ENG

განცხადება „რუსთავი 2“ - ის საქმესთან დაკავშირებით

13 ივლისი, 2016

 

გუშინ, 12 ივლისს, „რუსთავი 2“ - ს წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის 100% წილის მფლობელობის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო სექტორი ვაკვირდებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის შემცირებისა და  პირველი ინსტანციის მხრიდან მიღებული დაუსაბუთებელი განჩინებების შესახებ.

ამ, და განსაკუთრებით პირველ ინსტანციაში, საქმის განხილვისას  დაფიქსირებული სხვა გარემოებების ფონზე, განმტკიცდა ეჭვი სასამართლოს საქმიანობაზე შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით,  რაც, ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის გარშემო მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელმაც შესაძლოა შედეგად მოიტანოს მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დააზიანებს ქვეყანაში პლურალისტულ მედია გარემოს და დემოკრატიის ხარისხს.

მოვუწოდებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დასაშვებლად ცნოს  და კანონმდებლობის სრული დაცვით მოახდინოს საქმის განხილვა. რათა გამოირიცხოს ის კითხვის ნიშნები , რომლებიც მოცემული საქმის განხილვისას პოლიტიკურ ინტერესთან დაკავშირებით არსებობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)