ENG

რატომ არ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები

29 მაისი, 2019

 

ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა ყალბ ინფორმაციასა და სიძულვილის ენასთან ბრძოლის მოტივით ცილისწამების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების აუცილებლობაზე, რასაც შესაძლოა გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისა და ოპონენტების კრიტიკული აზრის შეზღუდვა მოყვეს. 

ამ გამოწვევების გათვალისწინებით, შევეცადეთ გაგვეანალიზებინა, თუ რა საფრთხეები ახლავს თან სადავო ინიციატივას და მის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას. ასევე, მიმოვიხილეთ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები, სადაც შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნები ჩნდება მაშინ, თუ საქმე ხელისუფლების ოპონენტებს ეხება.

ყალბი ინფორმაციის გავრცელება

ყალბი ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით სოციალური ქსელებითა და ახალი მედიის პლატფორმით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც.

ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების, მათ შორის მედიისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიზანმიმართული „საინფორმაციო თავდასხმები“, რამაც განსაკუთრებით ნეგატიური ფორმა 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მიიღო. კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს 150-ზე მეტი მადისკრეტირებელი ფეისბუქ გვერდის და ე.წ. საინფორმაციო სააგენტოს იდენტიფიცირება მოხდა. აღნიშნული გვერდები ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ეწეოდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის დისკრედიტაციას, თუმცა მათი უმრავლესობა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერდა მხარს და ოპოზიციის, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ყალბ, ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებდა. მანკიერი ტენდენცია არჩევნების შემდგომაც გაგრძელდა და ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაცია ისევ ხდება.  ყალბი გვერდების შემქმნელები და ე.წ. „ტროლები“ არა მხოლოდ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელებით შემოიფარგლებიან, არამედ კოორდინირებულად ერთვებიან სოციალურ ქსელებში მიმდინარე სხვადასხვა დისკუსიებში და აქტიურად ავრცელებენ პროსახელისუფლებო ნარატივს.

მიუხედავად ხელისუფლების მიერ დეკლარირებული პოზიციისა, რომ არ მოხდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ჩნდება ეჭვი, რომ მიმდინარე დისკუსიის მთავარი მიზანი არა ე.წ. „ფეიკ ნიუსებთან” თუ ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა, არამედ ცილისწამების შესახებ კანონის ცვლილებაა, რამაც შესაძლოა  ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გამონათქვამების გავრცელება შეზღუდოს. აღნიშნული შეფასების საფუძველს გვაძლევს ასევე უახლოეს წარსულში „ქართული ოცნების” წარმომადგენლების თუ სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფების მიერ  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის  არაერთი მცდელობა.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები

2017  წელს “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა იუსტიციის იმჟამინდელი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე წინადადებით გამოვიდა, რომ მოსამართლის მიმართ უნდა დადგენილიყო „დასაშვები კრიტიკის ფარგლები“, რათა სათანადოდ დაცული ყოფილიყო სასამართლოს ავტორიტეტი და მოსამართლეთა რეპუტაცია. საკითხი მწვავე დისკუსიის საგნად იქცა, თუმცა საბოლოოდ საკანონმდებლო ინიციატივის სახე არ მიუღია. 

2018 წელს, იმ დროისთვის ქართული ოცნების დეპუტატების ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა. დოკუმენტი ითვალისწინებდა სასამართლოს  მიერ ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვას, რომელიც ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს შუღლს და ა.შ. კანონპროექტს სამოქალაქო საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა, ვინაიდან ის ეწინააღმდეგებოდა როგორც ადამიანის ძირითადი უფლების ფუნდამენტურ პრინციპებს, ისე მოქმედ კონსტიტუციას, და საფრთხეს უქმნიდა გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას. საბოლოოდ, ავტორებმა ინიციატივა უკან გაიწვიეს.

