავშირი არ აქვს ტელეკომპანია „ტაბულასთან“ და ის მხოლოდ შპს ყოველკვირეულ საინფორმაციო-ანალიტიკურ ჟურნალ „ტაბულას“ წილს ფლობს.

ამ განმარტებას ჩვენ არ ვიზიარებთ და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კვლევაში საუბარია მედიასაშუალებების მფლობელების პირდაპირ და არაპირდაპირ ბიზნესინტერესებზე და მისი მიზანი არ ყოფილა ამ კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი კუთხით ანალიზი. შესაბამისად, ჩვენ არ გაგვიმიჯნავს ერთმანეთისგან ჟურნალი „ტაბულა“ და ტელეკომპანია „ტაბულა“, როგორც განსხვავებული იურიდიული პირები, რისი საფუძველი ჩვენ საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების ანალიზის შედეგად არც გვქონია. ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდის დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის (რომელიც, ამავდროულად, შპს ყოველკვირეულ საინფორმაციო-ანალიტიკურ ჟურნალ „ტაბულას“ დირექტორი და მეწილეა) და „შპს „იუ-სი-ჯი გრინ ფაუერსის“ მიერ მოწოდებული წერილების საფუძველზე, ვუშვებთ, რომ ჟურნალი და ტელეკომპანია „ტაბულა“ ფორმალურად განსხვავებულ იურიდიულ პირებს წარმოადგენენ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არსებითად არ ცვლის იმ ვითარებას, რომ ისინი ერთი მედიაჯგუფის წარმომადგენლები არიან. როგორც აქამდეც აღვნიშნავდით, ყველა ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს მჭიდრო კავშირზე ჟურნალ, ვებგვერდ და ტელეკომპანია „ტაბულას“ შორის. ამასთანავე, როგორც ანგარიშსა და პრესრელიზშია განმარტებული, მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელსაც ტელეკომპანია „ტაბულა“ იყენებს, არის ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდი. მაუწყებლობის შესახებ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი, რასაც ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდი არ წარმოადგენს.

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.