კონკურენცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვებში: „სიტროენ ჯორჯიას” შემთხვევა
გასული კვირის მანძილზე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო შპს „სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენლების, მათ შორის გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობის”), განცხადებებმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ტენდერებში არსებულ დარღვევებზე. ამავე განცხადებების კრიტიკის ერთ-ერთი ადრესატი საქართველოს პრემიერ მინისტრიც იყო. კომპანიის წარმომადგენლებმა კონკურენციის სააგენტოშიც იჩივლეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა ამ სექტორში 2015 წლიდან 2017 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ჩატარებული ტენდერები, ყველაზე მსხვილი მოთამაშეები და კონკურენციის დონე. როგორც ქვემოთ წარმოდგენილი სურათიდან ჩანს, ამ სექტორში კონკურენცია, საკმაოდ დაბალია და ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშე იკვეთება. თუმცა, მხოლოდ ამაზე დაყრდნობით საუბარი, რომ ბაზარზე კარტელურ გარიგებას აქვს ადგილი, რთულია, რადგან კომპანიებს, რომელთა მიმართ პრეტენზიებია გამოთქმული აღნიშნულ სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ და საქართველოში არსებული მცირე ბაზრის პირობებში მათი ტენდერში გამარჯვება ლოგიკური შეიძლება იყოს. გარდა ამისა, „სიტროენ ჯორჯიას” მიერ წარსულში მოგებული რამდენიმე ტენდერი გარკვეულ კითხვებს აჩენს.
მეორე მხრივ, სახელმწიფო შესყიდვებში დაბალი კონკურენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მუდმივად ამახვილებს ყურადღებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების 2015-17 წლების ანგარიშს, რომელშიც ამ სფეროში კონკურენციის გაზრდის საჭიროებასა და სხვა პრობლემურ ტენდენციებზე იქნება ყურადღება გამახვილებული.
რა საკითხზე დავობს „სიტროენ ჯორჯია”
„სიტროენ ჯორჯია”-ს ადვოკატს, დირექტორსა და კომპანიასთან დაკავშირებულ გიორგი გაჩეჩილაძეს, მიაჩნიათ, რომ კომპანიამ არაკეთილსინდისიერი გარიგების გამო ვერ გაიმარჯვა სახელმწიფო ტენდერებში. კერძოდ, მათი მტკიცებით, ავტომანქანების ბაზარზე არსებობს კარტელური შეთანხმება, რის გამოც სახელმწიფო ტენდერებს მხოლოდ რამდენიმე კომპანია იგებს. ამ ფაქტის შესახებ გიორგი გაჩეჩილაძემ, როგორც იგი ამბობს, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეატყობინა და რეაგირება სთხოვა, რაც, გაჩეჩილაძის თქმით, უპასუხოდ დარჩა.
„სიტროენ ჯორჯია” და ტენდერები
შპს „სიტროენ ჯორჯია” 2016 წლის 20 მაისს დაარსდა. კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი გიორგი შარაშიძეა (გიორგი გაჩეჩილაძის სიძე), რომელიც პარალელურად კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებს. 30%-იან წილს კი შპს „საქართველოს სავაჭრო ჯგუფი” ფლობს.
ერთ-ერთი სადავო ტენდერი, რომლის შესახებაც „სიტროენ ჯორჯიას” წარმოამდგენლები საუბრობენ, ეხება სსიპ სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ შესყიდვას. შემსყიდველ ორგანიზაციას საუკეთესო წინადადება „სიტროენ ჯორჯიამ” წარუდგინა, თუმცა ტენდერზე ტექნიკური მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. „ქრაშ ტესტი”) ვერ წარადგინა.
დაარსებიდან დღემდე კომპანიას 5 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანც მან სამში გაიმარჯვა (იხილეთ ცხრილი #1). ამ კომპანიამ პირველად საქართველოს ფოსტის ტენდერი მოიგო. საინტერესოა, რომ ამ ტენდერის გამოცხადებისას (2016 წლის 4 მაისი) „სიტროენ ჯორჯია” ჯერ დაფუძნებულიც კი არ იყო, მიუხედავად ამისა, ტენდერის გამოცხადებიდან მხოლოდ მე-16 დღეს შექმნილმა კომპანიამ ეს კონტრაქტი მიიღო. ამ შემთხვევაში საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი საქართველოს ფოსტის რამდენიმე მაღალჩინოსანი და მათ შორის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ძმების ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეების მეგობარია. საქართველოს ფოსტის ტენდერის მოგების შემდეგ „სიტროენ ჯორჯიამ” კიდევ 2 ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეასრულა.
„სიტროენ ჯორჯიამ”, ასევე, ვერ გაიმარჯვა ჯანდაცვის სამინისტოს მიერ 2017 წელს გამოცხადებულ ტენდერშიც. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ყველა სხვა მონაწილესთან შედარებით დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს, მან საბოლოოდ დისკვალიფიკაცია მიიღო ტექნიკური დოკუმენტების წარუდგენლობის/შეუსაბამობის გამო.
„სიტროენ ჯორჯიას” გამარტივებული შესყიდვები
4. შავი სია
„სიტროენ ჯორჯიამ” გამარტივებული შესყიდვის გზით სულ სამი ხელშკერულება მიიღო (იხილეთ ცხრილი #2). სამივე შემთხვევაში კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რადგან დროულად ვერ შეძლო ავტომობილების მიწოდება. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიის შავ სიაში შეყვანა მოითხოვა.
შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „სიტროენ ჯორჯია” მიმწოდებელთა შავ სიაში ოთხჯერ შეიყვანეს (იხილეთ ცხრილი #3).
თუმცა, „სიტროენ ჯორჯიას” ადვოკატმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ შავ სიაში შეყვანის გადაწყვეტილებები (ბოლო, მეოთხე გადაწყვეტილების გარდა) კომპანიამ გაასაჩივრა და მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ვერც შესყიდვების სააგენტოს პორტალზე და ვერც სხვა რომელიმე საჯარო წყაროზე დაყრდნობით მსგავსი სახის ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ.სააგენტოს განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ: „გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები მიმწოდებელთან გაფორმდა არა მხოლოდ ელექტრონული ტენდერების, არამედ სატენდერო პროცედურების გარეშეც – გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუმცა მან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაართვა თავი მის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ ყველა გადაწყვეტილება დღესდღეობით შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც შპს „სიტროენ ჯორჯიას“ ისინი, დადგენილი წესით, არ გაუსაჩივრებია სასამართლოში”.
5. ზოგადი მდგომარეობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტენდერებში 2015-2017 წლებში
ცხრილი #4-ში მოცემულია 2015 წლიდან 2017 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ავტოსატრნსპორტო საშუალებების შესყიდვისას ტენდერით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა და ღირებულება და მათ შორის, კონკურენციის გარეშე ტენდერების წილი.
წითლად მოცემულია ის კომპანიები, რომლებსაც „სიტროენ ჯორჯია” კარტელურ გარიგებაში ადანაშულებს და უჩივის.
2015 წლიდან 2017 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით ტენდერების გზით დახარჯული თანხის 71% ერთმიმწოდებლიან ტენდერებზე მოდის.
ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ერთმიმწოდებლიანი ტენდერების გზით დახარჯული თანხის წილი 2015 წლიდან 2017 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდება.