ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული რისკები სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული რისკები სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში

27 მარტი, 2018

 

"საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული რისკები სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა გამჭვირვალობის მაღალი დონით გამოირჩევა, ქვეკონტრაქტორები რჩება იმ გამონაკლისად, რომელზეც თითქმის არანაირი ინფორმაცია არ ქვეყნდება. ინფორმაციის გაუმჭვირვალობის გამო, რთულია მსჯელობა, თუ რა სიხშირით ვლინდება პრობლემები ქვეკონტრაქტორების მიერ განხორციელებულ საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში. ასევე, რთულია ინტერსთა კონფლიქტის, კორუფციული გარიგებების და პოლიტიკოსების მხრიდან ლობირებული სახელმწიფო შესყიდვების გამოვლენა.

ფაქტობრივად, ქვეკონტრაქტორების გამოყენება რჩება სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დაფარულ მხარედ, სადაც მაღალია ყველა იმ მავნე პრაქტიკის არსებობის ალბათობა, რომელთა თავიდან აცილებასაც ემსახურება შესყიდვის გამჭვირვალე ტენდერები.

ევროკავშირის დირექტივა, რომლის შესრულება საქართველოსთვის სავალდებულოა ევროკავშირთან ასოცირების პროცესიდან გამომდინარე, საქართველოს ავალდებულებს ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე გახადოს.

OECD-ის ანგარიშები აჩვენებს, რომ ქვეკონტრაქტორები შესაძლოა გამოყენებულ იქნან კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად, როდესაც რეალურად კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი შეთანხმებულად მოქმედებენ. ამ პრაქტიკის გამორიცხვის ყველაზე ეფექტური გზა შემსყიდველისთვის ქვეკონტრაქტორის ვინაობის წინასწარ ცნობაა.

 რეკომენდაციები

  1. მიუხედავად იმისა, რომ ქვეკონტრაქტის გაფორმების წესების დადგენას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 2019 წლის ბოლომდე გვთხოვს, საკითხის აქტუალობიდან და პრაქტიკაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეასრულოს ეს მოთხოვნა. ამან მნიშვნელოვნად შეიძლება გაზარდოს შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობა, სანდოობა და ეფექტიანობა;
  2. სავალდებულო უნდა იყოს ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება შესყიდვების ელექტრონულ პლატფორმაზე, სულ მცირე, ქვეკონტრაქტორების ვინაობის, ხელშეკრულების საგნის და ღირებულების მითითებით. ინფორმაცია უნდა განთავსდეს მანქანაკითხვად (machine readable), დამუშავებად ფორმატში, ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით შემუშავებულ სპეციალურ ველში;
  3. შემსყიდველმა ორგანიზაციებმა თავად უნდა დააწესონ ქვეკონტრაქტორების გამოყენების შეზღუდვები (მაგალითად, საკვალიფიკაციო მოთხოვნების ქვეკონტრაქტორზე გავრცელება, კონტრაქტის მაქსიმუმ რა წილი შეიძლება შეასრულოს ქვეკონტრაქტორმა და სხვა);
  4. თუ ძირითადი კონტრაქტორი საქმიანობას მეტწილად ქვეკონტრაქტორის მეშვეობით ასრულებს, ასეთი კონტრაქტი მას სამუშაო გამოცდილებაში არ უნდა ჩაეთვალოს.

 

 

print