ENG

ნებაყოფლობითი ჩუქება თუ სახელმწიფო „რეკეტი“: 2008-2012 წლები

07 მაისი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 22 აპრილს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში საუბრობდა 2004-2007 წლებში კერძო და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოსთვის სიმბოლურ ფასად ნაჩუქარი ქონების შესახებ. იმ პერიოდში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 137 837 077 ლარი, 6 003 080 აშშ დოლარი და 10 100 ევრო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა 2008-2012 წლებში მომხდარი ჩუქების შემთხვევებიც. ამ პერიოდში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გამოვლინდა შემთხვევები, რომლებიც საფუძვლიან ეჭვებს ბადებს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულების შესახებ, ამასთანავე ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში ხშირ შემთხვევაში ქონების ღირებულება საერთოდ არ არის მითითებული.

2008 წელი

2008 წლის დოკუმენტში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ნუსხაში ავტომობილები დომინირებენ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს მიწის ნაკვეთებსა და სხვა ქონებას ჩუქნიან.  

ასე მაგალითად, ამ პერიოდში ორმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს ჯამში 86 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები გადასცა.  შპს „პლანეტა XXIII“ 1 785 988 აშშ დოლარის ღირებულების ტოიოტა ჰაილუქსი, ტოიოტა კოროლა, ტოიოტა ქამრი და ჰიუნდაი ტუქსონი (ჯამში 77 ერთეული) გადასცა სახელმწიფოს. შპს „დიონისე გ.ს.“-მ 506 100 აშშ დოლარის ღირებულების ტოიოტა ჰაილუქსი (21 ერთეული) და ტოიოტა ლენდკრუიზერი გადასცა სახელმწიფოს, შპს ავიაკომპანია „ევროლაინმა“ 186 098 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები აღრიცხა სახელმწიფოს სახელზე, ამავე პერიოდში შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ 1 453 370 ლარის ღირებულების ავტომობილები აჩუქა სახელმწიფოს, შპს „გუდვილმა“ კი სახელმწიფოს 1 675 717 ლარის ღირებულების 49 ერთეული ტოიოტა ჰაილუქსის მარკის ავტომობილები უსასყიდლოდ გადასცა.

2008 წელს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი უძრავი ქონების ნუსხაში გამოირჩევა რამდენიმე ფიზიკური პირი. ერთ ერთმა მათგანმა თბილისში რუსთაველის გამზირზე მდებარე 4 ფართი ჯამში 689 კვ. მ. უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. აღნიშნული ფართების საერთო ღირებულებად დოკუმენტებში 930 001 აშშ დოლარია მითითებული. ამავე პერიოდში მეორე ფიზიკურმა პირმა დედაენის პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1095 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართით 1370 კვ.მ. გადასცა სახელმწიფოს. ამ უძრავი ქონების ღირებულებად მითითებულია 700 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ეჭვს ბადებს როგორც ამ გარიგების ნებაყოფლობითობა, ასევე დოკუმენტებში მითითებული ქონების ღირებულებაც.

2008 წელს სახელმწიფოსთვის კომპანიების სამეწარმეო წილის გადაცემის შემთხვევებიც დაფიქსირდა, მაგალითად შპს „ჯეოსელის“ წილის მესაკუთრე კომპანიამ1 საწესდებო კაპიტალის 100% წილიდან 2,5% წილი სახელმწიფოს აჩუქა. წილის ღირებულებად ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 250 025 აშშ დოლარია მითითებული.

2009 წელი

ისევე როგორც 2008 წელს, 2009 წელსაც სახელმწიფოსთვის გადაცემული მოძრავი ქონების ნუსხაში ავტომობილები ლიდერობენ. ამ პერიოდში რამდენიმე საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. ორმა ფიზიკურმა პირმა 594 418 ლარისა და 21 000 აშშ დოლარის ღირებულების 17 ერთეული ავტომობილი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. 2009 წელს გამოირჩა ერთ ერთი ფიზიკური პირი, რომელმაც სახელმწიფოს 1 551 989 ლარის ღირებულების 42 ერთეული ავტომობილი საჩუქრად გადასცა.

2009 წელს ავტომობილები კომპანიებმაც უხვად აჩუქეს სახელმწიფოს. შპს „პლანეტა XXIII“-მ 308 580 ლარის ღირებულების 10 ერთეული ჰიუნდაი ტუქსონი გადასცა სახელმწიფოს. ს.ს. „თამ-მა” კი 339 570 ლარის ღირებულების 6 ერთეული ტოიოტა LC70 აჩუქა სახელმწიფოს. შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაომ“ სახელმწიფოს 231 880 ლარის ღირებულების 5 ფოლკსვაგენ პასატი გადასცა. ამავე პერიოდში კავშირმა „დოსტაქარი“ 3 102 139 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობები გადასცა სახელმწიფოს. დოკუმენტებში სამწუხაროდ არ არის მოცემული გადაცემული ქონების აღწერა და დეტალური ჩამონათვალი.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთმა“ სახელმწიფოს ქ. ფოთში მდებარე ქ. ფოთში, კოკაიას ხეივნის N1-ში მდებარე N2 შენობა ნაგებობიდან 572 კვ.მ. ფართი აჩუქა სახელმწიფოს. აღნიშნული ფართის საერთო ღირებულებად განსაზღვრულია 295 000 ლარი. კომპანია „CBR CAPITAL LIMITED“-მა ქ. თბილისში ფაღავას ქუჩა #16, ცისკრის ქ #11, მთავარანგელოზის ქუჩა #8/21 მდებარე 2057კვ.მ 2 615 000 ლარის ღირებულების არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

