„ფსიქოპროექტის" ეგზიტპოლი, როგორც უკანონო შემოწირულება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„ფსიქოპროექტის" ეგზიტპოლი, როგორც უკანონო შემოწირულება

30 ოქტომბერი, 2018

 

28 ოქტომბერს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებას გააცნო კვლევითი ცენტრის „ფსიქოპროექტის” ეგზიტპოლების შედეგები, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. რამდენიმე მსგავსი საზოგადოებრივი აზრის კვლევა „ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პერიოდშიც გამოაქვეყნა. ვინაიდან მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, ჩვენი აზრით, მსგავსი კვლევების დაკვეთა, რითაც იზომება დამოუკიდებელი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი, წარმოადგენს მის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას. ქართული კანონმდებლობით აკრძალულია ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ მეორისგან შემოწირულების მიღება და მსგავსი ქმედება ისჯება შემოწირულების ორმაგი ოდენობის ჯარიმით.

აღსანიშნავია, რომ „ფსიქოპროექტს“ კვლევა უშუალოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა, განსხვავებით ადრე არსებული პრაქტიკისა, როდესაც კვლევას ტელევიზია ან არჩევნებში მონაწილე სუბიექტი უკვეთავდა, რომელთა ლეგიტიმური ინტერესიც ეგზიტპოლის შედეგების მიმართ ნათლად გამოკვეთილია და კითხვებს არ აჩენს.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს გამოიკვეთა საარჩევნო უბნების გარეთ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კოორდინატორების მაღალი კონცენტრაცია. მათთან კომუნიკაციის დროს იკვეთებოდა, რომ ისინი „ქართული ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ. ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის მიერ დღემდე წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში არც შრომის ანაზღაურების და არც შესაბამისი მომსახურების გრაფებში დიდი ხარჯები არ არის დაფიქსირებული, ჩნდება ეჭვი, რომ კოორდინატორები „ქართული ოცნებისგან” იყვნენ დაფინანსებული, რაც, ასევე, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ უკანონო შემოწირულებას შეიძლება წარმოადგენდეს.

მივმართავთ:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლოს ეს შემთხვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
  • „ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს, თავი შეიკავონ ისეთი თანამშრომლობისგან, რომელიც შესაძლო კანონდარღვევას წარმოადგენს, ასევე, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული ორი ხარჯის შესახებ.