ENG

კორუფციის აღქმის ინდექსი 2018: მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოუძიებლობა პროგრესის ნაკლებობას განაპირობებს

29 იანვარი, 2019

 

თბილისი, 2019 წლის 29 იანვარი - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2018 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 58 ქულა აქვს და 41-44-ე ადგილებს იყოფს ლატვიასთან, ესპანეთთან და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებთან.

რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუმჯობესდა გასულ წელთან შედარებით, თუმცა (კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად) 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა შედეგი CPI-ს კვლევაში 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა (უკეთესობისკენ ან უარესობისკენ). ასევე გასათვალისწინებელია, რომ კვლევაში ასახული არ არის 2018 წლის მიწურულს გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები, რომლებმაც მომავალში შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინონ რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე.

მთავარი გამოწვევები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ CPI-ს შედეგების ანალიზში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ემუქრება „უკუსვლა დემოკრატიის სფეროში, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ზრდის და გულისხმობს, რომ ქვეყანა მომავალში დაკვირვებას საჭიროებს.“

იმავე ანალიზის თანახმად, ასეთი მდგომარეობის მიზეზებია „ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, სახელმწიფოს მიტაცება და მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე.“ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მიუხედავად ხელისუფლებაში კორუფციისა და უკანონო ქმედებების გამოძიების გადაუდებელი საჭიროებისა, საქართველოს არ შეუქმნია დამოუკიდებელი სააგენტოები, რომლებიც სათანადო მანდატით იქნებოდნენ აღჭურვილნი.“

დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „დაყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას.“

კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ

კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც წელს 26-ედ ქვეყნდება, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2018 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიაში (88 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში (10 ქულა).

2018 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“.

CPI