კორუფციის გლობალური ბარომეტრი 2016: წვრილმანი კორუფციის დონე საქართველოში კვლავ დაბალია, თუმცა მთავრობის ანტიკორუფციულ პოლიტიკას მოსახლეობა არაეფექტურად მიიჩნევს
„კორუფციის გლობალური ბარომეტრი“ საზოგადოებრივი აზრის ყველაზე ფართო კვლევაა, რომელიც კორუფციის მხრივ მოქალაქეთა გამოცდილებას ეხება და რეგულარულად ქვეყნდება 2002 წლიდან. 2016 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამ კვლევას მეცხრედ აქვეყნებს.
ამ მაჩვენებლის სიმცირით საქართველო კვლევის ფარგლებში შესწავლილი 42 ქვეყნიდან მე-4 ადგილს იკავებს გერმანიის (2%), შვედეთითს (6%) და შვეიცარიის (10%) შემდეგ. საქართველოს შემდეგ ამ სიაში ბელარუსი (14%) და პოლონეთი (15%) მოდიან. შედარებისთვის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ამავე კითხვაზე მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: აზერბაიჯანში მოქალაქეთა 21% ასახელებს კორუფციას ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის, თურქეთში - 22%, სომხეთში - 37%, რუსეთში - 39%. რეგიონის ქვეყნებიდან ასევე აღსანიშნავია უკრაინა (56%) და მოლდოვა (67%).
კორუფციის მაჩვენებელი სახელმწიფო სერვისებში
კორუფციის გლობალური ბარომეტრის 2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 58%-ს ჰქონდა შეხება საჯარო მომსახურების 8 სფეროდან ერთ-ერთთან მაინც. აქედან 7%-ს საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გაუარესებულია 2013 წელთან შედარებით (როდესაც კორუფციის გლობალური ბარომეტრის ბოლო კვლევა გამოქვეყნდა), როცა ის 4%-ს შეადგენდა.
ბიზნესმენების გავლენა მთავრობაზე
კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხეს, აქვთ თუ არა მდიდრებს გადამეტებული გავლენა მთავრობაზე. მოსაზრებას, რომ მდიდარი პირები ხშირად იყენებენ თავიანთ გავლენას მთავრობაზე პირადი ინტერესებისთვის და რომ ამგვარი ქცევის პრევენციისთვის უფრო მკაცრი წესებია საჭირო, საქართველოში გამოკითხულთა 48% ეთანხმება. მდიდრების გადამეტებული გავლენა დიდ პრობლემად გამოკითხულთა 29%-ს მიაჩნია.
ანტიკორუფციული პოლიტიკის შეფასება
ასევე საყურადღებოა მოსახლეობის განწყობა ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ძალიან ცუდად ან საკმაოდ ცუდად უმკლავდება, ხოლო 26% ფიქრობს რომ ხელისუფლება ამ ამოცანას თავს საკმაოდ კარგად ან ძალიან კარგად ართმევს.
კვლევის ფარგლებში, გამოკითხულთა 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სოციალურად მისაღებია კორუფციის ფაქტების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ორგანოებისთვის მიწოდება, 29% კი ამ მოსაზრებას არ ეთნახმება, რაც ასევე დამაფიქრებელი მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ამგვარი შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე.
რეკომენდაციები
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ოთხი რეკომენდაცია მოამზადა, რომელთა განხორციელება კვლევაში განხილულ ქვეყნებში ხელს შუწყობს კორუფციის შემცირებას და მოქალაქეთა უფრო აქტიურ მონაწილეობას კორუფციასთან ბრძოლაში:
-
ლობირების სფეროში გამჭვირვალე წესებისა და ლობისტების საჯარო რეესტრების შექმნა, რათა მოქალაქეებს უკეთ შეეძლოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტროლი
-
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა (განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში), რაც გულისხმობს სასამართლოსა და პროკურატურაზე აღამსასრულებელი ხელისუფლების გავლენის შემცირებას, ასევე მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან დათხოვნის გამჭვირვალე და ობიექტური სისტემების შექმნას.
-
მამხილებელთა დაცვის უზრუნველმყოფი კანონმდებლობის მიღება და აღსრულება
-
მამხილებელთა და კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადოდ რეაგირება
საქართველოში კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით და რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მომზადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება სათანადო პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებს და გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად.