„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (16:00 - 20:00 სთ.) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (16:00 - 20:00 სთ.)

27 ოქტომბერი, 2013

საარჩევნო პროცესი დღის განმავლობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. დღის ბოლოსკენ საგრძნობლად იკლო დარღვევების რიცხვმა. ამ დროისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 70-ზე მეტი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევა დააფიქსირა. ჩვენმა დამკვირვებლებმა სულ 34 საჩივარი დაწერეს.

ამ 4 საათიან შუალედში შემდეგი დარღვევებია აღსანიშნავი:

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

  • გურჯაანის საარჩევნო ოლქის მე-15 უბანზე 28 ამომრჩეველს არ დაუკმაყოფილდა გადასატანი ყუთის მოთხოვნა და ამ მოქალაქეებმა ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა. საოლქო კომისიამ მიზეზი არ განმარტა და, მოთხოვნის მიუხედავად, ამ მოქალაქეებს უარის შესახებ არ აცნობა.

მარკირების პროცედურების დარღვევით ხმის მიცემის შემთხვევები

  • ქუთაისის საარჩევნო ოლქის 35-ე უბანზე დღის განმავლობაში მივიდა 15 ისეთი ამომრჩეველი, რომელთაც აღმოაჩნდათ მარკირება, მაგრამ საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, მათ მიეცათ ხმის მიცემის უფლება, რადგან კომისიის დასკვნით, მათ მარკირება არ ჰქონდათ გავლილი;
  • ქუთაისის საარჩევნო ოლქის 112-ე უბანზე იგივე განმეორდა. ამჯერად სავარაუდოდ მარკირება გავლილმა 10-მდე პირმა მისცა ხმა.
  • სამგორის საარჩევნო ოლქის 54-ე უბანზე შევიდა ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება ჰქონდა გავლილი და მაინც გამოიყენა ხმის მიცემის უფლება.

საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებული დარღვევები

  • ხონის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე და სამტრედიის საარჩევნო ოლქის 50-ე უბანზე ბიულეტენების ნუმერაცია არათანმიმდევრული იყო და არ ემთხვეოდა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ რაოდენობას.

პრობლემები საარჩევნო სიებში

  • ბათუმის საარჩევნო ოლქის 72-ე უბანზე 60-მდე ადამიანმა ვერ მისცა ხმა, რადგან საარჩევნო სიიდან, დაუდგენელი მიზეზების გამო, იყვნენ ამოღებულნი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების საბოლოო შეფასებას 28 ოქტომბერს 12 საათსა და 30 წუთზე  გააკეთებს.

print
elections