გამოკითხულთა თითქმის ნახევარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა

08 აპრილი, 2019

 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა.  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წარმოდეგენილ ე.წ. „ვალების განულების” ინიციატივას მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს პროგრამა უპირველეს ყოვლისა მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ხმების მოპოვების მცდელობა იყო. რესპოდენტთა უდიდესი უმრავლესობა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის საჭიროებას ხედავს.

გამოკითხულთა დიდი უმრავლესობის აზრით, ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმე” სამართალდამცველებმა საფუძვლიანად არ გამოიძიეს და ასეთ გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა კრედიტის აღებაში მსურველებს პრობლემები შეუქმნა. დაგროვებით საპენსიო რეფორმას გამოკითხულთა უფრო დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს, ვიდრე დადებითად და ამბობს, რომ სქემაში ჩართვის შედეგად ხელზე ასაღები ხელფასი შეუმცირდა. გამოკითხულთა დიდ უმრავლესობას არ მოსწონს როგორც ბაკალავრიატში მისაღებად ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულოობის, ისე სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა ასევე, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმირებულია, რომ „ფეისბუქზე” სპეციალური გვერდებია შექმნილი, რომლებიც ყალბ ამბებს ავრცელებენ და რომელთა უკან სავარაუდოდ ხელისუფლება და ოპოზიცია დგას. გამოკითხულების აზრით ქართული სატელევიზიო სივრცე პოლარიზებულია ატარებს რა წამყვანი მაუწყებლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მმართველი თუ ოპოზიციური პარტიების ინტერესებს.  მაღალია ასევე იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ხშირად ან პერიოდულად ერევა მედიის საქმიანობაში.

ეს და სხვა განწყობები გამოკვეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, რომლის ცდომილების ზღვარი +-  2.3% პუნქტის ფარგლებშია.  

საჯარო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე მოსახლეობის აზრი დეტალურად ქვემოთ არის მოცემული.

საარჩევნო და პოლიტიკური საკითხები

საქართველოს ახალი კონსტიტუციის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კლავ შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემით ჩატარდება, 2024 წლიდან კი პარლამენტი მხოლოდ პროპორციული წესით იქნება არჩეული. თითქმის ყველა პარტია, გარდა სახელისუფლებო „ქართული ოცნებისა”, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითხოვს.[1] ამ აზრს იზიარებს არჩევნებზე მომუშავე ყველა სოლიდური საზოგადოებრივი ორგანიზაცია და დამოუკიდებელი ექსპერტი.

ასეთივე პოზიცია აქვს მოსახლეობის 45%-ს და როგორც საზოგადოებრივის აზრის კვლევა აჩვენებს, პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას ემხრობა. 29% ამ საკითხის მიმართ გაუთვითცნობიერებულია და მხოლოდ 22%-ია წინააღმდეგი.

კვლევის ფარგლებში, ასევე, დავინტერესდით, როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და სამომავლო პოლიტიკურ საკითხებს. გამოკითხულთა აზრი თითქმის თანაბრად გაიყო საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების თაობაზე: გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა, 40%-ის აზრით კი - სამართლიანად.

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (40%) საარჩევნო დარღვევებს შორის ამომრჩევლის მოსყიდვას გამოარჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. „ვალების განულების” ინიციატივას მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს. ამავე დროს, გამოკითხულთა უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ეს პროგრამა უპირველეს ყოვლისა მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ხმების მოპოვების მცდელობა იყო და არა ჭარბვალიანობასთან ბრძოლა.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის 80% ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის საჭიროებას ხედავს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება

2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი გარჩევის დროს ორი მოსწავლე მოკლეს. ამ შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენების შემდეგ გადადგა ქვეყნის მთავარი პროკურორი, ასევე, პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია. საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (96%) ამ ფაქტი შესახებ ინფორმირებულია.

ამავე დროს, გამოკითხულთა 84%-ის აზრით, ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმე” სამართალდამცველებმა საფუძვლიანად არ გამოიძიეს.

გამოკითხულთა 79% ფიქრობს, რომ ზოგადად გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კარგი გადაწყვეტილება იქნება.

ახალი საკრედიტო რეგულაციები

კვლევის ფარგლებში, ასევე, დავინტერესდით ახალი საკრედიტო რეგულაციების შესახებ მოსახლეობის აზრით. გამოკითხულთა 64%-ს სმენია 2019 წლის პირველი იანვრიდან ეროვნული ბანკის მიერ სესხების გაცემაზე დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ.

აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ გამოკითხულთა 14%-მა სცადა ახალი კრედიტის აღება, რომელთაგან 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა.

