20 ოქტომბერი: ზუგდიდში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებული პირებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უკანონოდ ჩამორთმევა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
- ზუგდიდში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებული პირის ინფორმაციით (ამ პირმა ფაქტები პირად საუბარში გაუმხილა ჩვენს წარმომადგენელს), ხსენებულ დეპარტამენტში მათგან ითხოვენ ოჯახის იმ წევრების და ნათესავების პერსონალური მონაცემების შემცველი სიების წარდგენას, რომლებიც პარტია „ქართული ოვნებისთვის“ აპირებენ ხმის მიცემას, ხოლო ოპოზიციურად განწყობილ პირებს კი სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემას.
გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევას და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას ქვეყანაში მასშტაბური და სისტემური ხასიათი აქვს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. აქვე იკვეთება იმგვარი კანონდარღვევებიც, როგორებიცაა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2022 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილი ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების მასშტაბური სქემა კვლავ მოქმედებს. აუცილებელია ყველა ასეთი ფაქტის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.