თანამდებობის პირთა არადეკლარირებული კავშირები ბიზნესთან მარტვილის, მესტიის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წარმოგიდგენთ ინფორმაციას მარტვილის, მესტიის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.
კვლევის ფარგლებში 100-ზე მეტი დეკლარაცია იქნა შესწავლილი, რომელთაგან 7 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების, 3 შემთხვევაში კი შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა, რაც საჯარო სამსახურის ბიუროს სათანადო დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას თანამდებობის პირთა მიერ არასრულად წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების შესახებ, რაც კანონდარვევას წარმოადგენს და ამავდროულად, კორუფციის საფრთხეებსაც შეიცავს.
მარტვილის მუნიციპალიტეტი
ალექსანდრე გრიგალავა - მარტვილის მერი
ალექსანდრე გრიგალავას 2017 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი ლაშა გრიგალავა ფლობს წილებს და არის დირექტორი შემდეგ კომპანიებში:
შპს “ლაგი ჯგუფი” 50% წილის მფლობელი და დირექტორი
შპს “გეომარტ”33,3% წილის მფლობელი
შპს “ლაგი კაპიტალი” 25% წილის მფლობელი
შპს “დიდი მეგობრობა” 11,5% წილის მფლობელი
ზაალ გოროზია - მარტვილის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე
ზაალ გოროზიას 2017 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის “ჯეო ქარგოს” 100% წილის მფლობელი.
მესტიის მუნიციპალიტეტი
ზაურ ჩართოლანი - მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
ზაურ ჩართოლანს 2017 წლის 5 სექტემბერს წარდგენილ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ არის შპს “ტურისტულ ალპინისტთა კლუბი მთის ლეგენდა”–ს 12.5% წილის მფლობელი და კოოპერატივ “რკ სპადრიანი”–ს დირექტორი.
დავით რატიანი - მესტიის მერიის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი
დავით რატიანს 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი, დავით რატიანი არის შპს “ლაიკ ტურ ჯორჯიას” 50% წილის მფლობელი და შპს “სტანდარტ გრუპ გეორგიას” დირექტორი.
თეიმურაზ ნავერიანი - მესტიის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი
თეიმურაზ ნავერიანს 2017 წლის სექტემბერში წარდგენილ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ნინო ნიგურიანი არის შპს “გაბრიელის” 33% წილის მფლობელი.
აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ ნავერიანი დეკლარაციის შევსების შემდგომ, 2017 წლის 22 სექტემბრიდან გახდა შპს “ფინანსისტის” 34% წილის მფლობელი და დირექტორი, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.
ფოთის მუნიციპალიტეტი
მაია მაკალათია - ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის უფროსი
მაია მაკალათიას 2017 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს M.M.M. 100% წილის მფლობელი და დირექტორი
ხობის მუნიციპალიტეტი
ზვიად ბუკია - ხობის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
ზვიად ბუკიამ 2017 წლის სექტემბერში წარდგენილ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ ის ფლობს შპს “ფლორა და ფაუნას” 25% წილს.
თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარების შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.
პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით