ENG

GNCC-მ არ უნდა დაარეგულიროს სიძულვილის ენის საკითხები

17 ივნისი, 2019

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ეხმიანება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის მოწოდებას და საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ პარლამენტი იწყებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ევროდირექტივის იმპლიმენტაციის ფარგლებში ხორციელდება და სხვა ცვლილებებთან ერთად, მაუწყებლობაში სიძულვილის ენის რეგულაციას ითვალისწინებს.

მივიჩნევთ, რომ ამ ინიციატივის განხორციელებას, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლების არსებული მაღალი სტანდარტისა და ოპონენტების კრიტიკული აზრის შეზღუდვა მოჰყვეს. პარლამენტში საკითხზე მუშაობისას მაქსიმალურად უნდა იყოს  გათვალისწინებული მედია და არასამთავრობო სექტორის პოზიციები, რადგან საკითხი ეხება  დემოკრატიის და ადამიანის უფლებების  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - გამოხატვის თავისუფლებას და გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას მაღალი დემოკრატიული სტანდარტების და გამოცდილების გათვალისწინებით. 

აღნიშნული თემის კანონით დარეგულირების საკითხს  მარეგულირებელი კომისია 2017 წლიდან  აყენებს და საკანონმდებლო წინადადება 2018 წლის დეკემბერში პარლამენტს მეორედ წარუდგინ.  ამ ხნის განმავლობაში, მედია და არასამთავრობო სექტორი აქტიურად იყო საკითხის განხილვაში ჩართული და მუდმივად აფიქსირებდა პოზიციას, რომ მარეგულირებლის ინიციატივა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ფასეულობებს. მართალია, კომისიის მხრიდან, არასამთავრობოთა შეთავაზების საფუძველზე ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, პოზიცია შეიცვალა, თუმცა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ თვითრეგულაციის საკითხთან მიმართებით დაგეგმილი ცვლილება, რომლის თანახმად, სიძულვილის ენის გამოყენების დარეგულირება GNCC-ის პრეროგატივა ხდება, საფრთხეს შეუქმნის სიტყვის თავისუფლებას და აუცილებელია მისი შეცვლა, არ იქნა გათვალისწინებული.  

არსებული პროექტით, თვითრეგულირებიდან  კანონით რეგულირებაში გადადის სიძულვილის ენის გამოყენების, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის საკითხები. დღეს ეს საკითხები მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოების მიერ განიხილება. მარეგულირებლის ინიციატივით კი გასაჩივრების უფლება შემოდის. საკითხის შესწავლას კვლავ მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანო განახორციელებს, ხოლო კომისიაში ან სასამართლოში საკითხის გასაჩივრება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იქნება უკმაყოფილო.

კრიტიკული მედიის მუშაობით უკმაყოფილებას საქართველოში ხელისუფლება ხშირად გამოხატავს. ბოლო პერიოდში  ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა ხელისუფლების მხრიდან არა მარტო პოლიტიკური ოპონენტების, ასევე, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიზანმიმართული საინფორმაციო თავდასხმები.

პირველი პირების მიერ პირდაპირ ხდებოდა და ხდება მითითება, რომ მედიას უნდა ასწავლონ რა და როგორ თქვან. ამისთვის მხოლოდ ყოფილი პრემიერის და პარტია “ქართული ოცნების” დღევანდელი ხელმძღვანელის განცხადებებიც საკმარისია, რომელსაც შემდეგ უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები იმეორებენ. განცხადების დონეზე ნათქვამს ემატება კონკრეტული ნაბიჯები მედიის წინააღმდეგ, რისი დადასტურებაც არის რუსთავი2-ის ან ტვ პირველის საქმეები

იმ ცვლილებებით კი, რასაც მარეგულირებელი აჟღერებს, კომისიის  ხელში აღმოჩნდება ბერკეტი, რითიც შესაძლებელი გახდება მედიაზე ზეწოლის მოხდენა და  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. იმის გამო, რომ ქვეყანაში დღემდე პრობლემად რჩება სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა,  საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ეს ცვლილებები ხელისუფლებამ შესაძლოა თავის სასარგებლოდ და სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენოს. ამ ეჭვს აღრმავებს ისიც, რომ არსებობს მთელი რიგი შემთხვევებისა, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამ რეგულაციებზე საუბარს იწყებდნენ სწორედ მათ მიმართ  გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ.

მეორე მხრივ კი, თანამედროვე მსოფლიოში და ცხადია, მათ შორის, საქართველოშიც  მწვავე პრობლემას წარმოადგენს სიძულვილის ენის გამოყენება, რაც, ცხადია, რეგულირებას საჭიროებს, მაგრამ არა ისე, რომ შედეგი უფრო უარესი მივიღოთ, რის საშიშროებასაც ქმნის მარეგულირებელი კომისიის მიერ გაჟღერებული ინიციატივა. მივიჩნევთ, რომ აუცილებელია, ამ საკითხის დარეგულირება მოხდეს ქართული კონტექსტისა და რეალობის გათვალისწინებით და  დაინტერესებული მხარეების კონსენსუსით.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი აპელირებს ევროპულ დირექტივიდან გამომდინარე ვალდებულებასა და ევროპელი ექსპერტების მიერ მოამზადებულ დასკვნებზე, სადაც, მისი თქმით, მითითებულია,  რომ ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპის კანონმდებლობასთან და სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა გადავიდეს რეგულირების სფეროში.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროდირექტივა არ ანიჭებს არც ერთ სისტემას - რეგულაცია თუ თვითრეგულაცია, უპირატესობას. შესაბამისად, თავად  სახელმწიფოზეა დამოკიდებული, თუ რომელ სისტემას აირჩევს მედიაში სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი უკვე ითვალისწინებს პასუხისმგებლობას შუღლის გაღვივებისა თუ ომის პროპაგანდის შემთხვევებში. კო-რეგულაციის სისტემის არსებობის შემთხვევაში კი, სხვა საკითხებთან ერთად, აუცილებელია, რომ მარეგულირებელი ორგანო იყოს დამოუკიდებელი და ეჭვქვეშ არ იდგეს მისი მიუკერძოებლობის საკითხი. და ბოლოს, აუცილებელია, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილებების მიღებისას არსებობდეს დაინტერსებულ მხარეებს შორის კონსენსუსი, რაც ამ შემთხვევაში არ გვაქვს (ევროდირექტივა, მუხლი 4 (7).

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საკითხი არის ძალიან სენსიტიური დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით და არასწორმა და ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის მომავალს. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ, რაც უნდა გამოიხატოს მედიის და სამოქალაქო სექტორის აზრის მაქსიმალურად გათვალისწინებაში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის და განხილვის პროცესში აქტიურად ჩართვისთვის.