დოკუმენტური ფილმი და დისკუსია უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის შედეგებზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

დოკუმენტური ფილმი და დისკუსია უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის შედეგებზე

03 ივლისი, 2014

1 ივლისს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „უცხოელებზე მიწის გასხვისების შეზღუდვის შედეგები“ პრეზენტაცია და ჩვენების შემდგომ დისკუსია „ევროპის სახლში“ გაიმართა.

ფილმი შეეხებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის შესახებ შეზღუდვით გამოწვეულ პრობლემებს, რომელიც მსხვილ ინვესტორებს შეექმნათ.

2013 წლის ივნისში, წინასწარი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე, საქართველოს მთავრობამ უცხოელებს მიწის ყიდვისა და მემკვიდრეობით მიღება 2014 წლის დეკემბრამდე აუკრძალა. საქმიანობის გაფართოება შეეზღუდათ ისეთ კომპანიებსაც, რომლებსაც მეტწილად ქართველი მფლობელები და მხოლოდ ერთი უცხოელი მეწილე ჰყავთ, როგორიც მაგალითად შატო მუხრანია.

ექსპერტების მოსაზრებით, ამჟამად უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაახლოებით 19 ათას ჰექტარ მიწას ფლობენ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 0.7%-ს შეადგენს. ეს მონაცემი ცხადყოფს იმას, რომ შეზღუდვის დაწესება წინდაუხედავი გადაწყვეტილება იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მათ სამეურნეო საქმიანობაზე ქვეყნის ორი მსხვილი პროექტის ინვესტორს ესაუბრა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელშიც ინვესტორები საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეაფერხა აკრძალვამ მათი ბიზნესის გაფართოება და, შესაბამისად, მეტი ადამიანის დასაქმება.

ჩვენების შემდგომ გამართული დისკუსიის მოდერატორი გახლდათ ტედ ჯონასი, იურიდიული კომპანია DLA Piper-ის პარტნიორი და ამერიკული სავაჭრო პალატის კომერციული სამართლისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ და მორატორიუმთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და კომპანია აგრიტექნიკს ჰოლდინგის დირექტორმა ფადი ასლიმ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მთავარმა იურისტმა ეკა ბოკუჩავამ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ.  აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ იაშაღაშვილმა.

ეკა გიგაურის თქმით „მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ინვენტარიზაცია და ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ჩვენ თავისთავად ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინვენტარიზაცია მოხდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან გონივრული რეგულაციებია საჭირო მაშინ, როდესაც საქმე შეეხება მიწის რეგისტრაციას.“

შეზღუდვის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიზანშეწონილად მიაჩნია ფადი ასლის, რომელმაც განაცხადა, რომ „ბიზნესისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას და პროგნოზირებადობას. ის გარემოება, რომ კანონდებლობა ასე სწრაფად იცვლება, ხელს უშლის ინვესტორების დაინტერესებას. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ისინი სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან საქართველოთი.“

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით ჩრდილოვან გარიგებებს არანაირი შეხება არ აქვს მიწის უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით: „თუ საუბარია იმაზე, რომ ვიღაც კორუფციული გზებით იგდებდა ხელში მიწას და შემდეგ ყიდდა, მას ეს შეუძლია გააკეთოს დღესაც; შეიძლება გააკეთოს ქართველმაც და უცხოელმაც. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მიწის უცხოელებზე მიყიდვას ავკრძალავთ და ამით ამ პრობლემას მოვაგვარებთ, არის უბრალოდ აბსურდი.“

მედიასთან კომენტარი გიგლა აგულაშვილმაც გააკეთა: „ვინც არ უვლის მიწას, არ იცავს ეროზიისაგან და ასე შემდეგ, ასევე მასზე უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო. თქვენ თუ გყავთ საკუთარი მანქანა, ის შეიძლება დააზიანოთ, ურტყათ ჩაქუჩი, მაგრამ მიწასთან მოპყრობის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენ მას გავუფრთხილდეთ. სამწუხაროა, რომ ჩვენი მოქალაქეებიც და უცხოელებიც არ უფრთხილდებიან ამ ქონებას, მიწის სახით.“

ფოტოები: ფილმის ჩვენება და დისკუსია