2010 წელი

2010 წელს ფიზიკურმა პირებმა სახელმწიფოს 989 892 ლარის და 301 000 აშშ დოლარის  ღირებულების ავტომობილები გადასცეს საჩუქრად. შპს „ავიასერვისმა“ სახელმწიფოს 1 982 280,74 ლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გადასცა. ერთ ერთმა ფიზიკურმა პირმა კი თბილისში ნუცუბიძის პლატოზე მდებარე 2000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, საერთო ღირებულებით 100 000 ლარი, გადასცა სახელმწიფოს.

ს.ს. „კავკაზუს აგროდეველოფმენთმა“ 379 335 ლარის ღირებულების სოფელ ლემშვენიერეში მდებარე 15 მიწის ნაკვეთი აჩუქა სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთების საერთო ფართი 689.6 ჰექტარს შეადგენს. შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხანამ“ ქ. თბილისში, თამარაშვილის ქ. N4ა-ში მდებარე 211,40 კვ.მ. ბინა გადასცა სახელმწიფოს. აღნიშნული ბინის ღირებულებად მითითებულია 270 000 ლარი.

2010 წელს ასევე დაფიქსირდა სახელმწიფოსთვის წილის ჩუქების ფაქტები, თუმცა სამწუხაროდ მათი ღირებულება დოკუმენტებში მითითებული არ არის. ამ კუთხით აღსანიშნავია სს „თამ თბილავიამშენშის“ შემთხვევა. ამ სააქციო საზოგადოების მეწილეებმა სახელმწიფოს 18 029 057 აქცია და 100% წილი გადასცეს საჩუქრად. ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებში აქციათა ღირებულება მითითებული არ არის. შპს „ბლოკ-ჯორჯიამ” სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცა საკუთარი წილები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მრავალ საავადმყოფოში (დეტალური სია იხ. დანართში).

2011 წელი

2011 წელს ფიზიკურმა პირებმა სახელმწიფოს 752 818 ლარის და 24 783 აშშ დოლარის ღირებულების მოძრავი ქონება გადასცეს საჩუქრად. იურიდიულმა პირებმა კი სახელმწიფოს 266 226 ლარის ქონება გადასცეს საჩუქრად.

ამ პერიოდში ასევე დაფიქსირდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოსთვის უძრავი ქონებისა და სამეწარმეო წილის ჩუქების ფაქტებიც, თუმცა სამწუხაროდ მოწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილია და უმეტეს შემთხვევაში ქონების ღირებულების დადგენა შეუძლებელია.

2012 წელი

ისევე როგორც წინა წლებში, 2012 წელსაც სახელმწიფოს როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები უსასყიდლოდ გადასცემდნენ სამეწარმეო წილებს, მოძრავ და უძრავ ქონებას. სამწუხაროდ ამ პერიოდში უმეტეს შემთხვევაში ნაჩუქარი ქონების ღირებულება მითითებული არ არის. ქონების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ცხრილები.

2004-2012 წლებში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 163 175 118,86 ლარი, 11 568 836,73 აშშ დოლარი და 10 100 ევრო შეადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაუკავშირდა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა იძულებით განახორციელეს. ჩვენი ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაზარალებულ პირებს და კომპანიების წარმომადგენლებს მიმართონ ჩვენი სამართლებრივი დახმარების ცენტრს.

შენიშვნა: ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ დაგვიკავშირდა რამდენიმე პირი, რომლებიც აცხადებენ, რომ მჩუქებელთა სიაში საკუთარი სახელი და გვარი აღმოაჩინეს. შესაძლებელია, რომ სიაში მითითებული პირების ვინაობა ემთხვეოდეს ცნობილი და სხვა პიროვნებების სახელებსა და გვარებს. თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში არ არის მითითებული მჩუქებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრები, შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მოვახდინოთ მათი ზუსტი იდენტიფიკაცია. 

სახელმწიფოსათვის ჩუქების ფორმით გადაცემული ქონების 2010 წლის ჩამონათვალში გასწორებულია ხარვეზი. კერძოდ, მოძრავი ქონების გრაფაში გიორგი ოქრუაშვილის ნაცვლად მითითებული იყო ირაკლი ოქრუაშვილი. 


1 სს „გურტელ ტელეკომუნიკაციონ იათრიმ ვე დის თიჯარეთ ანონიმ შირქეთი"

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“