ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მსოფლიო ბანკის წარმომადგენელიც ადასტურებს

20 მარტი, 2015

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2015 წლის 19 მარტს გამოქვეყნებულ კვლევას მოვლენათა მოულოდნელ ჭრილში განვითარება მოჰყვა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტის მონაცემები უკვე მესამედ შეიცვალა. როგორც წინა განცხადებაში აღვნიშნავდით, ჩვენ მიერ შეცდომაზე მინიშნებიდან მალევე ფინანსთა სამინისტრომ ეს მონაცემი 3.2%-ის ნაცვლად 3%-მდე დაწია, ხოლო დღეს, 20 მარტს კვლავ 3.2% ნიშნულზე დააბრუნა. სამწუხაროდ, ამ ცვლილებას განმარტება არ მოჰყოლია, განსხვავებით 20 მარტის ცვლილებისგან, როდესაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადა, რომ 3.2%-ის დეფიციტს სამინისტროს საიტი მცირე ხნის განმავლობაში აჩვენებდა და რეალური მონაცემი 3%-ზე ნაკლებს შეადგენდა, რასაც ასევე ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს 19 მარტის განცხადება.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდი, 13 მარტი 2015

 

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდი, 19 მარტი 2015, 19:53 სთ.

 

 

 

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდი, 20 მარტი 2015

ამასთანავე, 20 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, რომ „დეფიციტის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხების ბრუნვა.“

იმავე პრესკონფერენციაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით კი, დეფიციტის დაანგარიშება უნდა მოხდეს იმ მიდგომით, რაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საუბრობდა, კერძოდ, მოიცავდეს გადასახადების დაბრუნების სპეციალურ ანგარიშზე განთავსებულ თანხებს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა, რომ დეფიციტი 2014 წელს 2,95 %-ს შეადგენდა და – არა 3.2.%-ს, როგორც ამას სამინისტრო კვლავ ამტკიცებს.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ საზოგადოებას განუმარტოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვლის მიზეზები.

ასევე იმედი გვაქვს, რომ ფინანსთა სამინისტრო აღიარებს ჩვენ მიერ აღნიშნულ პრობლემატურ საკითხებს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაში ეჭვს აღარ შეიტანს.

ჩვენ კვლავაც ველით ჩვენს მიერ დასმულ საწყის კითხვაზე პასუხის გაცემას, კერძოდ, რატომ მოხდა დაბრუნების ქვეანგარიშზე უპრეცედენტოდ დიდი თანხის 82 მილიონი ლარის შენახვა, მაშინ როდესაც ამ თანხის გამოყენება სხვაგვარად შეიძლებოდა.