„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პოლიტიკური პარტიების ზოგიერთი საარჩევნო ხარჯის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პოლიტიკური პარტიების ზოგიერთი საარჩევნო ხარჯის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს

25 ივლისი, 2014

2014 წლის 25 ივლისი, თბილისი – ანგარიშში წარმოდგენელია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 4 საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური გაერთიანების თბილისისა და გორის მერობის კანდიდატების ზოგიერთი ხარჯის პარალელური მონიტორინგის შედეგები.

1. კვლევის სუბიექტები

თბილისი

  •  #1 კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე));
  • #3 დიმიტრი ლორთქიფანიძე (ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია);
  • #5 ნიკანორ მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
  • #41 დავით ნარმანია (ქართული ოცნება).

გორი

  • #1 ვასილ ბუთხუზი (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე));
  • #3 მამუკა ნოზაძე (ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია);
  • #5 არჩილ საბიაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
  • #41 ზურაბ ჯირკველიშვილი (ქართული ოცნება).

2. კვლევის შედეგები

1 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველომ“ დაახლოებით გამოითვალა რამდენი უნდა ყოფილიყო ამ კანდიდატების საარჩევნო კამპანიის ყველაზე მსხვილ კატეგორიაზე - ფასიანი სატელევიზიო რეკლამა და გარე რეკლამა (ბილბორდი) - გაწეული ხარჯები. როგორც მონიტორინგმა აჩვენა, მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიღეს ასეთი ხარჯები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

  • ორგანიზაციის გამოთვლით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისისა და გორის მერობის კანდიდატებს ფასიანი სატელევიზიო რეკლამის განთავსებაზე უნდა დაეხარჯათ დაახლოებით 521 000 ლარი;
  • ამ პარტიას საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშებზე ამ ტიპის ხარჯზე სულ მითითებული აქვს 196 328 ლარი. სავარაუდოდ, ეს ცდომილება ტექნიკური ხარვეზი უნდა ყოფილიყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნილ დეკლარაციებში, ანგარიშგების მომენტისთვის დაზუსტებული ინფორმაციის არქონის გამო, გარკვეული ხარჯები ვერ აისახა. პარტიის განმარტებით, ეს ინფორმაცია შემაჯამებელ ანგარიშებში ჩაიწერება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და დაადგინოს შეუსაბამობის მიზეზები.
  • რაც შეეხება გარე რეკლამას, ორგანიზაციის გამოთვლებით, საანგარიშო პერიოდში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რეკლამის ბილბორდებზე განთავსებაში უნდა დაეხარჯა დაახლოებით 160 000 ლარი.

ქართული ოცნება

  • ქართული ოცნების თბილისისა და გორის მერობის კანდიდატებს ფასიანი სატელევიზიო რეკლამის განთავსებაზე უნდა დაეხარჯათ დაახლოებით 249 000 ლარი, ხოლო ბილბორდებზე დაახლოებით 228 000 ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველო“ მომავალ არჩევნებზეც აპირებს მსგავსი მონიტორინგის განხორციელებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის პრობლემური საკითხებიც, რაც ამ პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა.

ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.