2018 წელს, პარლამენტის წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ემზარ კვიციანმა პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ე.წ. “რელიგიური გრძნობების” შეურაცხყოფის დასჯა მოითხოვა. საკითხი საკომიტეტო განხილვების ეტაპზეა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა დეპუტატებს მსგავსი ხასიათის ინიციატივით მიემართოთ პარლამენტისათვის, თუმცა სამოქალაქო სექტორის მკვეთრად უარყოფითი პოზიციის შედეგად, ამ დრომდე საკანომდებლო ორგანოს ცვლილებები არ მიუღია.

2019 წელს გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განცხადებებს საპატრიარქოც გამოეხმაურა და სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც სიძულვილის ენის მედიაში გამოვლენას შეისწავლის. მათი განცხადებით, აპირებენ საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას იმის დასადგენად, თუ როგორ „ხდება იქ სატელევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან არ მოდიოდეს ასეთი ოდენობით აგრესია, ასეთი ოდენობით ძალადობა, უხამსობა.”

კანონმდებლობა

გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური და კონვენციური უფლებაა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ფართოდ არის დაცული. ცილისწამების დეკრიმინალიზება საქართველოში 2004 წელს მოხდა,  რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით  უდიდეს მიღწევად ითვლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის შესაბამისად, დეკლარირებულია აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებების დაცვა. ამავე მუხლის თანახმად: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება სასამართლოში შეიტანოს სარჩელი ცილისწამების თაობაზე და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სამოქალაქო წესით იდავოს. მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე. იმავე კანონით გათვალისწინებულია გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სამართელბრივი გარანტია, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

გამოხატვის თავისუფლებისა და ცილისწამების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში გაწერილი სამართლებრივი გარანტიები მნიშვნელოვანწილად  ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობასა და სამართალწარმოების გამოცდილებას ემყარება. მართალია, ევროპის ქვეყნების გამოცდილება თვისობრივად განსხვავებულ სტანდარტებს ადგენს, თუმცა ქართულ რეალობასა და კონტექსტს, სწორედ რომ ამერიკული მოდელი მიესადაგება, რაც პრაქტიკაში არაერთგზის დადასტურდა. აღსანიშნავია ასევე, რომ კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების დაცვა გამყარებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი რიგი პროგრესული პრეცედენტებითაც.

თუმცა, სამწუხაროდ,  საერთო სასამართლოების ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები სერიოზულ კითხვებს ბადებს შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ, განსაკუთრებით ხელისუფლების ოპონენტების ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. 

სასამართლო პრაქტიკა

დადგენილი პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საერთო სასამართლოები ბოლო პერიოდამდე ცილისწამების საქმეებთან დაკავშირებით ერთგვაროვან განმარტებებს ავითარებდნენ, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოების განხილვისას, რომელიც  პირისათვის შესაძლო დანაშაულის ჩადენის დაბრალებას შეეხებოდა.

  • „მამუკა ხაზარაძე მედია საშუალების წინააღმდეგ“[1]

გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, ხაზარაძეს 1989 წლის 18 თებერვლის მიტინგის დარბევა, ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა და სხვა სახის დანაშაულების ჩადენა დაბრალდა. მოცემულ საქმეზე მსჯელობისას სასამართლომ მიუთითა იმის აუცილებლობაზე, რომ კონკრეტული ხასიათის დანაშაულის ჩადენის შესახებ გაკეთებული განცხადებებისას, დანაშაულის ჩადენის ფაქტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უნდა დადასტურდეს. თუ  სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს, ითვლება, რომ დანაშაული არ ჩადენილა (მითითება უდანაშუალობის პრეზუმფციაზე), განცხადება მცდარი ფაქტების შემცველია და ის ცილისწამებას წარმოადგენს.

მოცემული განმარტება, როგორც  საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა, გამოყენებულია თითქმის ყველა იმ საქმეში, სადაც ადგილი აქვს განცხადებას დანაშაულის ჩადენის დაბრალების შესახებ.

