ENG

ვინ არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატები

30 ივნისი, 2017

მას შემდეგ რაც ნათელა სახოკიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ინტერესთა კონფლიქტის გამო დატოვა, ვაკანტური ადგილზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში 8 კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ გასაუბრების შემდეგ პარლამენტს მეურვეობის 3 კანდიდატი წარუდგინა. პარლამენტმა ამ სამი კანდიდატიდან ერთი უნდა შეარჩიოს.

კონკურსში ყველაზე მეტი ქულა აკაკი გიგინეიშვილმა დააგროვა. გიგინეიშვილის CV-დან ჩანს, რომ ის საზოგადობერივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს კონსულტანტად, მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის არჩევისთანავე მოვიდა. მანამდე 2012-2016 წლებში ტელეკომპანია “იმედში” იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. “იმედშიც” მუშაობა ახალი მენეჯმენტის მისვლისას დაიწყო, კერძო, მას შემდეგ რაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ტელეკომპანია “იმედი” დაიბრუნა. დღემდე მუშაობს “კანარგო ჯორჯიაში” იურისტად. ნამუშავარი აქვს სხვადასხვა კერძო კომპანიებში: კომბიტეკში, აქსისში, ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანიაში, კანარგო ჯორჯიაში და ა.შ.

რაც შეეხება, ლელა ფირალიშვილს, ის 2014 წლიდან არის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, 2007-2008 წლებში მუშაობდა “ბანკ ქართუში” - პიარისა და მარკეტინგული კომინიკაციების კონსულტანტად. ნიშანდობლივია, რომ მისი ქმარი, ზაზა ფირალიშვილი, იყო საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ფირალიშვილი არის ასოცირებული პროფესორი და ეწევა სალექტორო საქმიანობას, აქვს გამოცდილება პიარისა და მარკეტინგის სფეროში.

გიორგი იაკობაშვილმა ლელა ფირალიშვილის მსგავსად, კონკურსზე 5 დადებითი და 3 უარყოფითი ხმა დააგროვა. იაკობაშვილი არის ვებგვერდი for.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოირჩევა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ “არასამთავრობოების წევრები არ გამოირჩევიან არც ინტელექტით, არც პროფესიული გამოცდილებით და ამ დროს კი მათ საზოგადოებაში სერიოზული ადგილი უკავიათ, ჭკუას ეკითხებიან, მათ აზრს ითვალისწინებენ. ამასთან, მოგზაურობენ, გადაადგილდებიან კარგი მანქანებით, აქვთ კარგი შემოსავალი და სოციალური სტატუსი.” აქვს საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობის გამოცდილება.

შენიშვნა: მასალის პირველ აბზაცში შეტანილია ცვლილება. თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ კონკურსში 5-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა.