გამოკითხულთა მესამედი ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვიმმართველობა მის ინტერესებს არ გამოხატავს
ყოველი მესამე მოქალაქე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოები მის ინტერესებს არ გამოხატავენ. გამოკითხვამ, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” 2018 წლის მარტში განახორციელა, ცხადჰყო, რომ გამოკითხულთა 32% აზრით, ქალაქის მერი მათ ინტერესებს არ გამოხატავს, საკრებულოს შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი უფრო მეტია - 34%. შესაბამისად, მერების შემთხვევაში, გამოკითხულთა მხოლოდ 26% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მერი გამოხატავს მათ ინტერესებს, საკრებულოს შესახებ იმავე აზრს კი 22% იზიარებს.
2015 წლის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დადებითად აფასებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საქმიანობას - მაშინ მხოლოდ 11% ამბობდა, რომ მერი/გამგებელი გამოხატავდა მის ინტერესებს, საკრებულოს შესახებ კი ასე მხოლოდ 8% ფიქრობდა.
წინა წლების შედეგებთან შედარებით, არსებითი სხვაობა არაა მუნიციპალური სამსახურების მუშაობის შეფასებასთან დაკავშირებით. 2016 წლის გამოკითხვის შედეგების მსგავსად, მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობით გამოკითხულთა 41%-ია კმაყოფილი. უცვლელია იმ გამოკითხულთა რაოდენობაც, რომლებიც ქალაქებში არსებული გამწვანებული სივრცეებითაა კმაყოფილი - 51% ამბობს, რომ პარკებითა და სკვერებით კმაყოფილია, 46% კი უკმაყოფილოა.
2018 წლის გამოკითხვით, მოქალაქეთა ყველაზე დიდ უკმაყოფილებას მიუსაფარი ცხოველების პრობლემა (56%), პარკებისა და სკვერების ნაკლებობა და ქუჩების კეთილმოწყობის ხარისხი (46%-46%) იწვევს.