საპენსიო რეფორმა

2019 წლის პირველი იანვრიდან კიდევ ერთი მასშტაბური სახელმწიფო ინიციატივა ამოქმედდა, რომელიც დაქირავებით დასაქმებულთათვის სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობას გულისხმობს. გამოკითხულთა 87%-ს სმენია ახალი საპენსიო სქემის შესახებ, თუმცა ამ ადამიანთა უმრავლესობა (53%) აღნიშნულ პროგრამას უარყოფითად აფასებს.

გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ ჩაერთო ახალ საპენსიო სქემაში. იმ პირთა 95%, რომელმაც თქვა, რომ დასაქმებულია, სმენია ახალი საპენსიო სქემის შესახებ და მასში ჩაერთო კიდეც, აცხადებს, რომ საპენსიო სქემაში ჩართვის შედეგად ხელზე ასაღები ხელფასი შეუმცირდა.

განათლების პოლიტიკა და ხარისხი

მიმდინარე წლის დასაწყისში განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ 2020 წლიდან უნივერსიტეტის ბაკალავრიატში მისაღებად ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება, ხოლო მომდევნო ორ წლის განმავლობაში სკოლის მე-11 და მე-12 კლასელთათვის დამამთავრებელი გამოცდები საერთოდ გაუქმდება. კვლევის ფარგლებში დავინტერესდით, რას ფიქრობს ამ საკითხზე საქართველოს მოსახლეობა.

გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება განათლების მინისტრის ინიციატივას და მიიჩნევს, რომ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო უნდა იყოს. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებას კიდევ უფრო მეტი მოწინააღმდეგე ყავს, კერძოდ, გამოკითხულთა 73%-ს არ სურს აღნიშნული გამოცდების გაუქმება.

 

2018 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა სასკოლო განათლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ქართული სასკოლო განათლების ხარისხი თითქმის არ შეცვლილა, მაშინ როცა ამავე პერიოდში ამ პროგრამის საბიუჯეტო დაფინანსება გაორმაგდა.

სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში დავინტერესდით რას ფიქრობს მოსახლეობა სასკოლო განათლების ხარისხზე. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (45%) სასკოლო განათლების ხარისხს საშუალოდ აფასებს, ხოლო გამოკითხულთა მესამედი - უარყოფითად.

 

საგარეო პოლიტიკა

კვლევის ფარგლებში, ასევე, დავინტერესდით მოსახლეობის აზრით ხელისუფლების მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსისა და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ. გამოკითხულთა მხოლოდ 16% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის პრორუსული. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (41%) ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, რუსეთთან და ევროპასთან ერთნაირად კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, მოსახლეობის 27%-ის აზრით, კი ხელისუფლება პროდასავლურია.

რაც შეეხება რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მოსახლეობის აზრი თითქმის თანაბრად არის გაყოფილი. გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. გამოკითხულთა 44%-ის აზრით კი, რუსეთი საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფოა, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს.​​​​​​​

მედია

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 36% ინფორმირებულია, რომ „ფეისბუქზე” სპეციალური გვერდებია შექმნილი, რომლებიც ყალბ ამბებს ავრცელებენ და რომელთა უკან სავარაუდოდ ხელისუფლება და ოპოზიცია დგას. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების  დროს, ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ათობით გვერდი შეიქმნა, რომელიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. 59% ამ გვერდების შესახებ არ არის ინფორმირებული.

ინფორმირებული 36%-დან კი 15% ფიქრობს, რომ ყალბი გვერდების უკან ხელისუფლება დგას, ხოლო 10%-ის აზრით ოპოზიცია. უმრავლესობამ კი, რაც 60% შეადგენს, არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.​​​​​​​

საინტერესოა, რომ 15%-დან, როლებმაც კითხვას, “თუ ვინ დგას ყალბი გვერდების უკან” “სხვა” უპასუხა, შემდგომი დაკონკრეტებისას თითქმის ნახევარმა, 46%-მა განმარტა, რომ  “სხვაში” “მთავრობასა და ოპოზიციას” მოიაზრებს.​​​​​​​

მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ ტელეკომპანია “იმედი” მთავრობის, ხოლო 63%-ის აზრით, “რუსთავი 2” ოპოზიციის ინტერესებს ატარებს. გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მთავრობის ინტერესებს გამოხატავს.​​​​​​​

რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა, მოსახლეობის აზრი, რამდენად თავისუფალია მედია ხელისუფლების გავლენისაგან. კითხვაზე, “რამდენად ერევა ხელისუფლება მედიის საქმიანობაში, რათა უზრუნველყოს მოვლენების მისთვის მისაღები ფორმით გაშუქება”, მოსახლეობის 31% ფიქრობს, რომ ხელისუფლება “ყოველთვის ერევა” მედიის საქმიანობაში, ხოლო 43%-მა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში “ხანდახან ერევა”.​​​​​​​


print