„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ამომრჩევლისთვის ახალი ვებგვერდი აამოქმედა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ამომრჩევლისთვის ახალი ვებგვერდი აამოქმედა

31 აგვისტო, 2016

 

ვებგვერდის chemikhma.ge მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში. ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე, მოცემულია ამ კითხვებზე საქართველოში მოქმედი 7 ძირითადი პოლიტიკური პარტიის1 პასუხები:

  • დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

  • ეროვნული ფორუმი

  • თავისუფალი დემოკრატები

  • მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

  • პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის - გირჩი

  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია

ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეავსოს იგივე კითხვარი და გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელს ვებგვერდი აჩვენებს შედეგს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენ პროცენტიანი თანხვედრა აქვს.

პროცენტული თანხვედრა გამოითვლება შემდეგნაირად: თუ კონკრეტულ კითხვაზე ვებგვერდის მომხმარებელისა და პოლიტიკური პარტიის პასუხები სრულიად იდენტურია, ამ კითხვაში პარტიას მიენიჭება 100%. თუ ამომრჩევლისა და პარტიის პასუხები არ არის სრულიად იდენტური, მაგრამ მსგავსია, პარტიას მიენიჭება 75%. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩევლისა და პარტიის პასუხები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, პარტიას ენიჭება 0%.

კითხვარის სრულად შევსების შემდედ ყველა კითხვის შედეგი ჯამდება და მიღებული რიცხვი იყოფა 36-ზე, ანუ კითხვების რაოდენობაზე, რის შედეგადაც გამოითვლება ვებგვერდის მომხმარებლისა და თითოეულ პოლიტიკური პარტიას შორის საშუალო პროცენტული თანხვედრა.

_____________________________________________

1კითხვარი გაეგზავნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ათ კვალიფიციურ პარტიას2 და ორ ახლადშექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას - „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” და „სახელმწიფო ხალხისთვის”. კითხვარის შევსებაზე უარი გვითხრეს შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა: „საქართველოს ლეობორისტული პარტია”, „პატრიოტთა ალიანსი”, „სახელმწიფო ხალხისთვის”, „საქართველოს კონსერვატიული პარტია”, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო”

print