გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შეფასება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ საპარლამენტო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა შეისწავლა 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2022 წლის 1 ივნისის პერიოდში.
კვლევა ეფუძნება პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას, ასევე პარლამენტის ვებგვერდზე არსებულ მონაცემებსა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.
ძირითადი მიგნებები
საბჭო აქტიურად იყო ჩართული თემატური მოკვლევის ჯგუფების მუშაობის პროცესში და ასევე ახორციელებდა ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების კონტროლს. საბჭოს წევრების მხრიდან პარლამენტს წარედგინა მათ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა მიღებაც დადებითად უნდა შეფასდეს ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
მეათე მოწვევის პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს სრულად ფორმირება დაგვიანებით განხორციელდა, რაც სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ხელშემშლელ გარემოებას წარმოადგენდა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება ვერ განხორციელდა, მაგალითად: კანონმდებლობის გენდერული ანალიზი, განმარტებით ბარათში გენდერული ზეგავლენის კომპონენტის დამატების საკითხი და ა.შ. მთავრობის მხრიდან არ ხდებოდა საბჭოსთვის ანგარიშების დადგენილ ვადაში წარდგენა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობისას შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა:
- დაინიცირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს „მსხვერპლის სტატუსის“, როგორც თავშესაფრის სერვისებით სარგებლობის წინაპირობის გაუქმებას;
- საბჭოსთან შექმნილმა ჯგუფმა, ექსპერტების ჩართულობით, შეიმუშავა კონცეფცია და მეთოდოლოგია პარლამენტის საქმიანობაში გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) ინტეგრირებისათვის;
- საბჭო მუშაობდა საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, მათ შორის, მარტოხელა მშობლის სტატუსის შეცვლის საკითხთან და „გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით;
- საბჭომ დაასრულა 2 თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; გაცემული რეკომენდაციებიდან სრულად შესრულდა 35, ნაწილობრივ - 14, ხოლო არ შესრულდა 23 რეკომენდაცია. მონიტორინგი მიმდინარეობს კიდევ ერთი თემატური ჯგუფის რეკომენდაციების შესრულებაზე.
გამოწვევები გენდერული თანასწორობის მიმართულებით:
- სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები არ სრულდება დადგენილ ვადაში. მიუხედავად იმისა, რომ გადაიდგა აქტიური ნაბიჯები გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის, საანგარიშო პერიოდში პარლამენტისთვის არ წარუდგენიათ საკანონმდებლო ინიციატივების გენდერული ანალიზი;
- ანგარიშვალდებული პირების მხრიდან დაბალია საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებისა და ამის თაობაზე ინფორმაციის საბჭოსთვის მიწოდების მაჩვენებელი;
- მთავრობა საბჭოს ანგარიშებს დადგენილ ვადაში არ წარუდგენს; ანგარიშების მოსმენის შემდეგ, არ ხდება საბჭოს მხრიდან რეკომენდაციების გაცემა;
- სამოქმედო გეგმაში საბჭოს აქტივობებისთვის გათვალისწინებული ინდიკატორები და ვადები ზოგადი ხასიათისაა.
რეკომენდაციები
კანონშემოქმედებითი პროცესი:
- მნიშვნელოვან ინიციატივებზე უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის გენდერული ზეგავლენის ანალიზი და სასურველია, ამ პროცესში კომიტეტების ჩართვა;
- პარლამენტის რეგლამენტში განმარტებითი ბარათის ერთ-ერთ კომპონენტად უნდა განისაზღვროს გენდერულ თანასწორობაზე ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ბიუჯეტის პროექტის გენდერული ანალიზი ყოველწლიურად, დროულად, უნდა ხორციელდებოდეს;
- კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, კერძოდ, ფემიციდთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ საბჭო უფრო აქტიურად დაინტერესდეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებით და ზედამხედველობის ფარგლებში გადადგას ეფექტური ნაბიჯები, მათ შორის, შემუშავდეს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც, სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდს სპეციალური ნორმით დაარეგულირებს.
საბჭოს საქმიანობის პროცესი:
- საბჭომ უნდა გააძლიეროს აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა, დაიბაროს უფლებამოსილი პირები სხდომებზე, გასცეს რეკომენდაციები და აკონტროლოს მათი შესრულება;
- საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირები პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას, საბჭოს უნდა წარუდგინონ შესაბამისი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, მოხსენებით წარსდგენ საბჭოს წინაშე;
- ღია მმართველობის საბჭოს მსგავსად, გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით უნდა განისაზღვროს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც დაკომპლექტდება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან;
- საბჭოს განცხადებები უნდა ქვეყნდებოდეს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
- მიზანშეწონილია, საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსით გაძლიერება, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება და კომიტეტებთან ერთად, კანონპროექტების გენდერული ანალიზის შემუშავების პროცესში ჩართვა.
