ENG

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეკომენდაციები ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

07 მაისი, 2020

 

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა. წარმოგიდგენთ ჩვენი ორგანიზაციის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს ახალი ვალდებულებების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება პარლამენტს  ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინფორმირებას საკანონდებლო საქმიანობის შესახებ:

საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება - საპარლამენტო საინფორმაციო სისტემას უნდა დაემატოს საპარლამენტო კონტროლის ახალი მოდული, რომელიც, ამასთან ერთად, თვალსაჩინოდ იქნება დაკავშირებული პარლამენტის მთავარ გვერდთან. ამ ახალ მოდულში ადვილად დამუშავებად ფორმატში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია საპარლამენტო კონტროლის შესახებ.

მოქალაქეთა ჩართულობა საპარლამენტო ცხოვრებაში - პარლამენტის შენობაში შესვლის აკრძალვის ერთადერთ მიზანს მხოლოდ უსაფრთხოების დაცვა უნდა წარმოადგენდეს და ამ მიზნით უნდა ხდებოდეს შენობაში შემსვლელ პირთა შემოწმება; პარლამენტის შენობაში მოქალაქის მოხვედრა ვინმეს დისკრეციული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს.

პარლამენტის ანგარიშვალდებულის ხარისხის გაუმჯობესება - 2019 წელს პარლამენტმა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავა  პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის  და კომიტეტების ანგარიშების ერთიანი ფორმა. გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კონკრეტული მონაცემების თვალსაჩინოებისათვის მიზანშეწონილია, რომ აღნიშნულ ანგარიშებში წარმოდგენილი იყოს დამატებითი ინფორმაცია.