  • ახალციხის საკრებულოს წევრი  ჯ. გ.   ახალციხის მერის  გ. კ-ს  წინააღმდეგ[2]

2015 წლის 10 დეკემბერს ახალციხის მერმა ერთ - ერთ გადაცემაში საკრებულოს წევრის პოლიციიდან გამოგდების მიზეზად დაასახელა მისი მხრიდან პატიმრების “ბოთლებზე დასმისა” და მათი ფანჯრიდან გადაგდების შემთხვევები. სასამართლოს განმარტებით, ახალციხის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია ისეთი მოქმედება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულს წარმოადგენს.  შესაბამისი  მტკიცებულების წარდგენის გარეშე,  ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში,   პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან გვაქვს საქმე. გადაწყვეტილების თანახმად,  ასეთი პირი საზოგადოებაში შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც დამნაშავე, რაც მის დისკრედიტაციას  გამოიწვევს.  მოცემული მსჯელობა სრულად გაიზიარა საკასაციო სასამართლომ და განმარტა, რომ მტკიცებულებების გარეშე დანაშაულებრივ ფაქტებზე მითითებით გაკეთებული განცხადებით ზიანი მიადგა საკრებულოს წევრის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. 

  • ო. კ.   შპს „ა. ჰ-ის“ წინააღმდეგ[3]

გადაწყვეტილების თანახმად,  მოსარჩელე ო.კ. - ს  საგაზეთო სტატიაში ცილი დასწამეს პედოფილობასა და არასრულწლოვანთა მიმართ სხვა გარყვნილი ქმედების ჩადენაში ისე, რომ რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო. იგივე გაზეთი მომდევნო სტატიებში ო.კ. - ს მოიხსენიებდა სიტყვებით:  ნაძირალა, პედოფილი და ა.შ.  სასამართლოს განმარტებით, მოცემულ  შემთხვევაში, მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ფაქტები მცდარი იყო. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ცილისწამებას, რითაც ზიანი მიადგა და  შეილახა მისი პატივი და ღირსება.  

თითოეული საქმის გადაწყვეტისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს. თუმცა, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით და გამოქვეყნებული გადაწვეტილებების ანალიზით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთო სასამართლოებმა ერთგვაროვანი პრაქტიკა ჩამოაყალიბეს - ცილისწამებად ჩაითვალა ყველა ის განცხადება, სადაც დაბრალებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ვერ დამტკიცდა. 

საერთო სასამართლოებში ამჟამად მიმდინარე საქმეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი შემთხვევა, რომლებზეც გადაწყვეტილებები პირველი ინსტანციის სასამართლომ  ბოლო ორი  წლის განმავლობაში მიიღო - ორი საქმე დადგენილი პრაქტიკის ფარგლებში ექცევა და მხოლოდ ერთია გამონაკლისი: 

  • ბესელია  ელისაშვილის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2017 წლის 20 მარტს მიიღო. ეკა ბესელიამ, რომელიც მოცემული დავის განხილვისას საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის  უმრავლესობის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე იყო, გაასაჩივრა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადება.  ელისაშვილმა  ბესელიას კორუმპირებული უწოდა და  პატიმრების ციხიდან განთავისუფლების კორუფციულ გეგმაში მის მონაწილეობაზე ისაუბრა.

სასამართლომ მოცემული განცხადება ცილისწამებად შეაფასა, რამაც  ეკა ბესელიას ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შეულახა. გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არ დადასტურდა ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებულ პირებსა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი“.  

  • ჭეიშვილი  ვასაძის წინააღმდეგ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წლის 20 ნოემბერს მიიღო. დავის საგანი იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის მედეა ვასაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც,  ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი მეგობრებს თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკების შემოტანაში დაეხმარა.

სასამართლომ მოცემულ შემთხვევაშიც დაადგინა ცილისწამების არსებობა. გადაწყვეტილების მიხედვით: “მოსარჩელემ (ირაკლი ჭეიშვილმა) შესაბამისი მტკიცებულებით შეძლო მოპასუხის მიერ გავრცელებული აღნიშნული ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობის (მცდარობის) უტყუარად დადასტურება”.

ამ გადაწყვეტილებიდან 10 დღეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის სარჩელი წილისწამების საქმესთან დაკავშირებით არ დააკმაყოფლილა და არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განმარტება მოგვცა.

  • ეკა გიგაური ხაინდრავასა და ადამაშვილის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წლის 30 ნოემბერს გამოიტანა. ეკა გიგაურმა გაასაჩივრა ხაინდრავა/ადამაშვილის განცხადებები, რომლის  მიხედვითაც, მას სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის პერიოდში 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მონაწილეობა, ამის გამო წოდების მიღება და დარბევაში მონაწილე პირებისთვის პრემიის მიცემა  დაბრალდა.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასამართლოს მხრიდან საქმის პირველ ინსტანციაში განხილვა არაგონივრულად გაჭიანურდა - საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის მარტში შევიდა, ხოლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება 2018 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. საქმის განხილვის გაჭიანურებამ  შესაძლებლობა მისცა ხაინდრავასა და ადამაშვილს, ასევე ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და მმართველი პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ცილისწამებლური განცხადებებისთვის კამპანიური სახე მიეცათ და ეს ბრალდებები არაერთგზის გაემეორებინათ მედიაში  გიგაურის  დისკრედიტაციის მიზნით.

პროცესზე გიგაურის მხარემ  პროკურატურიდან წარადგინა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ეკა გიგაური არცერთ დაბრალებულ  დანაშაულთან შემხებლობაში არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ სადავო განცხადება ცილისწამებად არ ჩათვალა.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბესელიას და გიგაურის საქმეზე,  გადაწყვეტილების გამომტანი ერთი და იგივე მოსამართლეა, რომელმაც ერთი წლის ინტერვალში, იდენტური გარემოებების არსებობისას ორი სრულიად განსხვავებული განმარტება მოგვცა. ბესელიას შემთხვევაში დაადგინა ცილისწამება, ხოლო გიგაურის შემთხვევაში ასეთი კვალიფიკაციისგან თავი შეიკავა.

შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებში გაიზიარეს ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა  უარესდება, რაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო ჩარევის შესახებ  ეჭვებს გააღრმავებს. ამასთან, საქმის განხილვის გაჭიანურება ცილისწამებას დაქვემდებარებულ პირს დამატებით ზიანს აყენებს.

რეკომენდაციები:

  • ხელისუფლებამ მკვეთრად უნდა გამიჯნოს ერთმანეთისაგან ცილისწამება და ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრობლემა; შეწყვიტოს ცილისწამებასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადადებების გაკეთება და უარი თქვას კანონში არსებული ჩანაწერის ცვლილებაზე, რომელიც  მოქალაქეებს კრიტიკული აზრის გამოხატვას შეუზღუდავს. 
  • მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო გათავისუფლდეს გარე და შიდა გავლენებისგან.  საერთო სასამართლოების მიერ ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმეების შესახებ დადგენილი პრაქტიკა არ უნდა გაუარესდეს.
  • პოლიტიკური ჯგუფები, განსაკუთრებით კი ხელისუფლება არ უნდა იყოს ყალბი ინფორმაციის გავრცელების წყარო, არ ჩაერიოს მედიის საქმიანობაში და უზრუნველყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია გარემოს შექმნა.
  • ხელისუფლებამ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეები და მის წინააღმდეგ ბრძოლა გახადოს ფართო დისკუსიის საგანი და უზრუნველყოს პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვა.

 


[1] საქართველოს უზენაესი სასამართლო,  საქმის #ას-1011-972-2016

[2] საქართველოს უზენაესი სასამართლო,  საქმის #ას-790-739-2017

[3] საქართველოს უზენაესი სასამართლო,  საქმის #ას-1332-1258-2012

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“