ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56 მლნ ლარი მიიღო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56 მლნ ლარი მიიღო

24 ივლისი, 2025

2014-2024 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა 56 მლნ ლარი მიიღეს. ამავე დროს, კარიჭაშვილის კომპანიებმა და კომპანიების დირექტორებმა „ქართულ ოცნებას“ 783 ათასი ლარი შესწირეს.

სოფლის მეურნეობის სუბსიდიები ვახტანგ კარიჭაშვილის 8 კომპანიამ მიიღო. ჯამურად მიღებული 56 მლნ ლარიდან, 25 მლნ ლარი მხოლოდ 2024 წელს მიიღეს. ყველაზე მეტი 10.8 მლნ ლარი შპს „ბოლერო ენდ კომპანის“ აქვს მიღებული. აქედან, 4.3 მლნ 2024 წელს მიიღო. შპს „ბოლერო ენდ კომპანის“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კომპანიას 10.2 მლნ ლარის წმინდა მოგება დარჩა.

2024 წელს სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან სულ 196 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა და ამ თანხის 13% მხოლოდ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა მიიღეს. ყველა ეს თანხა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებშია გაცემული.

2025 წლის 28 იანვარს ვახტანგ კარიჭაშვილმა რამდენიმე პირთან ერთად „საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია“ დააფუძნა. ის უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს შპს „მელიქიშვილი ინნ“-ს, რომელმაც 2024 წლის 17 ოქტომბერს მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო „აფიშა" გახსნა. სასტუმროს გახსნას ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ესწრებოდნენ. 2023 წლის ნოემბერში ვახტანგ კარიჭაშვილი უკრაინის მთავრობამ რუსეთთან თანამშრომლობის გამო დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. ვახტანგ კარიჭაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა.

ვახტანგ კარიჭაშვილის ორი კომპანია - შპს „ბოლერო ენდ კომპანი“ და შპს „GVMT Group“ საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტიორ 10 უმსხვილეს კომპანიაში შედის.

ვახტანგ კარიჭაშვილმა „ქართულ ოცნებას“ პირველად 2016 წელს შესწირა თანხა 120 ათასი ლარი. შემოწირულობა შპს „ბოლერო ენდ კომპანის“ სახელით განახორციელა. 2018 წელს მისმა კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „მილადა ინტერნეშინელმა“ შესწირა პარტიას 100 ათასი ლარი. სხვა დროს, „ქართულ ოცნებას“ თანხას მისი კომპანიების დირექტორები სწირავდნენ, ხუთმა დირექტორმა 563 ათასი ლარი შესწირეს 2017-2025 წლებში. აქედან ოთხმა, ირაკლი ბექაურმა (60 ათასი ლარი), დავით ბოჭორიშვილმა (40 ათასი ლარი), კახაბერ გაბეშიამ (30 ათასი ლარი) და გიორგი ბოლოთაურმა (10 ათასი ლარი), „ქართულ ოცნებას“ თანხა 2025 წელს შესწირეს.

ცხრილი: ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიები, რომლებმაც სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან სუბსიდიები მიიღეს.

 

სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან მიღბული თანხა, ლარი

დირექტორები და კომპანიები, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ თანხა შესწირეს

კომპანიები

2024 წ

2014-2024 წ

დირექტორი

ლარი

შპს „ბოლერო ენდ კომპანი“

4,324,337

10,788,125

ირაკლი ბექაური, დავით ბოჭორიშვილი, შპს „ბოლერო ენდ კომპანი“

567,000

შპს „გრუზვინპრომი"

3,602,446

10,102,300

მამუკა ფოთოლაშვილი

50,000

შპს „GVMT Group“

3,820,392

8,701,217

გიორგი ბოლოთაური

26,000

შპს „უნივერსალ სპირიტს“

3,450,976

7,806,173

ვლადიმერი ფოთოლაშვილი

 

შპს „მილადა ინტერნეშინელ“

3,275,450

7,112,053

შპს „მილადა ინტერნეშინელ“

100,000

შპს „საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანება“

3,275,378

6,755,768

ირაკლი ბექაური

 

შპს „ლამა 1“

3,275,450

3,275,450

გიორგი ბოლოთაური

 

შპს „ათენა"

281,116

1,599,707

კახაბერ გაბეშია

40,000

სულ

25,305,544

56,140,793

სულ

783,000

ინფორმაციის წყარო: https://www.companyinfo.ge; https://www.transparency.ge/politicaldonations/

print