პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსენსუსს უნდა მიაღწიონ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსენსუსს უნდა მიაღწიონ

07 აპრილი, 2016

 

ხელმომწერ ორგანიზაციებს არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმომადგენლობას. შესაბამისად, ამ პირობებში გამოწვევად რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემო.

ბოლო არაერთი თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად მოვუწოდებდით მმართველ გუნდს, განეხორციელებინა ძირეული ცვლილებები აღნიშნული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად. მართალია, ბოლო პერიოდში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზნით არაერთი კანონპროექტი იქნა ინიცირებული (მათ შორისაა, სპეციალურ საარჩევნო უბნების, პრემიერ მინისტრის თანამდებობის პარლამენტის წევრობის კანდიდატთან შეუთავსებლობის რეგულაციების გადახედვა), თუმცა, აღნიშნული ცვლილებები ქაოტურად, არასისტემატიზირებულად და პოლიტიკური თუ არასამთავრობო სპექტრის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებთ არ განხორციელებულა ხელისუფლებაში პოლიტიკური ნების არქონის გამო.

მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში მომხდარმა ცვლილებებმა გააჩინა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიის განახლების და გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევის ახალი შესაძლებლობები.

ამ რეალობის გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთშიც კი შესაძლებელია კონსტიტუციური ცვლილებების გარეშეც არსებულზე უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება. ვითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რომელიც შეიძლება მოყვეს საარჩევნო კანონმდებლობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცვლილებას, თუმცა ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ინტერესი საქართველოში არჩევნები უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს გაცილებით მაღლა დგას.

ვფიქრობთ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევა იქნება. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით დაიწყონ კონსულტაციები. მზად ვართ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ხელი შევუწყოთ სხვადასხვა პარტიებს შორის პოზიციების დაახლოებას.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)

„ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF)