განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (11:00 - 14:00)
განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (11:00 - 14:00)
ჩვენმა დამკვირვებლებმა 11 საათიდან 14 საათამდე შემდეგი სერიოზული დარღვევები გამოავლინეს:
-
ბათუმის ოლქის მე-17 უბანზე უკვე ოთხმა ადამიანმა ვერ მისცა ხმა იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველთა სიებში მათ გრაფაში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი;
-
მარტვილის ოლქის მე-3 უბანში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები;
-
დუშეთის ოლქის 25-ე უბანზე არ ჰქონდათ სამაგიდო სიები და რეგისტრატორები კედლის სიებს იყენებდნენ;
-
გარდაბნის ოლქის 27-ე უბანზე რამდენიმე ამომრჩეველმა იკითხა ვისთვის მიეცათ ხმა, რის საპასუხოდაც რეგისტრატორებმა უთხრეს, რომ 5-იანი შემოეხაზათ;
-
სიღნაღის ოლქის 28-ე და 29-ე უბნებზე საოლქო კომისიის წევრმა ვანო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს გადაღების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ აღნიშნულ უბნებზე მივიდნენ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები და მისცეს ხმა;
-
ჭიათურის ოლქის 57-ე უბანზე 32-ე უბნის ბეჭედი იყო მიტანილი და ელოდებიან მის გამოცვლას;
-
ქობულეთის ოლქის 47-ე უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი არ მუშაობდა, რის გამოც 70-მა ამომრჩეველმა შემოწმების გარეშე მისცა ხმა, ამ ეტაპზე ჩვენმა მობილურმა ჯგუფმა აღმოფხვრა პრობლემა და გამოაცვლევინა აპარატი;
-
სამტრედიის ოლქის 32-ე უბანზე ხმა მისცა 52-მა ამომრჩეველმა, ხოლო სიაში ხელი მოწერილი აქვს 51-ს, კომისიის შესაბამის წევრს მოეთხოვა ახსნა-განმარტების დაწერა და საჩივარი დაიწერა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.
„საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამკვირვებლებმა ამ დრომდე უკვე 22 საჩივარი დაწერეს.