საერთაშორისო გამჭვირვალობა ინგლისი თავდაცის ბიუჯეტის გამჭვირვალობის გლობალურ კვლევას აქვეყნებს
- თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველო „საშუალოდან დაღმავალ“ კატეგორიაში მოხვდა;
- საქართველოს მსგავს პოზიციაზე მსოფლიოს 24 ქვეყანაა;
- მაღალი ქულები ქვეყნების 16 პროცენტმა მიიღო. ესენი მაღალგანვითრებული ქვეყნებია მდგრადი დემოკრატიული ტიპის მმართველობით. სახელმწიფოთა 22 პროცენტი საშუალოდან მაღალ პოზიციაზეა. ქვეყნების 62 პროცენტი საშუალო, საშუალოდან დაბალ და დაბალ კატეგორიაშია.
საერთაშორისო გამჭვირვალობის ინგლისის ეროვნული ბიურო სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შესახებ გლობალურ კვლევას აქვეყნებს. კვლევის უმთავრესი მიზანია ქვეყნების მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იმის განსაზღვრა, თუ როგორ იცავს ესა თუ ის ქვეყანა თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის პრინციპებს. ყველა ქვეყანა გარკეულწილად ასაიდუმლოებს დაზვერვაზე, მოწმეთა დაცვაზე და მსგავს აქტივობებზე დახარჯული სახსრების მოცულობას. თუმცა ამ სახის სენსიტიური ინფორმაციის გასაიდუმლოება და დაცვა შეიძლება გამჭვირვალობასთან თავსებადი იყოს, თუ მთავრობები მართვის საღი პრონციპებით ისარგებლებენ და ამას ხელს შეუწყობს მძლავრი სამართლებრივი სისტემა. აღნიშნულ კვლევაში საქართველო ბოლოდან მეორე კატეგორიაშია ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ავღანეთი, ინდოეთი, მექსიკა, ნიკარაგუა და ა.შ.
კვლევის ფარგლებში, საერთაშორისო გამჭვირვალობა ინგლისმა შეისწავლა 88 ქვეყნის თავდაცვის უწყებების ბიუჯეტებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. ასევე საბოლოო ანგარიშის მომზადებისას გამოყენებულ იქნა ღია ბიუჯეტის ინდექსი (OBI), საზოგადოებრივი დანახარჯისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მონაცემთა ბაზა, გაეროს ინსტრუმენტი სამხედრო დანახარჯთა საერთაშორისო სტანდარტული ანგარიშგებისთვის, აკადემიური სტატიები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პუბლიკაციები და ანგარიშები, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხელმისაწვდომი ვერსიები. სახელდობრ ქვეყნების რეიტინგს საფუძვლად ღია ბიუჯეტის ინდექსის შედეგები დაედო.
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ქვეყნებს მიენიჭათ ქულები (5-უმაღლესი), და ამ ქულების მიხედვით ისინი შემდეგ კატეგორიებად დაიყო: მაღალი გამჭვირვალობა, საშუალოდან მაღალი გამჭვირვალობა, საშუალო გამჭვირვალობა, საშუალოდან დაბალი გამჭვირვალობა და დაბალი გამჭვირვალობა.
უმაღლესი ქულა მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვედეთი, ამერიკა, ბრიტანეთი. კვლევაში შესული 88 ქვეყნიდან უმაღლესი შეფასება 14 ქვეყანამ მიიღო. ყველაზე დაბალი ქულით 21 ქვეყანა შეფასდა. მათ შორის მოხვდნენ ჩინეთი, ეგვიპტე, ჰონდურასი, ყირგიზეთი, სერბეთი, სენეგალი და ა.შ.
კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ მაღალი ქულები გამოკვლეული ქვეყნების 16 პროცენტმა მიიღო. ეს ძირითადად განვითარებული ქვეყნებია, სადაც მძლავრი დემოკრატიული სისტემები მოქმედებს. ქვეყნების 22 პროცენტი საშუალოდან მაღალ პოზიციაზეა. ამ კატეგორიაში შევიდნენ განსხვავებული ტიპის ქვეყნები აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და ლათინური ამერიკიდან. კვლევის შედეგებით ნათელი ხდება, რომ მსოფლიო გამოწვევის წინაშე დგას - ქვეყნების 62 პროცენტი საშუალო, საშუალოდან დაბალ და დაბალ კატეგორიაშია.
ქვეყნების რანგირება თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობა |
|
მაღალი გამჭვირვალობა (14) |
ბოსნია და ჰერცეგოვინა |
საშუალოდან მაღალი გამჭვირვალობა (20) |
ბოტსვანა |
საშუალო გამჭვირვალობა (9) |
არგენტინა |
საშუალოდან დაბალი გამჭვირვალობა (24) |
ავღანეთი |
დაბალი გამჭვირვალობა (21) |
ალჟირი |
კვლევის მეთოდოლოგია
აღნიშნული კვლევა ეფუძვნება 2010 წლის “ღია ბიუჯეტის ინდექსს”, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობის საფუძვლიან შეფასებას წარმოადგენს. “ღია ბიუჯეტის ინდექსის” კვლევამ კონკრეტულად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებიც მოიცვა. კერძოდ, ღია ბიუჯეტის ინდექსის კითხვარში შემდეგი კითხვები შედიოდა: 1.აქვეყნებს და ასაჯაროებს მთავრობა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, დამტკიცებულ პროექტს და აუდიტორულ ანგარიშებს; 2. საბიუჯეტო წლის განმავლობაში დანახარჯის რამდენი პროცენტი მიდის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სამხედრო დაზვერვაზე; 3.მიეწოდება თუ არა საკანონმდებლო ორგანოს საბიუჯეტო წლის მანძილზე ეროვნული უსაფრთხოების და სამხედრო დაზვერვის დანახარჯებზე ინფორმაცია; 4.უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტი რა დონეზე მომზადებულ აუდიტორებს იყენებს იმ სახელმწიფო სააგენტოების შესამოწმებლად, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია თავდაცვის სფეროსთან (ჯარი, პოლიცია, დაზვერვის სამსახური).
თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის მცირე ხარვეზად მოიაზრება ის ფაქტი, რომ საკუთრივ ქვეყნების რეიტინგი შედგა მხოლოდ OBI-ის კითხვარზე გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით. ამასთან, ეს კვლევა ფოკუსირებულია უფრო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და ყურადღების მიღმა რჩება თითოეული ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის სისწორის შემოწმება. ასევე, კვლევა ეხება ბიუჯეტის გამჭვირვალობას და არ მოიცავს კორუფციის დონესა და ანგარიშვალდებულებას. ამ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად ანგარიშს თან ერთვის ახალი კითხვარი, რომელსაც საერთშორისო გამჭვირვალობის ინგლისის ეროვნული ბიურო თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შესახებ მომავალი, უფრო ამომწურავი და თანმიმდევრული კვლევის ჩატარებისას გამოიყენებს.