კორუფცია და ანტიკორუფციული პოლიტიკა საქართველოში: 2012-2016 წლები
თბილისი, 2016 წლის 4 ოქტომბერი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომელშიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე საქართველოში კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ განვითარებული მოვლენებია შეფასებული. მიმოხილვა მოიცავს როგორც საკანონმდებლო ჩარჩოში განხორციელებულ ცვლილებებს, ისე პრაქტიკაში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს.
ამ პერიოდის განმავლობაში:
-
საქართველოს მაჩვენებელი კორუფციის საერთაშორისო რეიტინგებში 2012-2016 წლებში მცირედ გაუმჯობესდა.
-
საქართველოს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შემოღება. ასევე წინგადადგმული ნაბიჯი იყო ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება.
-
ამავე დროს, კანონმდებლობა კვლავაც შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს და პრობლემად ხდება მისი ეფექტური აღსრულება პრაქტიკაში.
-
2016 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ ძალაუფლების პირადი სარგებლისთვის გამოყენება.
-
გამოწვევად რჩება მაღალი დონის კორუფციისა და პოლიტიკური კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფა.
-
ქვეყნის არაფორმალური მმართველობა კვლავაც გამოწვევად რჩება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი მთავრობაზე არაფორმალურ გავლენას ინარჩუნებს. მისი გავლენა ზოგიერთ შემთხვევაში მასთან დაკავშირებული კომპანიების სასარგებლოდ გამოიყენება, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილებები გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად მიიღება,
-
შეშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის წევრებისა და აქტივისების წახალისების ინსტრუმენტად საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო კომპანიებში დასაქმების გამოყენება.