განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სადამკვირვებლო მისიის შესახებ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სადამკვირვებლო მისიის შესახებ

01 ოქტომბერი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საპარლამენტო არჩევნებს 420 ადგილობრივი და 56 საერთაშორისო დამკვირვებლით აკვირდება. უცხოელი დამკვირვებლები წარმოადგენენ „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პორტუგალიის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლობებს.

ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები გადანაწილდნენ 300 საარჩევნო უბანზე და 73 საარჩევნო ოლქიდან 63-ს ფარავენ. უბნების შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა. სტაციონარული დამკვირვებლების გარდა, საარჩევნო პროცესებს 36 მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს. მობილური ჯგუფები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ე.წ. პრობლემურ უბნებს, რომელთა სია შექმნილია მედია საშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

არჩევნებისას მიმდინარე მოვლენების შეფასებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დღის განმავლობაში სამჯერ წარმოადგენს. პრესკონფერენციები გაიმართება 11 საათზე, 14 საათზე, და 22 საათსა და 30 წუთზე. ასევე, არჩევნების დღის მიმდინარეობის საერთო შეფასება გაკეთდება 2 ოქტომბერს 14.00 საათზე.

ამ დროისითვის ჩვენი დამკვირვებლების მიერ  შემდეგი  სერიოზული დარღვევბია აღმოჩენილი:

1. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ უბანზე იმაზე ნაკლები ბიულეტენი და კონვერტია შეტანილი ვიდრე იმ ამომრჩეველთა სიაში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა. ასეთი შემთხვევა უკვე 20-მდე უბანზე დაფიქსირდა.

2. საბურთალოზე 52-ე უბანზე ერთ-ერთმა მოქალაქემ1 ერთი ბიულეტენი ჩააგდო ყუთში, თუმცა მეორე ბიულეტენი თან წაიღო. არსებობს ეჭვი, რომ ამ უბანზე იგეგმება ე.წ. „სომხური მარაოს” გამოყენება, რომელიც ხმის მიცემის ერთ-ერთი სერიოზული დარღვევაა.

3. ჩხოროწყუს 21-ე უბანზე სამკერდე ნიშნების გარეშე რამდენიმე ადამიანია შესული და ხელს უშლიან საარჩევნო პროცესს, ასევე დგანან რეგისტრატორებთან და იძლევიან მითითებებს.

4. ახალქალაქის მე-19 უბანზე ათამდე ადამიანს პირადობის მოწმობების გარეშე მიაცემინეს ხმა.

 


1პირველ განცხადებაში ჩვენ მიერ მითითებული მოქალაქე გიორგი ჯიქიას მონაწილეობა აღნიშნულ ინციდენტში არ დასტურდება ამიტომ მისი სახელი ამოღებულ იქნა ამ განცხადებიდან.  

print