ENG

საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაბალი რეიტინგები და გაზრდილი დაფინანსება

21 მარტი, 2016

 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სეზონი ნაწილობრივ განახლებული ბადით დაიწყო. მაყურებელმა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული თუ გასართობი გადაცემები იხილა. არხის ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის პრიორიტეტები საზოგადოებრივ აზრის კვლევის საფუძველზე გამოკვეთა, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 3000 ადამიანი გამოიკითხა. არხმა ასევე შეიმუშავა ტელეკომპანიის ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიანი გეგმა.

ცვლილებები გატარდა მაუწყებლის მენეჯმენტშიც. გადაცემა „კომუნიკატორის” წამყვანმა სერგი გვარჯალაძემ გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მაუწყებლობის დარგში - გოგა ჩართოლანი ჩაანაცვლა. ცვლილებები შეეხო საინფორმაციო სამსახურსაც.  ახალი და მიმდინარე ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პოზიციაზე პროფესიით პოლიტოლოგი - გიორგი გვიმრაძე დაინიშნა, ხოლო ჟურნალისტმა გიორგი ფუტკარაძემ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია 2016 წლის 4 იანვარს დაიკავა.

უკანასკნელი წლების მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მზარდია. 2015 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 40.8 მილიონი ლარი, ხოლო 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით სპონსორობიდან და პროდუქტის განთავსებიდან (Product Placement) შემოსულმა თანხამ დაახლოებით 123,500 ლარი შეადგინა. 1

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2014 წლის ანგარიშის თანახმად, არხის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.1 მლნ. ლარი შეადგინა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2014 წელსვე საზოგადოებრივი მაუწყებლისთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 38 მლნ. ლარი შეადგინა. 267,000 ლარი კი, არხმა დამატებით სარეზერვო ფონდიდან 26 მაისის ღონისძიების გასაშუქებლად მიიღოო. აღნიშნული თანხიდან ფონდს 74,000 ლარი უკან დაუბრუნა.

პირველი და მეორე არხების რეიტინგები

გატარებული ცვლილებების და გაუმჯობესებული ფინანსური მდგომარების მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით, 2015 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი გაუარესებულია. თუმცა, მეტად დაბალია ასევე 2014 წლის მაჩვნებლები.2 ამ საკითხთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუკავშირდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიმედია ბლოკის დირექტორმა თიკო ბერძენიშვილმა ჩვენთან საუბარში არხის დაბალი რეიტინგები რამდენიმე შესაძლო მიზეზით ახსნა: მონაცემების სისწორე, დაფარვის პრობლემა და კონტენტი. ბერძენიშვილის განმარტებით, მათ ჰქონდათ გარკვეული შეკითხვები რეიტინგების მთვლელ კომპანიასთან. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფარვის ზონა ზოგიერთ ადგილას არ წვდება, რამაც ასევე შეიძლება გავლენა იქონია რეიტინგებზე. ბერძენიშვილის განმარტებით, 2016 წლიდან მაუწყებელმა პროგრამა განაახლა და უფრო მრავალფეროვანი გახადა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წლიდან ახალ მთვლელ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა, მულტიმედია ბლოკის დირექტორის განმარტებით, შეკითხვები მათ ამ კომპანიასთანაც აქვთ.

I არხის აუდიტორიის წილის მაჩვენებელი (SHR%) დღის ეთერში (09:00-18:00) 2014 წლის განმავლობაში 3%-6%-მდე მერყეობდა. თითქმის მთელი 2015 წლის განმავლობაში მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, წლის ბოლოს კი 2%-ს ქვემოთ დაეცა.

პოპულარობით არ გამოირჩევა არც პირველი არხის საღამოს ეთერი. ამ შემთხვევაშიც ისედაც დაბალი რეიტინგის განსაკუთრებული კლება 2015 წლის სატელევიზიო სეზონის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის ივნისში დაფიქსირდა, როდესაც მაუწყებლის ეთერში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გადიოდა და მას ექსკლუზიურად მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყბელი აჩვენებდა.

მსგავს ტენდენციას ასევე ასახავს არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბე.” 2015 წლის მეორე ნახევრიდან გადაცემის გამოშვების რეიტინგი საგრძნობლად დაეცა და წლის ბოლოს წინა წლის იგივე მონაკვეთთან შედარებით განახევრდა.

კიდევ უფრო დაბალი რეიტინგი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ არხს 2%-ზე მაღალი რეიტინგი არ უჩვენებია, შესაბამისად, მინიმალურია მისი ზეგავლენა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

 

გაუარესებული მაჩვენებლების ფონზე საზოგადოებრივ მაუწყებელს 2016 წლის ბიუჯეტი

40,8 მლნ ლარიდან 44,1 მლნ ლარამდე იზრდება.

_________________________________________________________________________
1საზოგადოებირვ მაუწყებელს ჯერ არ გამოუქვეყნებია 2015 წლის სრული ფინანსული ანგარიში, რომელიც პარლამენტს მაისში წარედგინება. მასალაში მოყვანილი ფინანსური ინფორმაცია ორგანიზაციას, საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან.
2„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” რეიტინგის მაჩვენებლები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გამოითხოვა. წყარო: თი-ვი ემ-არ საქართველო; დამუშავებულია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.
 
ბლოგპოსტში შეცდომით იყო მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე პროფესიით პოლიტოლოგი - გიორგი გვიმრაძე დაინიშნა, ხოლო ჟურნალისტმა გიორგი ფუტკარაძემ, საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდუსერის პოზიცია დაიკავა. აღნიშნული შეცდომები ამჟამად ჩასწორებულია.
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“