ENG

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსება - შუალედური ანგარიში

26 ოქტომბერი, 2018

 

2018 წლის 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით საპრეზიდენტო არჩევნების  კამპანიის დაფინანსების შესწავლისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველომ” შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:

საპრეზიდენტო კანდიდატების შემოსავლები

  • მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და კვალიფიციური პარტიების მიერ წარდგენილმა ხუთმა ძირითადმა კანდიდატმა მთლიანობაში 6 762 283 ლარის ოდენობის შემოსავალი (ყველა წყაროდან) მიიღეს;
  • ყველაზე მეტი შემოსავალი – 4­­ 145 207 (61%) ლარი სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 1 360 023 ლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი დავით ბაქრაძე - 864 046 ლარით. მიუხედავად იმისა რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დაფინანსებას არ იღებს, მის მიერ მიღებული შემოსავლები მაინც დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა გრიგოლ ვაშაძის და ერთნახევარჯერ - ხუთივე ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის ერთად აღებულ შემოსავლებს;
  • საბანკო სესხით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა ისარგებლა. მან 1 ოქტომბერს „ბანკი ქართუსგან“ 1 მლნ ლარი ისესხა, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%-ს შეადგენს, ხოლო  ვადა სამ თვემდეა;
  • ექვსმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მთლიანობაში 4 226 120 ლარის ოდენობის შემოწირულება მოიზიდეს, საიდანაც 99% ფიზიკური პირების მიერ გაღებული თანხაა. შემოწირულებების უდიდესი ნაწილი 3 105 011 ლარი (73%) სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, შემდეგ მოდის გრიგოლ ვაშაძე 583 820 ლარით, დავით ბაქრაძე – 516 404 ლარით, დავით უსუფაშვილი – 13 290 ლარით, კახა კუკავა – 6 596 ლარით და შალვა ნათელაშვილი - 1 000 ლარით. ამ მონაცემებით ჩანს, რომ ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულებები დაახლოებით ხუთჯერ აღემატება გრიგოლ ვაშაძის და ორნახევარჯერ - ხუთივე ოპოზიციური კანდიდატის ერთად აღებულ შემოწირულებებს;
  • სალომე ზურაბიშვილს 148 ფიზიკურმა პირმა შესწირა თანხა, რომელთაგან 92 ადამიანი 356 სხვადასხვა იურიდიულ პირთან არის დაკავშირებული (მეწილე ან დირექტორი). ამ 356 იურიდიული პირიდან სულ 18 კომპანია იყო ისეთი, რომლებმაც 2018 წელს[1] მინიმუმ ერთი გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი მაინც მიიღეს. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 243 875 ლარი იყო, ხოლო  ამ 18 კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა ზურაბიშვილს ჯამში 815 008 შესწირეს. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით რაიმე პრობლემური ტენდენცია არ იკვეთება;
  • ოქტომბრის დასაწყისში საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 2 და 3 ოქტომბერს ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკების 15-მდე ექიმის მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაღებულმა შემოწირულობებმა. ამ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ შემოწირულებას, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას შეწირული თანხის ორმაგი ოდენობით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაწყებული აქვს ამ საქმის შესწავლა;
  • სალომე ზურაბიშვილის 148 შემომწირველიდან 46 პირია ისეთი, რომლებმაც წინა წლებში სხვა პარტიასაც შესწირეს თანხა. მათგან 41 ფიზიკური პირი „ქართული ოცნების“ ყოფილი შემომწირველია, რომლებმაც ზურაბიშვილს ჯამში 836 000 ლარი შესწირეს, რაც მთლიანი შემოწირულებების 28%-ია. გასულ წლებში იგივე პირებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში დაახლოებით 1 950 000 ლარი აქვთ შეწირული. ასევე, ზურაბიშვილის რვა შემომწირველს 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქვს თანხები გაღებული ჯამში 425 000 ლარის ოდენობით;
  • პარტიები დიდწილად დამოკიდებული არიან სახელმწიფო დაფინანსებაზე. გამონაკლისი მმართველი და რამდენიმე ოპოზიციური პარტიაა, რომლებიც შემოწირულებებს კი იღებენ, თუმცა ისინი ძირითადად მსხვილ შემომწირველებზე არიან დამოკიდებული, რაც საზოგადოებაში ბევრი კითხვას აჩენს.

საპრეზიდენტო კანდიდატების ხარჯები

  • მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და კვალიფიციური პარტიების მიერ წარდგენილმა ხუთმა ძირითადმა კანდიდატმა მთლიანობაში 6 911 676 ლარის ხარჯი გაიღეს;
  • ხარჯების უდიდესი ნაწილი, 4 124 047 ლარი (60%) სალომე ზურაბიშვილმა გაიღო, მეორე ადგილზე გრიგოლ ვაშაძეა 1 485 604 ლარით, ხოლო მესამეზე - დავით ბაქრაძე 882 313 ლარით. როგორც მონაცემებიდან ჩანს, სალომე ზურაბიშვილის ხარჯები თითქმის სამჯერ აღემატება გრიგოლ ვაშაძის და ერთნახევარჯერ - ხუთივე ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის ერთად აღებულ ხარჯებს;
  • კანდიდატები საარჩევნო პერიოდში ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავდნენ რეკლამაზე, უძრავი ქონების იჯარასა და ხელფასებზე;
  • ზურაბიშვილმა რეკლამაზე 3 368 507 ლარი (მთლიანი ხარჯების 82%) დახარჯა, რაც სხვა კანდიდატების ერთად აღებულ სარეკლამო ხარჯებზე ორნახევარჯერ მეტია. ექვსი საპრეზიდენტო კანდიდატის რეკლამაზე მთლიანად 4 678 893 ლარი დაიხარჯა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის წილი 72% იყო;
  • რვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი კუთვნილ უფასო სარეკლამო დროს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს უთმობდა, რაც შემოწირულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ეს კი ქართული კანონმდებლობით აკრძალულია და ისჯება შემოწირულების ორმაგი ოდენობის ჯარიმით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაწყებული აქვს ამ საქმის შესწავლა;
  • საპრეზიდენტო კანდიდატების ხარჯების შესწავლისას, ასევე, ყურადღება მიიპყრო სალომე ზურაბიშვილის მიერ შრომის ანაზღაურების მიზნით გაღებულმა ხარჯებმა. იმის ფონზე, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მან 4 მლნ ლარზე მეტი დახარჯა, ქვეყნის მასშტაბით აქვს 80 ოფისზე მეტი და ათეულობით წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა, შრომის ანაზღაურებაზე 19 625 ლარი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება იმ ფონზე, როცა ზოგიერთ სხვა კანდიდატს დაახლოებით ათჯერ მეტი თანხა აქვს ამ ტიპის ხარჯებში დეკლარირებული.

სხვა საკითხები

  • მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საარჩევნო სუბიექტების ანგარიშგებების სრულყოფილად შევსება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საარჩევნო სუბიექტებმა კარგად არ იციან თუ როგორ უნდა შეივსოს დეკლარაციები და რა ინფორმაცია რა ფორმით უნდა იყოს მითითებული, ან კიდევ შეგნებულად არ ავსებენ სწორად. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა არის ხარჯებზე ზედამხედველობის კუთხით;
  • არაეფექტურია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეაგირება საარჩევნო სუბიექტების მიერ საეჭვო გარემოებებში მიღებული შემოწირულების შესწავლის მხრივაც. გადამოწმების პროცესი დიდხანს იწელება და საბოლოოდ შედეგიც არ არის ხოლმე დამაკმაყოფილებელი;
  • აუდიტის სამსახურს ჯერ-ჯერობით არც ერთი დარღვევა არ გამოუვლენია;
  • კვლავ გამოწვევად რჩება პოლიტიკური შინაარსის მქონე „ფეისბუქით” დაფინანსებული საინფორმაციო მასალის გამჭვირვალობის საკითხი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ობიექტური მიზეზებით ვერ ახერხებს ამ მასალების დამფინანსებლების გამოვლენას.

რეკომენდაციები

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირების საკითხს. საჭიროა, ასეთი შემოწირულებების მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესწავლა, რათა გაიზარდოს ამ უწყების მუშაობის ეფექტურობა და მის მიმართ საზოგადოების ნდობა;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსური ანგარიშგებების შევსების კუთხით. ასევე, უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდეს დეკლარაციების შინაარსს (განსაკუთრებით ხარჯების ნაწილს) და საჭიროების შემთხვევაში უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ასევე, უნდა დაინტერესდეს შრომის ანაზღაურებაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაწეული ხარჯებით და შეისწავლოს, რამდენად სარწმუნოა მის მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მოცემული რიცხვები.

საბოლოო ანგარიში არჩევნების შემდეგ  გამოქვეყნდება.

ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნისსაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსდა შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის ანდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის  შეხედულებებს.

 


[1] 31 ივლისამდე